Latest posts by Aliq Media (see all)
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მარნეულში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
სიტყვით გამოსვლისას ის ახალგაზრდებს დაჰპირდა, რომ პრეზდენტად გახდომის შემთხვევაში საპრეზიდენტო ფონდიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საზღვარგარეთ განათლების მისაღებად კვოტები იქნება გამოყოფილი. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება კვოტირების სისტემა, რომ უმცირესობების წარმომადგენლებს იქ მუშაობის ან სტაჟირების გავლის საშუალება ჰქონდეთ.
„ამოსავალი წერტილი არის ის, რომ არაქართულენოვან ახალგაზრდებს ჰქონდეთ ამ თანხით გარანტირებული დაფინანსება. როგორ, რა დოზით და რანაირად ეს ყველაფერი გვინდა რომ სწორედ ახალგაზრდებთან ერთად გადავწყვიტოთ და მათ შორის ამიტომაც გავმართეთ დღევანდელი ეს შეხვედრა.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის თქმით, ის რომ განათლების მინისტრი ყოფილიყო, იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტში ჩასარიცხად არჩევანი ერთ თბილისელ და ერთ მარნეულელ ახალგაზრდას შორის უნდა გაეკეთებინა, ის მარნეულელ ახალგაზრდას აირჩევდა.
„მე მიმაჩნია, რომ ასეთი პოზიტიური დისკრიმინაცია, თუ ეს პოზიტიური დისკრიმინაციაა, საჭიროა იმიტომ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავლის პერსპექტივა ჰქონდეს ყველას და არა მხოლოდ იმ ახალგაზრდას რომელსაც არა აქვს ენის პრობლემა ან შედარებით ნაკლებად აქვს ფინანსების გადახდის პრობლემა”, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.