Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის ფონზე თბილისსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა დღითი დღე უარესდება. „აგენტების კანონის“ და სხვა ანტიდემოკრატიული კანონების მიღების, ასევე ანტიდასავლური რიტორიკის გაღრმავების ფონზე, გასულ კვირას თბილისში დასავლეთის დაპირებული გაფრთხილებები ჩამოვიდა. ფაქტობრივად, დასავლეთი თბილისთან ურთიერთობას გადახედავს, თუმცა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დასავლეთის ამ ნაბიჯს „გაუგებარს“ უწოდებს.
კავკასია სწრაფად ცვალებადი რეგიონია. დასავლეთს რეგიონში ერთადერთი დასაყრდენი საქართველო ჰყავდა და პირიქითაც, საქართველოს რეალური სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე ევროკავშირი და აშშ იყო. ახლა, მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე ჩნდება რეალისტური საფრთხე, რომ საქართველო რეგიონში მარტო დარჩეს, როგორც სამხედრო და პოლიტიკური ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამის შესახებ „ალიქ მედია ჯორჯიას“-თან საუბარში განუცხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა გიორგი კობერიძემ.
მისი თქმით, ისეთი მოთამაშეები, როგორიც რუსეთი, ირანი და ჩინეთია არ წარმოადგენენ პატიოსან აქტორებს და ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიის საფრთხეს ქმნიან. ჩინეთის შემთხვევაში თუკი ეს ეკონომიკური მახე შეიძლება იყოს, რუსეთი პირდაპირ აგრესიასაც არ ერიდება.
კობერიძე ამბობს, რომ, როგორც არ უნდა იყოს ჩინეთი დახასიათებული სტრატეგიულ პარტნიორად, პეკინის უახლესი პოლიტიკური ისტორიიდან ვიცით, თუ როგორც იყენებს ის მისი “მოკავშირეების” რესურსებს და როგორ აქცევთ მათ მარიონეტულ სახელმწიფოებად, თავისი კორუმპირებული ელიტებითურთ. ეს უკვე ვნახეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – პაკისტანში, შრი-ლანკაში, ლაოსში, კამბოჯაში და სხვა – და ცენტრალურ აფრიკაში. კობერიძემ დასძინა, რომ ჩინეთი ის მოკავშირე არაა, რომელიც რუსეთის ინტერესებს კავკასიაში ბოლომდე უკუაგდებს. შუა აზიაში ჩინურმა ეკონომიკურმა ექსპანსიამ რუსული გავლენა ბოლომდე კი არ უკუაგდო, არამედ რუსულ გავლენასთან ერთად დაიწყო თანაარსებობა.
“სწორედ ამ ვითარებაში აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებით და ყველაფერი გააკეთოს, რომ არ მოხვდეს საქართველო იმ გეოპოლიტიკურ პერიფერია-სასაზღვრო სივრცეში, სადაც დასავლეთისა და ჩინურ-რუსული ინტერესები გადაიკვეთება და ჩვენ ამ უკანასკნელის ბანაკში აღმოვჩნდებით. ეს მხოლოდ დაგვაზარალებს”,- თქვა კობერიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ბოლო წლებში არამხოლოდ რიტორიკა აქვს ანტიდასავლური, არამედ პოლიტიკაც.
“ამას კი დაემატა ისეთი კანონის მიღება (“აგენტების კანონი”-რედ.), რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიული და დასავლური ღირებულებებისათვის. სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე დარტყმა პოლიტიკური ნაბიჯია, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მოტანა, რომ არ შეუძლია ეს რუსეთშიც კი გამოჩნდა, სადაც მსგავსი კანონის შემოღებას ტვინების გადინებასთან ერთად ტოტალიტარული მმართველობის დამყარება მოჰყვა. ყველა ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის. როგორც მკაცრი მწვრთნელი კარგ სპორტსმენს”.
კობერიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები დასავლურ დონაციაზე იყო აგებული. დასავლეთი ეხება საქართველოს უსაფრთხოებასაც.
“უცხოური ვალუტის შემოდინება ლარის კურსის შენარჩუნებაზე დადებითად მოქმედებდა და მოქმედებს. თუკი საქართველოს დასავლეთიდან აღარც დახმარება ექნება და ტურიზმიც შემცირდება, ეს ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველოს მთელს ეკონომიკასა და რიგით ადამიანზე. ტურიზმმა შორეული აზიიდან და ჰიპოთეტურ ჩინურმა ინვესტიციებმა შეუძლებელია ჩაანაცვლოს დასავლური რამდენიმე ათწლეულის უწყვეტი დახმარებათა ჯაჭვი”-დაასკვნა კობერიძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაგეგმილი „Noble Partner“ სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ვაშინგტონის თქმით, მიზეზი საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვაა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე, ახლა საფრთხის ქვეშაა მმართველი პარტიის ქმედებების გამო.
აშშ-ის ამ ნაბიჯის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გააყინა საქართველოსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდს (EPF) უნდა გადაერიცხა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სფეროში დახმარების შეწყვეტასთან, არ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მოლოდინს ურთიერთობების აღდგენის თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება ემსახურებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მისი გაყინვის გადაწყვეტილება გაუგებარია.