კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პანდემია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორი გახდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითიზოლაციასა და კარანტინში აღმოჩნდა. ამ პროცესმა კი სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვია. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში სრულიად მარტო აღმოჩნდა.
ოჯახში ძალადობა არის სისტემური მოქმედებების ერთობლიობა, რაც გამოიხატება რეგულარული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ზეწოლით ქმარსა და ცოლს, მშობლებსა და შვილებს, ან ოჯახის სხვა პირებს შორის.
ოჯახში ძალადობა ხშირად გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიკური არასტაბილურობით. კერძოდ, რაც უფრო დაბალია ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, მით მეტია დამცირებისა და ძალადობის ალბათობა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვისი ძირითადი საქმიანობაც სოფლის მეურნეობა და სხვა კერძო ბიზნესი იყო, დარჩნენ უმუშევარნი, შესაბამისად შემოსავლის წყაროს გარეშე. კერძოდ, როდესაც რეგიონში კორონა ვირუსის გამო მთავრობამ გადაწყვიტა მთელი რაიონის ჩაკეტვა, წარმოიქმნა მრავალი სოციალური და ოჯახური პრობლემა.
პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანის მცხოვრები.
”სოფელ შაუმიანში, ისევე როგორც რაიონის სხვა სოფლებში, მთავარი სამუშაო და ფულის შოვნის გზა ხილის, ბოსტნეულისა და სხვა საკვები პროდუქტების სომხეთსა და რუსეთში რეალიზება იყო. აქ დასაქმებულები ძირითადად კაცები არიან, ქალებს კი ოჯახური საქმეები ევალებათ ”.
„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ხალხი სასოწარკვეთილ ვითარებაშია. ვირუსით გამოწვეულმა ვითარებამ გავლენა მოახდინა ჩვენს რეგიონში მრავალი ადამიანის „ჯიბეზე“ და ოჯახის ბიუჯეტზე“, – ამბობს სოფლის მკვიდრი და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
„ჩემი ქმარი პანდემიამდე საკვები პროდუქტების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული, თუმცა საზღვრების დაკეტვის შემდეგ უმუშევარი დარჩა. აღნიშნული ფაქტი მძიმედ მოქმედებს ადამიანებზე ფსიქიკურადაც. მე არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის გამოა. მე ვმუშაობ და ამ თვეების განმავლობაში ხელფასი მივიღე. ოჯახში არ გვიჭირს, მაგრამ უბრალოდ უსაქმოდ დარჩენამ თავისი უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩემს ქმარზე. მსგავსი სიტუაციები კაცებს მეტად ნერვიულს ხდის, ქალებს კი მათი აგრესიის მსხვერპლად“, -აღნიშნავს რესპონდენტი.
მისი თქმით სიტუაციიდან გამომდინარე აგრესიის მსხვერპლნი უპირველს ყოვლისა აღმოჩნდნენ ბავშვები.
”რთულია ბავშვს აუხსნა, თუ რატომ ვერ შეიძლება მშობელმა უყიდოს ის, რაც სურს, იქნება ეს საკვები თუ სათამაშო”, – ამბობს შაუმიანის მკვიდრი და აღნიშნავს, რომ ის ხშირად მოწმე ხდება მშობელთა დავებისა, როცა ბავშვს რაღაცის შეძენა სურს მაღაზიაში, ხოლო მშობლებს ამის საშუალება არა აქვთ.“ გარდა ამისა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ თუ ქალი არ მუშაობს და არ აქვს საკუთარი შემოსავლის წყარო, იგი კრიზისის დროს უფრო დაუცველი ხდება, მისი აზრი და საჭიროებები კი უგულველყოფილია. მან უნდა შეასრულოს ქმრის ბრძანებები,”- დასძინა მან.
ეკონომისტების ანალიზი აჩვენებს, რომ ფინანსური კრიზისი დიდხანს გაგრძელდება და დიდ ძალისხმევას საჭიროებს ეპიდემიით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რთულ სოციალურ სიტუაციაში მნიშნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური სოციალური პროგრამების განხორციელება.
სტატია მომზადებულია პროექტ „Covid-19-ს ფონზე ოჯახური ძალადობის რისკების შემცირება/პრევენცია თვითიზოლაციაში მყოფი ქალებისთვის მარნეულში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ფრეიას“ მიერ „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ფინანსური მხარდაჭერით.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021