მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა და მთელი ცივილიზებული სამყარო უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდა. დღესდღეობით, ამ დაავადების ვაქცინა შექმნილი არ არის და კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად აუცილებელი ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანციის დაცვაა. სახლი კი ბევრი ადამიანისთვის უსაფრთხო გარემო სულაც არ არის. პანდემიის ჟამს ერთ-ერთ სერიოზულ რისკ-ჯგუფს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები წარმოადგენენ, რომელთა მიმართ ძალადობის ალბათობა, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმების შესუსტების პირობებში, კიდევ უფრო იზრდება.
ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას, სწორედ ოჯახში, ქალთა მიმართ ძალადობა წარმოადგენს, რომელსაც ფარული და ხანგრძლივი ხასიათი აქვს და ხშირ შემთხვევაში, მასთან ასოცირებული ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა გვიან ან საერთოდ არ ხდება.
ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრზე განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური თუ ეკონომიკური ძალადობა, ასევე იძულება და უგულებელყოფა.
“2020 წლის პირველ კვარტალში პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა გაზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი”, – ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოხსენებაში.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, გამოწვევას წარმოადგენდა მსხვერპლის მიერ პოლიციისადმი შეუტყობინებლობის შესაძლებლობა მოძალადესთან ფიზიკური სიახლოვის გამო. სწორედ ამიტომ, 15 აპრილს გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც ე. წ. ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით ოპერატორთან შეტყობინების გაგზავნის ინსტრუქციას შეიცავდა. აღნიშნული აქტივობის შემდგომ 3 000-ზე მეტმა აბონენტმა გადმოწერა აპლიკაცია და გაიზარდა სერვისის გამოყენების შემთხვევები.
პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის გაზრდასთან დაკავშირებით ფსიქიოლოგი თეო გუბიანური ამბობს, რომ „თუ აგრესიის წინაპირობა არ ჰქონდათ, მხოლოდ პანდემია ამას არ გამოიწვევდა“.
„მდგომარეობა, რაც იყო და რაშიც მოვხვდით, ისეთი საშიში აღსაქმელია, რომ ადამიანი ინსტიქტურად მოქმედებს. პანდემიამ ყველა ის პატარა პრობლემა წარმოაჩინა და გაამწვავა ოჯახში ძალადობის კუთხით, რაც აქამდეც არსებობდა თუმცა ნაკლებად ხილული იყო.“, – ამბობს ფსიქიოლოგი.
თეო გუბიანურის თქმით „ცოლ-ქმარს შორის პატარა უთანხომებაც კი პანდემიამ შესაძლოა დიდ კონფლიქტად გარდაქმნას. აგრესიის მსხვერპლნი მარტო დარჩნენ მოძალადის პირისპირ.
„ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება გახდეს, მაგალითად ოჯახის ერთ წევრს სურს გარეთ გასვლა, მეორე წევრი კი უკრძალავს. ეს მცირე დეტალიც კი შეიძლება გახდეს ძალადობისა და აგრესიის გამომწვევი“-ამბობს ფსიქოლოგი.
თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, დაუკავშირდით “112”-ს ერთიან საგანგებო ნომერს, ან გამოიყენეთ 112-ის მობილური აპლიკაცია, ხოლო მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006.
სტატია მომზადებულია პროექტ „Covid-19-ს ფონზე ოჯახური ძალადობის რისკების შემცირება/პრევენცია თვითიზოლაციაში მყოფი ქალებისთვის მარნეულში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ფრეიას“ მიერ „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ფინანსური მხარდაჭერით.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021