COVID-19-ით გამოწვეული მკაცრი კარანტინი და ნოსტალგია

ფოტო შექმნილია სოფია სტავროგინას მიერ „კავშირი ფრეიასთვის“ 2020

კარანტინის დღეებმა მარნეულში მცხოვრები ქალების უხილავი შრომა გააორმაგა, თუმცა ასევე დრო გამოჩნდა აზერბაიჯანულ „სემავერის ჩაის“ 1 სუფრასთან ძველი და ახალი მდგომარეობის შედარებისთვის.

„მიუხედავად ბევრი რამის ცოდნისა, ყოველთვის თავს ვიკავებდი აქტიურობისგან.
მორჩილება დასწავლადია და მეც მორჩილად, „ნამდვილ ქალად“ ვიყავი აღზრდილი“ –
ამბობს 47 წლის ხანუმ მამედოვა.

ხანუმ მამედოვა 47 წლის, მარნეულელი ქალია. ხანუმმა სამსახური მას შემდეგ დაკარგა,
რაც მარნეული ჩაიკეტა და მკაცრ საკანტინო ზონად გამოცხადდა. იგი უკვე 2 თვეზე
მეტია სახლშია და სახლის საქმეებითა თუ ოჯახზე ზრუნვითაა დაკავებული.
მამედოვა პროფესიით ბუღალტერია. მას უმაღლესი სასწავლებელი საბჭოთა კავშირის
დროს აზერბაიჯანში,როგორც თვითონ ამბობს, წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული.
სამწუხაროდ მას თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. როგორც თვითონ ჰყვება,
სწავლის დამთავრებისთანავე მარნეულში თავის სოფელში დაბრუნებიდან მოკლე
ხანში დაოჯახდა.

„დღეს მე ძალიან მიკვირს ადრეული ქორწინება და ოჯახის ასეთი მიდგომები, რომლებიც გოგოს ადრეულ ასაკში გათხოვებას ან მოტაცებას გულისხმობს. მე მახსოვს ჩემს დროს თითქმის ყველა ამთავრებდა საშუალო სკოლას და სოფლებიდან ვისაც ფინანსური საშუალება ჰქონდა აუცილებლად აზერბაიჯანში ან რუსეთში მიდიოდა განათლების მისაღებად. ეს წესი ასევე ეხებოდა გოგოებსაც, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი
ტექნიკუმში სწავლობდა. მე თვითონ კი 3000 ბიჭთან ერთად ვსწავლობდი ფაკულტეტზე და ჯგუფში სულ რამდენიმე გოგო იყო“ – ამბობს ხანუმი.

ხანუმის თქმით, მის ახალგაზრდობაში მიღებული იყო გოგოს სოფლიდან შორს წასვლა,
დამოუკიდებლად ცხოვრება და განათლების მიღება. ხანუმს უმაღლესი სასწავლებელი
22 წლის ასაკში აქვს დასრულებული. დაძაბულ პერიოდში სოფელში დაბრუნებული
ახლაგაზრდა გოგო იმავე წელს ოჯახებმა საერთო შეთანხმებით დანიშნეს მისსავე
ნათესავზე. როგორც თვითონ ჰყვება სასიძოს ოჯახის უფროსებმა გააკეთეს არჩევანი
მასზე და მათივე რჩევით შედგა შეთანხმებაც ქორწილზე.

დღეს ხანუმი უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც დაოჯახებულია. ის აღნიშნავს, რომ ეს
წლები სირთულეებით იყო აღსავსე.

„მაშინ ჩვენს საზოგადოებას ახასიათებდა დიდ ოჯახად ცხოვრება, რაც საკმაოდ რთული
იყო. სანამ ჩემი მული გათხოვდებოდა, ერთ სახლში, სხვადასხვა თაობის 11 ადამიანი
ვცხოვრობდით ერთ ოჯახად. მაშინ სამსახური შემომთავაზეს, შვილი პატარა მყავდა და
მამამთილის ბრძანებით სახლში დავრჩი. მე წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ
მქონდა, ვინაიდან ის იყო ოჯახის უფროსი. მე და ჩემმა მეუღლემ კი გავაგრძელეთ
სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობა.“- ამბობს მამედოვა.

ხანუმი დაოჯახების მე-5 წლის თავზე მარნეულში გადავიდა საცხოვრებლად და ჯერ სახლში მერე კი, გარეთაც დაიწყო მუშაობა. პროფესიით არასდროს უმუშავია. როგორც თვითონ აღნიშნავს ამის მიზეზი ისეთი ნაცნობის არ ყოლა იყო, რომელიც დაასაქმებდა. ჯერ ბაზარში ვაჭრობა მერე მაღაზიაში მუშაობა დაიწყო. დაახლოებით ათი წელიწადი იმუშავა, თუმცა პანდემიამ მისი ბედი შეცვალა.

„მარნეულში საცხოვრებლად ტანსაცმლის ერთი ჩანთით ჩამოვედით. სახლი
დავაქირავეთ და ორივემ (მე და ჩემმა მეუღლემ) მუშაობა დავიწყეთ. ურთულესი წლები
იყო. დღეს ჩემს სახლში რომ ვზივარ დიდი ბედნიერება მგონია ეს და ყველას ვუსურვებ,
რომ საკუთარ სახლში იცხოვრონ. ბაზარში, რომ ვმუშაობდი შუადღეს ვბრუნდებოდი
სალხში და რადგან ქალი ვიყავი ყველაფერის კეთება მე მევალებოდა. ჯერ საჭმლის
მომზადება, რის გამოც ხშირად დილით ძალიან ადრე მიწევდა გაღვიძება, რომ სახლში დაბრუნებულ მშიერ ოჯახის წევრებს მაცივარში საჭმელი დახვედროთ. მერე დალაგება, გარეცხვა გაუთოვება. ეს იყო ჩემი ორმაგი შრომა-შინ და გარეთ.“

„ქალს ზრდიან მორჩილად. ამოტომაც ქალმა არ იცის, რომ აქვს დასვენების უფლება, ან
შეწინააღმდეგების უფლება („არა“-ს თქმის უფლება). მე ბევრჯერ ვყოფილვარ ოჯახში
ძალადობის მსხვერპლი. ამის თქმა არ მერიდება, რადგან ბევრია ჩემს გარჩემო ასეთი. ეს
ნორმალური მეგონა ერთ დროს რადგან ქალს უნდა მოეთმინა ოჯახის გამო ყველაფერი“-
ამბობს ხანუმი.

მამედოვა იმასაც ამტკიცებს, რომ ქალს ყველაზე მეტად ეკონომიკური
დამოუკიდებლობა აძლიერებს. მისი თქმით თავისი ფული თუ აქვს ქალს მას
ყველაფერი შეუძლია. აქვე კი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც კი აუცილებელია, რომ
ქალებმა იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ და დაძლიონ უპირობო მორჩილება.
ხანუმი ქალებს ფინანსურ დამოუკიდებლობისა და საკუთარი უფლებების ცოდნისკენ
მოუწოდებს.

ავტორი: შალალა ამირჯანოვა
ინტერვიუ მთავარ გმირთან ანონიმურადაა ჩაწერილი შესაბამისად რესპონდენთის
სახელი და გვარი თემატურადაა შერჩეული.

სტატია მომზადებულია პროექტ „Covid-19-ს ფონზე ოჯახური ძალადობის რისკების შემცირება/პრევენცია თვითიზოლაციაში მყოფი ქალებისთვის მარნეულში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ფრეიას“ მიერ „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ფინანსური მხარდაჭერით.