ბიჭები რუსეთში – გოგოები კი თხოვდებიან

ახალაქალაქის სოფელ ბუღაშენის მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს, თუმცა ამის მიუხედავად მცხოვრებლები პრობლემებზე არ ჩივიან.

„ბიჭები რუსეთში ფულის საშოვნელად მიდიან, გოგოები კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ფეხს უწყობენ და ინიშნებიან“– ყვება სკოლის მასწავლებელი- შუშან პალიანი.

„შარშან 11 კურსდამთავრებული გვყავდა, სწავლის გაგრძელება მათგან მხოლოდ ორმა გადაწყვიტა. მათგან ერთი ერევანში მეორე კი თბილისში წავიდა სასწავლებლად. ბავშვები ცუდად არ სწავლობდნენ, მაგრამ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ” -ამბობს შუშან პალიანი.

სოფელში სულ 125 ოჯახი ცხოვრობს. შემოსავლის ძირითადი წყარო მათთვის რუსეთში გამგზავრებაა. სოფლის მოსახლეობის უმეტესობა კი მეცხოველეობით და მიწათმოქმედებით არის დაკავებული, თუმცა ამ სექტორიდან მიღებული თანხა ბუღაშენის მოსახლეობას არ აკმაყოფილებს.

სააგენტო jnews.ge.– ის ინფორმაციით, ბუღაშენში, ისევე როგორც ახალქალაქის რაიონის სხვა სოფლებში – მიგრაციამ თავისი შედეგები გამოიღო, თუმცა სოფლის სკოლის გარემონტების შემდეგ მიგრაციის სალდო საგრძნობლად დაეცა.

„სოფლის სკოლის გარემონტების პარალელურად მიგრაციის ნაკადი შემცირდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი სოფელს მაინც ტოვებს. ძირითადად ისინი რუსეთში ან სომხეთში მიდიან ” – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

სკოლის პედაგოგის განმარტებით, „ თითქმის ულუკმა პუროდ დარჩენილი მოსახლეობა ფულის საშოვნელად რუსეთში თუ არ გაემგზავრა, კარტოფილის მოყვანით ცხოვრებას ვერ შეძლებს“.

ბუღაშენში არ არის მედპუნქტი, მაგარმ სოფელს ჰყავს ექთანი. რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა სკოლაში – სკოლის კეთილმოწყობილი სამედიცინო პუნქტი თანამშროლის გარეშე ფუნქციონირებს.

Leave a Reply