Latest posts by Aliq Media (see all)
ვაზის ფოთლით, კომბოსტოთი, ბადრიჯნით, საზაფხულო, სქელი, თხელი… უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ ჩამონათვალი იმ კერძის სახეობებისა, რომელსაც სხვადახვა ეროვნების ადამიანები თავიანთ ტრადიციულ კერძად მიიჩნევენ. მაგრამ მნიშვნელოვანი არა ტოლმის წარმოშობაა, არამედ ის სასიამოვნო ატმოსფერო, რომელიც მის გარშემო შეიქმნა.
30 ივლისს, აჭარის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სურბ ფრკიჩ ეკლესიის ეზოში ტოლმამ თავის ირგვლივ შემოიკრიბა არა მხოლოდ ადგილობრივი სომხები, არამედ სხვა თემების წარმომადგენლებიც. სწორედ აქ ჩატარდა ტოლმის პირველი კონკურს-ფესტივალი, სადაც ტოლმის 30-ზე მეტი ნაირსახეობა იქნა წარმოდგენილი.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აჭარაში, გურიაში და იმერეთში სომხეთის გენერალური კონსული ეღიშე სარგსიანი, სომხეთიდან ჩამოსული სტუმრები, ღონისძიების ორგანიზატორები და ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის წინამძღავრი, ტერ არარატ გუმბალიანი.
„დღეიდან საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას. ყოველ წელს, ამ ეკლესიის ეზოში გაიმართება ტოლმის ფესტივალი. ტოლმა ის კერძია, რომელსაც სხვა ეროვნებების ადამიანებიც ამზადებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორიგინალური რეცეპტებით განასხვავებენ სომხურ ტოლმას“ – აღნიშნა სურბ ფრკიჩ ეკლესიის წინამძღავრმა, ტერ არარატ გუმბალიანმა.
83 წლის ლიუსია გარანიანმა კონკურს-ფესტივალზე ორი სახის ტოლმა წარმოადგინა – ვაზის ფოთლით და სამარხვო-პასუც ტოლმა. წარმოშობით ერზრუმელი, ქალბატონი ლიუსია რეგულარულად დადის ეკლესიაში და აქტიურად მონაწილეობს ეპარქიის ყველა დღესასწაულში.
35 წლის კარინე მირზოიანი კი ეჩმიაძინიდან არის, 15 წელია ბათუმშია გათხოვილი: „ვაზის ფოთლით ტოლმა აქ ისეთი არ არის, რაც ჩვენთან ვიცით. აქ ვაზის ფოთლები უხეშია და ტოლმისთვის შესაფერისი არაა, ამიტომ ვაზის ფოთლის მაგივრად ფხალეულით ვაკეთებთ, რომლითაც ასევე გემრიელი გამოდის“.
დღესასწაულის სტუმრებმა სიამოვნებით გასინჯეს წარმოდგენილი ტოლმები, ხოლო მოწვეულმა სამმა პროფესიონალმა მზარეულმა არა მარტო გასინჯა, არამედ შეაფასა კიდეც სუფრები. მიუხედავად იმისა რომ წინასწარ დაგეგმილი იყო ერთი გამარჯვებულის გამოცხადება, ძნელი აღმოჩნდა არჩევანის გაკეთება და შედეგად სამი გამარჯვებული მიიღეს.
„ცუდი რეცეპტი არ არსებობს, არის კარგი, უკეთესი და საუკეთესო, ჩვენ სამი საუკეთესო ავირჩიეთ და დავაჯილდოვეთ ისინი ვიზუალური მხარის, მირთმევის ფორმის და გემოს გათვალისწინებით“ – თქვა ჟიურის წევრმა, მარატ თოროსიანმა.
ამ ღონისძიების მონაწილეთაგან რამდენიმე მალე მონაწილეობას მიიღებს ბათუმში ორგანიზებულ კერძების საზოგადოებრივ ფესტივალშიც.