„ავრორას“ პირველი გამარჯვებული – შეუდრეკელი მარგარეტ ბარანკიტსი

2016 წლის „ავრორას“ პრემიის გამარჯვებული გახდა „შალომის სახლის“ და ჰოსპიტალ „რემას“ დამაარსებელი, მარგარეტ ბარანკიტსი. ის სხვა ნომინანტებისგან გამოარჩიეს იმ უდიდესი წვლილის გამო, რომელიც მან ბურუნდიში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ადამიანების გადარჩენის საქმეში შეიტანა . როდესაც ომი დაიწყო, ტუტსის ტომის წარმომადგენელმა მარგარეტმა გადაწყვიტა შეეფარებინა 72 მეზობელი , რომლებიც ხუტუს ტომს ეკუთვნოდნენ. სამწუხაროდ, მათ კვალს მიაგნეს და მარგარეტს მათი დახვრეტის სცენა აყურებინეს. ამ საშინელების ნახვის შემდეგ ბარანკიტმა ბავშვების და ლტოლვილების დახმარება გადაწყვიტა. დღეისათვის, ბარანკიტსის მიერ გადარჩენილ ბავშვთა რაოდენობამ 30 000 მიაღწია. ბავშვებმა, მისი დახმარებით სახლიც და განათლებაც მიიღეს! 2008 წელს მარგარეტმა საავადმყოფო გახსნა, სადაც 80 000-მდე პაციენტმა მიიღო კვალიფიციური დახმარება.

2017 წლის დაჯილდოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერევანში წინა წლის გამარჯვებული, მარგარეტ ბარანკიტსი ჩამოფრინდა. „ბედნიერი ვარ, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ სომხეთში ვარ, მე ხომ უამრავი რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი. მე ჩამოგიტანეთ გულმხურვალე სალამი იმ ბავშვებისგან და ახალგაზრდებისგან, ვინც ამ პრემიის დამსახურებით უკეთესი განათლება და სახლ-კარი მიიღო“.

დღეს, 26 მაისს, ერევანში გაიმართა ოფიციალური გახსნა დაჯილდოების წინა ღონისძიებებისა. მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვეს „ავრორას“ დამფუძნებლებმა, ვართან გრიგორიანმა და რუბენ ვართანიანმა. მათ მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას, დონორებს, ნომინანტებს და სტუმრებს, იმ ყურადღებისთვის, რომელიც მათ „ავრორას“ მიმართ გამოიჩინეს. შემდეგ სცენაზე მიიწვიეს პრემიის პირველი ლაურეატი, მარგარეტ ბარანკიტსი, რომელმაც თვალზე ცრემლმომდგარმა ისაუბრა იმ მძიმე ეტაპებზე, რომლის გავლაც მოუწია ცხოვრების გზაზე. იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ მარგარეტს მხოლოდ სიყვარული ამოძრავებს და გიჟს უწოდებდნენ.

შეხვედრის ბოლოს, შედგა საფოსტო მარკის პრეზენტაცია, რომელზედაც მარგარეტ ბარანკიტსია გამოსახული.

Leave a Reply