Სარწყავი წყალი მუნიციპალიტეტში – რა ეტაპზეა მერის დაპირება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ 2024 წლისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ფართობი 19 348 ჰექტრამდე გაიზრდებოდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ვებ-გვერდზე, წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნებულ მარნეულის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ. 

აღსანიშანავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანომ 2022-2023 წლებში, ამ მიმართულებით, ჯამში 15 ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც, ამ ეტაპზე, მხოლოდ 5 (ჯამში 1,133,365.34 ლარის ღირებულების) ხელშეკრულებაა შესრულებული (NAT210021377 – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში არსებული სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა; NAT220003513 – ქალაქ მარნეულში, სამედ ვურღუნის ქუჩაზე არსებული სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები; NAT220007042 – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში არსებული სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა; NAT220022916 – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი მუღანლოს სარწყავი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; NAT230009403 – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში სპორტული დარბაზის მიმდებარედ არსებული სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა). დანარჩენი 10 ტენდერი კი შემდეგნაირად ნაწილდება: 7 არ შედგა, 2 უარყოფითი შედეგებით არის დასრულბული, 1 ტენდერის ფარგლებში კი გაიმარჯვა ი/მ თეიმურაზი ქვარიანმა (ს/კ: № 62502019069), თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან (2022 წლის 28 დეკემბერი) ორ თვეში ჯერ სამუშაოების დასრულების ვადამ გაადაიწია, ხოლო შემდგომ, 2023 წლის 25 მაისს მარნეულის მერმა ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანება გამოსცა. Ამ დროისათვის სამუშაოების შემსრულებლისთვის ხელშეკრულების ღირებულების მთლიანი თანხის (85 310,68 ლარის) მხოლოდ 7% იყო გადახდილი (5 805,60 ლარი).

აღსანიშანვია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც არ არიან კმაყოფილნი მარნეულის სოფლებში არსებული ვითარებით და ჩივიან სარწყავი წყლის ნაკლბებობაზე.

„სოფელში გვაქვს დიდი არხი, რომელშიც სარწყავი წყალი მიედინება, დიდი ხანია, რაც არსებობს, თუმცა ზაფხულში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ეგ წყალი სარწყავად, არ გვყოფნის. აქ, ჩვენთან მოსახლეობის უმეტესობა სოფლის მეურნეობას მისდევს, შემოსავლის ძირითადი წყაროა ეს მათთვის. ვფიქრობ, საკმაოდ პრობლემურია და უნდა მოგვარდეს სარყწავი წყლის საკითხი“, – აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის მაცხოვრებელი გარიკ გასპარიანი.

მსგავს პასუხს ვისმენთ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შაუმიანიდანაც. „საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, შაუმიანს ნორმალურად არ მიეწოდებოდა სარწყავი წყალი, არხებს რეაბილიტაცია სჭირდებოდა, მისახედი იყო ეს საკითხი და დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ვერ ვიტყვი, რომ მოსახლეობის უმეტესობა, მაგრამ მაინც, მათი ნაწილი ჯერ-ჯერობით მისდევს სოფლის მეურნეობას და აქვთ მინდვრები, მოჰყავთ მზესუმზირა, სიმინდი, ხორბალი, მაგრამ წყალი არ იყო, ვერ რწყავდნენ სათანადოდ და მინდვრები შრებოდა. ამ ბოლო პერიოდში გაკეთდა რაღაც-რაღაცები, გააკეთეს არხიც, მოიყვანეს სარწყავი წყალიც, თუმცა მაინც არაა საკმარისი, ყველას არ ჰყოფნის და ისევ სარწყავი წყლის ნაკლებობას განიცდიან, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში“, – აცხადებს ა. მ. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შაუმიანიდან.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ნაწილში გათვალისწინებულია სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია, რისთვისაც 200 ათასი ლარია გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ მოხდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სარწყავი წყლის მოვლა-შენახვა და დაგეგმილია 2026-27 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არხების რეაბილიტაცია, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ჰექტრითაა დაგეგმილი სარწყრავი წყლით უზრუნველყოფილი ტერიტორიის ზრდა, ამას, ვერსად ვკითხულობთ.

Საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან შეუძლებელია იმის დათვლა, თუ დაპირების რა ნაწილია შესრულებული ამ ეტაპზე, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული მასალებით არ კონკრეტდება თუ რომელი ტენდერის ფარგლებში რა ფართობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა მოხერხდა. Საკითხთან დაკავშირებით “ალიქ-მედია” დამატებითი ინფორმაციის მიღებას მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოდან შეეცადა. Სამწუხაროდ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე ჩვენი წერილი ამ დრომდე უპასუხოდ დარჩა, მიუხედავად კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლისა. Ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარნეულის მერმა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესასრულებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა რა ეტაპზეა ეს პროცესი და წინასაარჩევნოდ გაჟღერებული მაჩვენებლის რა წილია შესრულებული, ამის შეფასება შეუძლებელია. 

“Ალიქ მედია” გააგრძელებს დაპირების შესრულების პროცესზე დაკვირვებას და საკითხზე განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც შემოგთავაზებთ.