Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასკვნითი გამოცდები მიმდინარეობს. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ანდრანიკ მინასიანი წინა 5 (ბაკალავრიატის 4 და 1 მოსამზადებელი კურსი) სასწავლო წლის შედეგებს მიმოიხილავს. მან საშუალო ქულის მაქსიმალური ქულა შეინარჩუნა. მისი საშუალო ქულა GPA-ს მიხედვით მაქსიმალური 4 ქულაა. ანდრანიკის წარმატების ისტორია „1+4 „ პროგრამის მოსამზადებელი კურსიდან იწყება.
„ბევრი ვიმუშვე საკუთარ თავზე. თბილისში სწავლის დაწყებიდან 2-3 თვის განმავლობაში, ქართულად დავიწყე წიგნების კითხვა, კონან დოილის „შერლოკ ჰომსის“ შემდეგ, უცხოურ მხატვრულ შემოქმედებაზე გადავედი. უნივერსიტეტში მოცემულ დავალებებში ხშირად შეცდომებს ვუშვებდი, ვსწავლობდი, მაგრამ შეცდომებს მაინც ვუშვებდი“-ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ახალქალაქიდან – ანდრანიკი.
ის ირწმუნება, რომ მოსამზადებელი კურსი უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ სწავლის პროცესის პარალელურად, მეტი სამეცნიერო ღონისძიება და კონკურსი ჩატარდებოდა. სტუდენტი ხარვეზად თვლის ასევე იმას, რომ ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ცალკე ჯგუფებში სწავლობენ.
„აზერბაიჯანელი მეგობრები მხოლოდ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარების შემდეგ შევიძინე. ახლა დაახლოვებით 10 აზერბაიჯანელი მეგობარი მყავს, რომლებთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს“.
ანდრანიკის აზრით, პროგრამა ეფექტური მაშინ იქნება, თუ მას სტუდენტები სერიოზულად მოეკიდებიან, წინასწარ გადაწყვეტენ, თუ რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება. მიუხედავად 5 წლიანი სირთულეებისა, ანდრანიკი ღიმილით იხსენსბს განვლილ გზას.
„ეს შენობა ჩემთვის საკუთარი სახლივითაა. 4 წელია ამ შენობაში შეიძლება ითქვას ვიზრდები. ბაკალავრის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებასა მშობლიურ უნივერსიტეტში ვგეგმავ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ წლების განმავლობაში ჩამოვყალიბდი როგორც კარგი პიროვნება“
4 წლის განმავლობაში ანდრანიკმა მონაწილეობა მიიღო მთელ რიგ გადამზადებისა და სხვა სახის პრექტებში, ასევე ინსცენირებულ სასამართლო პროცესებში. 2016 წელს ჯავახელი სტუდენტი იურიდიული ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტად დაასახელეს. ანდრანიკის მიღწევების მიმართ ხალხის დამოკიდებულება განსხვავებულია.
„მართალი რომ გითხრათ მეგობრები ხანდახან მეუბნებიან, რომ სხვები ჩემს წარმატებას სხვა თვალით უყურებენ ანუ ცუდად, თუმცა მე სხვაგვარად ვფიქრობ: მიმაჩნია, რომ თუ მე სხვისთვის სიკეთის მეტი არაფერი მემეტება, ის სხვაც ჩემზე ცუდად არ იფიქრებს“ – ამბობს ანდრანიკი.
ანდრანიკი გვიზიარებს თავის წარმატების საიდუმლოსაც: „ძალიან მიყვარს ჩემი სპეციალობა, აქ თავისუფალი აზროვნება და მოქმედება შემიძლია… როგორც არისტოტელი ამბობდა: თუ ადამიანს თავისი სპეციალობა უყვარს, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იმუშავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იძულებულია იმუშაოს. მთავარი მოტივაცია მოდის მამაჩემისგან. მამაჩემმა აღმზარდა ისე, რომ მე დღეს მიზანმიმართული ვარ, ცხოვრებაში ვაღწევ ჩემს მიზანს“.
მშობლიურ გერიონში დაბრუნების ან არ დაბრუნების საკითხი მტკივნეულია მისთვის: „ჩემი კავშირი რეგიონთან არასდროს შეწყდება, ყოველ შემთხვევაში შევეცდები ცენტრიდან თვალი ვადევნო რეგიონში ცხოვრებას, მხარში დავუდგე მას ჩემი ცოდნითა და შესაძლებლობებით“.