ორგანიზაცია ” საქართველოს ლატვიური თემი” ნინოწმინდასა და ახალქალაქში ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირეით საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს.
13 აპრილს, ორგანიზაციის წევრები შეხვდნენ ახალქალაქის ბიზნესმენებს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ორგანიზაციის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში იმყოფებიან და დისკუსიებს ატარებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. პროექტის ფინანსური მხარდაჭერები გაერო და USAID არიან.
“არსებობს მოსაზრება, რომ კომპაქტურად დასახლებულ ეროვნულ უმცირესობებში ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილნი ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ევროკავშირში შესვლისა და შემდგომი მოქმედებების სფეროში დიდი გამოცდილება გვაქვს, ჩვენი ეროვნებით სომეხი ნანა ნაზაროვას დახმარებით სამცხე-ჯავახეთში პარტნიორები ვიპოვეთ,” -განაცხადა “საქართველოს ლატვიური თემის” პრეზიდენტმა რეგინა იაკობიძემ.
მაისში თემის წარმომადგენლები ლატვიის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ჯავახეთში ისევ დაბრუნდებიან. პროექტის მიზანია, ჯავახეთის მოსახლეობის წარმომადგენლებისთვის ევროკავშირში, კერძოდ ლატვიაში ვიზიტის ორგანიზება.