Latest posts by Aliq Media (see all)
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, უშუალოდ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებისათვის, სტაჟირების საპილოტე პროგრამა შექმნა. პროგრამის ფარგლებში შერჩეული 65 ახალგაზრდა 3-თვიან სტაჟირებას 20 საჯარო უწყებაში, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან გაივლის.
სტაჟირების საპილოტე პროგრამაში მონაწილეობისთვის სულ 151 მსურველი დარეგისტრირდა, აქედან, გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 90, ხოლო გასაუბრება წარმატებით გაიარა 65-მა აპლიკანტმა.
უკვე იუსტიციის სამინისტროს პრაქტიკანტი, თბილისის სახელმწიფო უივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი, არექნაზ პეტროსიანი ალიქ მედიასთან საუბარში ასე ყვება გასაუბრების პროცესის შესახებ: „გასაუბრებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები. მკითხეს, რით ვარ დაკავაებული, ვაპირებ თუ არა რეგიონში დაბრუნებას? მოვუყევი ჩემ შესახებ, ვუთხარი რომ ახლა მენთორი ვარ, ვაპირებ მაგისტრატურაზე ჩაბარებას. რეგიონში დავბრუნდები მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ“.
გასაუბრების შემდეგ შერჩეული ახალგაზრდები მოიწვიეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, სტაჟირების საპილოტე პროგრამის კონკურსის გამარჯვებულებს მიმართა:
„ჩვენი ამოცანაა, ყველა ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, იყოს თანასწორი ჩვენს საერთო სამშობლოში და ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს მისთვის სასურველ საქმიანობაში“.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო ინტრეგრაციის მნიშვნელობის შესახებაც. მან იმედი გამოთქვა, რომ თითოეული სტაჟიორი მაქსიმალურად გამოავლენს საკუთარ უნარ-ჩვევებს, შეისწავლის საჯარო სამსახურის სპეციფიკას და წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.
„ეს პროგრამა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და პერსპექტივა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მომავალი დასაქმებისთვის. მოხარული ვიქნები, თუ ჩემს წვლილს შევიტან სამოქალაქო ინტეგრაციის საქმეში. ამასთან, ეს არის დიდი მოტივაცია სხვა სტუდენტებისთვისაც“, – აღნიშნა ლუსინე პიჩიკიანმა, რომელიც სტაჟირებას ,შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაივლის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი რობერტ ქარტაშიანი კი ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამა ცხოვრებაში ძალიან შეუწყობს ხელს.
„პროექტი სტუდენტებს უქმნის დიდ შესაძლებლობას მივიღოთ სამუშო გამოცდილება საჯარო უწყებებებში, ასევე შეძენილი თეორიული ცოდნა გამოვიყენოთ სამუშაო გარემოში. როგორც მომავალი იურისტი, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა გავაღრმავო პროფესიული ცოდნა, დარწმუნებული ვარ მომავალში ეს ძალიან დამეხმარება“-ამბობს ქარტაშიანი.