ახალგაზრდა კალვინისტის ხილვანი

მე ვარ იმიგრანტი და ამაყი მომხმარებელი მეოცე საუკუნის ბოლოში. დღეს, როდესაც დემოკრატია ზეიმობს, ჩვენ ყველანი მომხმარებლები ვართ. და ეს ალბათ ძალიან კარგია. თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ ამაში.

მე უკვე მეორე წელია, რაც კალვინისტი გავხდი. ჩემს ქვეყანაში მართლმადიდებელი ვიყავი. დავდიოდი ეკლესიაში დ სანთლებს ვანთებდი. თან როკენროლს ვუსმენდი. იქ მღვდელი გვეუბნებოდა როკენროლი ეშმაკისეულიაო. მე ვცდილობდი, რომ დამეჯერებინა, მაგრამ ძალიან მიჭირდა. სულ ვფიქრობდი, თუ ეს როკენროლი მართლა ეშმაკისეულია, მაშინ რატომ არის კაცის კვლავს და სხვა ცოდვებს ხელს არ უწყობს და პირიქით, აწყნარებს ადამიანს-მეთქი. მოკლედ ვერ დამარწმუნა მღვდელმა, მაგრამ ამავე დროს ისიც ვიცოდი, რომ ცხოვრება არ მთავრდება აქ. ცხოვრება გრძელდებასამუდამოდ. მე ღმერთის მჯერა. მე ვიცი, რომ არარაობა ვარ ღვთაებასთან შედარებით.

მას მერე, რაც ამერიკაში ჩამოვედი, გავხდი ამაყი მომხმარებელი. ვიცი, რომ ყველაფრის ყიდვა და გაყიდვა შეიძლება გარდა რწმენისა. და ეს რწმენაც მაქვს. ორი წლის წინათ ვირჯინიის ერთ-ერთ ქრისტიანულ ეკლესიაში წავედი და ძალიან მომეწონა მათი ცერემონიალი. ისინი როკენროლის მსგავს მუსიკას უკრავდნენ და ხალხიც ისე დაძაბული არ იყო, როგორც ჩვენს ეკლესიებში. ისინი ერთად იყვნენ და ეკლესიაში დადიოდნენ კვირაობით. მათ მღვდელიც არ ჰყავთ. მოძღვარი ქადაგებს კვირაობით და ხშირად იწვევენ სხვადასხვა სტუმერბს სალაპარაკოდ. იქ ქადაგების მოსმენაც სახალისოა. მოკლედ კარგად ვერთობით.

ერთი წლის წინ კი პროტესტანტი გავხდი. მომწონს ეს მრწამსი. მე მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთი იყო და ისიც მწამს, რომ ჩვენთვის ეწამა. მაგრამ იმის აღარ მზამს, რომ მღვდელს უნდა ვუსმინო ყველაფერი ამის გასაგებად. არა, მღვდელი არ არის საჭირო. ჩვენ თვითონ შეგვიძლია ღმერთთან ლაპარაკი. ასე გვეუბნება ჩვენი მოძღვარი, რომელიც ბავშვობიდან კალვინისტია. მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი არისტოკრატიის რელიგიებია და ჩვენ ანტერპრენიორების რელიგია ვართ. მათ ჰქონდათ მრავალი სოციალური დოგმა, ჩვენ გვაქვს მარო მრწამსის დოგმები. ჩვენი რწმენა უფრო მოსახერხებელია. და ის შეეფერება ჩვენი ახალი კლასის ცხოვრების სტილს. ჩვენ ხომ დემოკრატია გვაქვს, ჩვენთან ხომ ყველა თანასწორია. რა თქმა უნდა, ზოგი ბევრს აღწევს და ზოგი სიღარიბეში კვდება, მაგრამ შესაძლებლობა ხომ ყველას ერთნაირი აქვს. და ეს არის მთავარი.

კალვინისტური ეკლესია მორგებულია ჩვენს საჭიროებებს. იქ შეიძლება კარგად დახდეს ადამიანი და მოხერხებულად მოთავსდეს სკამზე და ღმერთთან უშუალო კავშ;ირი დაამყაროს. მშვენიერი არაა?! ზიხარ თბილ შენობაში მოხერხებულად ფაფუკ სკამზე და ღვთაუბასთან კავშირს ამყარებს. გწამს, რომ იესო ქრისტე ჩვენი გულისთვის ეწამა და ამის მეტი ბევრი არაფერი გევალება. თავს თავისუფლად გრძნობ. და ამავე დროს იცი, რომ მოვალეობაც მოხდილი გაქვს ღვთაების წინაშე.

ჩემი შეყვარებულიც კალვინისტია. ის კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ ახლა პროტესტანტი გახდა. ის ულამაზესი ახალგაზრდა ქალია. განსაკუთრებით უხდება, როდესაც მოკლე კაბას იცვამს. ჩვენ ერთად დავდივართ სალოცავად ყოველ კვირას. შაბათობით კი ახალგაზრდა ხალხი იკრიბება ეკლესიის შენობაში და ერთად მღერიან სიმღერებს. კარგად ვერთობით იქ. მე და სკარლეტს ძალიან გვიყვარს იქ ჯდომა. როდესაც ერთად ვართ ეკლეიაში შაბათობით, მე სულ მას ვუყურებ და მგონია, რომ ის ღმერთმა გამომიგზავნა. სკარლეტს ულამაზესი სახე და ტანი აქვს. მოკლე შარვალი როცა აცვია, მის ტანს თვალებს ვერ ვწყვიტავ. ის ტანი ისეთი მიმზიდველია, რომ თვალის მოშორება ძალიან ძნელია. მერე სინდისი მაწუხებს, ეკლესიაში ქალზე როგორ ვფიქრობ-მეთქი. მაგრამ ჩვენ ხომ ყველანი ცოდვის შვილები ვართ. ხომ ყველანი ცოდვის შედეგად ვართ გაჩენილები. ამიტომ თავს ვიწყნარებ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ჩემი კომპანია ლათინურ ამერიკაში მუშებს მონებივით რომ ამუშავებს და ამის ხარჯზე ვცხოვრობ, ქრისტე რას მეტყოდა ამის შესახებ. სხვებს რომ არ ვენდობი და თითქმის ყველა ჩემთვის შესაძლო მტერია, ესეც მაეჭვებს.

საერთოდ, ბევრი აზრი მომდის თავში. ხანდახან ისეთ სიზმრებს ვნახულობ, რომ აღარ ვიცი რა ვქნა. მესიზმრება, რომ ჩემი მეგობრის დედასთან მძინავს. ეს ქალი ასე 50 წლისა იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ ულამაზესია და სასწაული შესახედავი ქერა თმები აქვს. ხან სკარლეტი მესიზმრება და ხან ის. მერე ღმერთს პატიებას ვთხოვ, რომ მაპატიოს ასეთი სიზმრები.

მე და სკარლეტს არ გვძინავს ერთმანეთთან. უფრო სწორად, ბოლომდე არ ვამყარებთ ინტიმურ კავშირს, რადგანაც ორიეს გვწამს, რომ ეს დიდი ცოდვაა. 90-იან წლებში ძალიან ბევრი ფიქრობს ჩვენნაირად. თითქმის ყველა ჩვენი მეგობარი ასე აკეთებს. დაქორწინებამდე არავინ ცხოვრობს ერთად. თავს სხვა გზებით ვიკმაყოფილებთ. ეს ისეთი დიდი ცოდვა არ არის, როგორც კოიტუსი. ბიბლიაში ხომ ამის შესახებ არაფერი არ სწერია. ხანდახან კი მეპარება ხოლმე ეჭვი ამაში, მაგრამ მერე ვცდილობ, რომ განვდევნო ეს აზრები თავიდან.

მე დიდ კომპანიაში ვმუშაობ. ჩვენი კომპანის ფეხსაცმელებს აწარმოებს და ჰყიდის მთელს მსოფლიოში. ქარხნები ძირითადად სხვა ქვეყნებშია განლაგებული. ეს იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში მუშეს ძალიან პატარა ხელფასს აძლევენ. მუშების მდგომარეობა საშინელია იმ ქვეყნებში. ისინი ძალიან ცუდ დღეში არიან. მაგრამ ჩვენი კომპანია მდიდრდება. ჩვენი უფროსი ამბობს, ჩვენ რომ არ გავაკეთოთ ეს, სხვა გააკეთეოსო. ადამიანის ბუნება ხომ ბოროტია. ამიტომ ჩვენ ჩაბმული ვართ ამ შეჯიბრში. ზოგი მუშა კი კვდება საშინელი სამუშაო პირობებისგან. ჩვენ მათ ვიყენებთ, როგორც იაფ მუშახელს, მაგრამ რას იზამ?! ვერაფერსაც ვერ იზამ, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი რა უნდა ვქნა. სამუშაოზე რომ ვარ, ვიცი, რომ ყველა პოტენციური მტერია და თავს ძალიან ცუდუდ ვგრძნობ. მაგრამ ამავე დროს ვიცი, ეს რომ ვთქვა, უცებ გამაგდებენ. ამიტომ მერე ვლოცულობ და ვინანიებ ჩემს ცოდვას. მაგრამ ხანდახან მიჩნდება მკრეხელური აზრები. ნუთუ ეს მართლაც ასე უნდა იყოს? ნუთუ ერთი ადამიანის ბედნიერება მეორე ადამიანის ხარჯზეა ყოველთვის? დროდადრო ეჭვი მეპარება ხოლმე ამაში, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ვბედავ.

ჩვენთან ეკლესიაში ბევრი ახალგახრდა დადის. ერთ-ერთი მათგანი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობს. ამას წინათ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა უნდა ქნას ქრისტიანმა, როდესაც ს ამდენ უსამართლობას ხედავს ამ მსოფლიოში და ზოგჯერ ის თვითონაც მონაწილეობს ამაში. ჩვენმა მეგობარმა თქვა, რომ ჩფვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, რადგანაც ადამიანის ბუნება ბოროტია. ამიტომ სჯობს, რომ ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და მერე მოვინანიოთ ცოდვები. მოკლედ, ჩვენ ვერ ავცდებით მკვლელობებს, ქურდობებს, ყველაფრის გაყიდვას, უბრალოდ უნდა მოვიდეთ ეკლესიაში და მოვინანიოთ. სიმართლე რომ ვთქვა, ამის დახერებაც მიჭირს, მაგრამ ამავე დროს პასუხი გამზადებული არა მაქვს. ისე, კაცმა რომ თქვას, ძალიან ძნელი სათქმელია, მართლა ამდენ ცუდ საქმეს აკეთებს ამერიკის დაზვერვა თუ ამას უბრალოდ აბრალებენ? ყოველ შემთხვევაში, მე პასუხი არ ვიცი.

გუშინ მე და სკარლეტი ბუჩქებში შევძვერით და იქ ვეალერსებოდით ერთმანეთს. ეს იყო დღისით, დაახლოებით ორ საათზე. მაშინ, როდესაც ყველა მუშაობდა. ამ აქტის მერე თავს ისე კარგად ვგრძნობდი, რომ არ ვიცოდი, რატომ იყო ეს ცოდვა, კაცის მოკვლის ტოლფასი. ჩემს თავს იმდენს ვებრძოდი ამაზე. იმ დროს, როდესაც სკარლეტს ვეალერსებოდი, მსოფლიო ჰარმონიული გახდა, და როდესაც ძალადობას ვხედავ ყველაფერი ირევა. ჩვენი მოძღვარი კი გვეებნება, რომ ეს ყველახე დიდი ცოდვაა. როდესაც ერთად ვართ ხოლმე, ის გვიკითხავს ადგილებს ბიბლიიდაკნ. ქრისტემ რომ დაიცვა მარიამ მაგდალინელი, ამაზე ცდილობს არ ილაპარაკოს. ის გვეუბნება, რომ ჩვენი ბუნება საშინელია და ყველაფერი ცუდი რაც ხდება დედამიზაზე, ჰუმანისტების ბრალია. ამ დროს თვითონ ძალიან ძვირი ავტომობილი ჰყავს. და ისეთ კომპანიაზე მუშაობს, რომელიც მილიონობით დოლარს აკეთებს ინდონეზიაში იაფი მუშახელის ხარჯზე. როდესაც ერთად ვსხედვართ ხოლმე, ის შემოიჯენს გვერდზე ლამაზ ქალებს, როლებსაც მოკლე შარვლები აცვიათ და ხელებს ბარძაყებზე ადებს ლოცვის დროს. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ის გმობს ქალისა და კაცის ურთიერთობას. მე ვიბნევი ხოლმე ამ დროს, მაგრამ მერე ვფიქრობ, რომ ეს ჩემს გონებრივ ძალას აღემატება. მე ხომ ერთი უბრალო მოკვდავი ვარ და ის ჩვენი მოძღვარია.

ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ფარისეველი არ ვიყო და ღმერთს ვთხოვ, რომ მაპატიოს ჩემი შეუგნებლობა და შემინდოს ჩემი ცოდვები. იმედი მაქვს ჯოჯოხეთში არ მოვხვდები და ღმერთი გაიმეტებს ჩემთვის სასუფეველს.

ამას წინათ ერთი სიზმარი ვნახე. ძალიან უცნაური სიზმარი. მაგრამ ამავე დროს ამ სიზმარმა შემძრა. არ ვიცი რატომ მოხდა ეს.

სახლში მივედი საღამოს შვიდის ნახევარზე. იმ დღეს ძალიან დამღლელი იყო ჩემი სამუშაო. მთელი დღე ვითვლიდი ჩვენი კომპანიის შემოსავალს კოსტა რიკაში. მოკლედ, სამუშაოდან მოვედი დაღლილი. მოსვლის მერე ვისადილე, სკარლეტს ტელეფონით ველაპარაკე და ერთი საათით ტელევიზორს ჩავუხექი. გადმოსცემდნენ დებატებს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. რატომღაც ვერ ვუყურე. როგორც ეტყოყა პოლიტიკისადმი ინტერესი გამინელდა. ჩემს თავს ვერ შევატყვე ისე ჩამეძინა ტელევიზორის ყურებისას. საერთოდ ყველაზე ტკბილი სიზმარი ჩემთვის არის, როდესაც მესიზმრება ალერსი სკარლეტთან ან ჩემი მეგობრის დედასთან, ან კ ფეხბურთი. ყოველ ღამე ვცდილობ, რომ მოვეხმარო ჩემს თავს, რომ დამესიზმროს ან ერთი ან მეორე სცენარი. და თითქმის ყოველთვის ვახერხებ ამას.

ახლაც თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. სიზმრის დასაწყისში ვხედავდი ჩემი მეგობრის დედას, ულამაზეს ქერათმიან ქალს წყაროსთან. ჩვენ ოაზისში ვიყავით უდაბნოში. ის მომიახლოვდა და მეუბნება, რომ დამხმარე სჭირდებოდა თავის პროექტში და ამისათვის მე მისთვის კაბა უნდა გამეხსნა. მეც სიამოვნებით დავიწყე მისი კაბის გახსნა და ამ დროს ნეტარებისაგან გული მიმდიოდა. მე ვხედავდი წყაროს ჩემს წინ, პალმის ხეებს ოაზისში და ამავე დროს ვეალერსებოდი ულამაზეს ქალს, რომელიც წამოვიდა თავისი ოჯახიდან და ჩემთან ერთად ეძლეოდა განცხრომას. ტანში სულ ჟრუანტელი მივლიდა. თანაც სულ ის აზრი  მაწუხებდა, რატომ ვაკეთებდი ამას. მაგრამ ეს ნეტარება იმდენად დიდი იყო, რომ ის მავიწყებდა ყველაფერს, მათ შორის სინდისის ქენჯნასაც.

უეცრად ყველაფერი შეიცვალა. ჯულიანა ჩემსკენ მოტრიალდა და წყნარი სახით მითხრა: `ახლა მე უნდა წავიდე და იესო უნდა მოვიდეს შენთან~. მე გაკვირვებული ვუყურებდი მას. მისი ულამაზესი სახე მზეს ირეკლავდა და მისი ქერა თმები თითქოს სიცოცხლეს აფრქვევდნენ. ის ნელა წამოდგა და დაიძრა უდაბნოსაკენ. მე თვალი გავაყოლე მას. მისი ფიგურა სულ უფრო და უფრო პატარა ხდებოდა. იგი ნელ-ნელა უერთდებოდა უდაბნოს. მე კი დაბნეული სახით ველოდებოდი იესოს მოსვლას.

ჩვენს პატარა ოაზისში წყალი გადმოდიოდა არცთუ მაღალი კლდიდან. ეს პატარა ჩანჩქერი იყო ერთადერთი წყარო წყურვილის დაკმაყოფილებისა. მე რატომღაც ამ წყაროს ჩავაცქერდი. თითქოს მოველოდი, რო იესო იქიდან მოვიდოდა ჩემთან. და მართლაც ცოტა ხანში კლდეზე გამოჩნდა იესო. მას თეთრი ტოგა ეცვა. როდესაც დავინახე, ტანში შემაჟრჟოლა. რამდენჯერმე პირჯვარი გადავიწერე. მან თავისკენ მიხმო. ის ჩანჩქერის დასაწყისში იდგა კლდეზე, მე კი ჩანჩქერის ბოლოს ვიდექი. მან მანიშნა, რომ წყალი დამელია. მეც დავეწაფე წყალს როგორც საშინლად მწყურვალი. იმ დროს ვიგრძენი თუ რა მწყურვალი ვიყავი მაშინ.

როდესაც გული ვიჯერე წყლის სმით, ისევ ზევით ავიხედე. იესო ისევ იქ იდგა, კლდის თავზე და მომღიმარი სახით მიყურებდა. მე ავნერვიულდი, ხელები ამიკანკალდა და კითხვით მივმართე:

_ უფალო იესო, რას უნდა ვუმადლოდე შენს მოვლინებას?

იესომ შემომხედა და ლაპარაკი დაიწყო.

_ მე მნიშვნლოვანი ამბავი მოგიტანე.

_ გისმენ უფალო.

_ მე მინდა გითხრა, რომ ასე შენ ვერ იხსნი შენს თავს. შენც და შენი მეგობარიც დაღუპვისაკენ მიდიხართ.

_ მითხარი რატომ, უფალო იესო;

_ იმიტომ, რომ თქვენ ფარისევლები ხართ. იმიტომ, რომ შენ ფარისეველი ხარ. და მე ვთქვი, რომ ის ვინც ფარისეველია, ვერ იხსნის თავის სულს.

_ ჩვენ ეკლესიაში დავდივართ ყოველ კვირა და ვლოცულობთ. ცოდვებს ვინანიებთ. მე ღარიბებსაც ვეხმარები. ყოველ ღამე ვლოცულობ და გთხოვ, რომ შემიწყალო.

_ ეს ვიცი. მაგრამ შენ ყოველდღე ლოცულობა, რომ მეორე დღეს იგივე უმსგავსობა გააკეთო. შენ მიდიხარ შენს სამსახურში მეორე დღეს და შენს კომპანიას ეხმარები, რომ სხვა ადამიანების ხარჯზე გამდიდრდეს. შენ თვალს ხუჭავ ამ ბოროტებაზე და არ იყენებ იმ ძალას, რომელიც მე მოგეცი. შენ ხელს უწყობ შენს კომპანიას, რომ მოატყუოს ხალხი ყოველდღე, თვითონ ატყუებ ხალხს და შენ ფიქრობ, რომ შენი ღმერთი გიხსნის?

_ კი მაგრამ, უფალო იესო, რა შემიძლია გავაკეთო? ძალადობა ვიხმარო?

_ შენს ღმერთს შენთვის არ უსწავლებია ძალა იხმარეო. მაგრამ შენს ღმერთს არც ის უსწავლებია შენთვის, რომ სხვა ხალხის დაჩაგვრას ხელი შეუწყვეო. შენ მოხვედი ჩემს ტაძარში და ამ ტაძარს ანგრევ და ძარცვავ.

_ რომელ ტაძარში, უფალო იესო?

_ ეს სამყარო ჩემი ტაძარია. ყველა ის, ვინც ამ ტაძარში მოდის და ვაჭრობს ამ ტაძარში, რყვნის მას. თუ გახსოვს რა მოხდა იმ ტაძარში, სადაც ადამიანებმა ყველაფრის ყიდვა და გაყიდვა დაიწყეს. ის ტაძარი დაინგრა. და ეს ტაძარიც დაინგრევა თუკი შენ არ გაჩერდები და უკან არ მოიხედავ. ყველაფრის ყიდვა და გაყიდვა არ შეიძლება. მე თქვენ გასწავლეთ ცხოვრება და თქვენ არ გინდათ ისწავლოთ ცხოვრება. მე თქვენ გითხარით, რომ გიყვარდეთ მტერი თქვენი ვითარცა თავი თქვენი და თქვენ თქვენი მეგობრებიც კი გძულთ და არავის არ ენდობით. შეხედე შენს თავს, დილით რომ დგები და სახლიდან გადიხარ სულ იმას ფიქრობ არავინ გაჯობოს. სულ იმის გეშინია, რომ ყველასთვის საკმარისი არ არის და ამიტომ ყოველდღე ატყუებ ადამიანებს შენს გარშემო. შენ გგონია, რპომ მეც მომატყუებ?

_ კი მაგრამ, უფალო იესო, ადამიანის ბუნება ხომ ბოროტია?

_ მე არ მითქვამს ეს შენთვის. მე ვთქვი, რომ ყველა სცოდავს და ყველა სცდება და ნუ განვსჯით ერთმანეთს შეცდომებისთვის. თქვენ კი რატომღაც დაასკვენით, რომ ადამიანები დაწყევლილნი ხართ ბოროტებისათვის. ამით თქვენ უბრალოდ თავს იმართლებთ, იმართლებთ თქვენს ცხოვრების წესს. თქვენი ცხოვრების წესი კი აგებულია უნდობლობაზე. თქვენი ღმერთი დღეს არის ერთმანეთის ჯიბრი და ბაზარი. მე კი ბაზარი დავანგრიე. თქვენ ამახინჯებთ იმას, რაც მე გითხარით. თქვენ გინდათ, რომ თავი კარგად იგრძნოთ და ღმერთიც მოიმსახურნოთ თქვენი ცხოვრების წესის გამართლებისათვის. ეს არ არის ხსნის გზა. ეს დაღუპვის გზაა. თუკი გადარჩენა გინდათ, ვიწრო გზით უნდა იაროთ.

_ კი მაგრამ, რა უნდა ვქნათ?

_ მე ხომ გითხარით, რომ როდესაც გლახაკი მოაკაკუნებს თქვენს კარზე და თქვენ ამ კარს არ გააღებთ, თქვენ მე არ მიღებთ კარებს. დღეს თქვენ ცხოვრობთ მოხერხებულად თქვენს მდიდრულ სახლებში, ატარებთ მდიდრულ მანქანებს და სტკბებით კარგი ცხოვრებით, როცა ურიცხვი ადამიანი მთელს მსოფლიოში საშინელ სიღატაკეში ცხოვრობს. ის კი არა თქვენივე ქვეყანაში ამდენი ღატაკი გყავთ და მორჩენილ საჭმელსაც კი არ უნაწილებთ ხანდახან. რას აკეთებ შენ იმისათვის, რომ დაუპურებელი დააპურო? შენ შენს სახლში ხარ ჩაკეტილი და თავს იმით იწყნარებ, რომ ადამიანის ბუნება ბოროტია და ამიტომ ბოროტებას ხელს უწყობ. შენს ღმერთს არასდროს უთქვამს შენთვის ბოროტებას ხელი შეუწყვეო. ის, რომ შენ შენს კარს არ უღებ ღატაკებს, ხელის შეწყობაა ბოროტებისათვის და ხსნა აქ არ არის. შენ შენს სახლში ხარ და ნივთებს აგროვებ. შენ გიყვარს ეს ნივთები უფრო, ვიდრე ადამიანები. შენ მატერიალისტი ხარ. ესე იგი შენ ღმერთს უარყოფ. და როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანმა იხსნას თავისი თავი? არა, შენს ღმერთს არ უთქვამს შენთვის, ასეთი ცხოვრებით იცხოვრე და მარტო ლოცვა გადაგარჩენსო. და მე გეუბნები, შენ ნამდვილად ვერ გადარჩები, თუკი ასე გააგრძელებ. შენ იმისიც გრცხვენია, რომ ადამიანი ხარ. შენ უარს ამბობ, რომ დაუთმო შენს ახლობლებსაც კი. შენ არც კი სცდილობ, რომ მიბაძო ჩემს მაგალითს. თავს იმითი იმართლებ, რომ ის ქრისტე ღმერთი იყოო. იმაზე კი არ ფიქრობ, რომ მე იმისთვის მოვედი იზრაელს, რომ თქვენთვის მეჩვენებინა, როგორ უნდა გეცხოვრათ. თქვენ კი უარი თქვით ამაზე და თქვენს მანქანებზე გამცვალეთ.

_ კი, მაგრამ, რისი გაკეთება შემიძლია მე?

_ შენ არ უნდა იფიქრო, რომ ჩაგვრა აუცილებელია ამ ცხოვრებაში. შენ არ უნდა იფიქრო, რომ ვიღაცას აუცილებლად მეტი უნდა ჰქონდეს და ვიღაცას ნაკლები. მე შენ გიჩვენე მაგალითი. რამდენიმე პურით ათასობით კაცი დავაპურე. იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩემთვის მეტი არ დავიტოვე. იმიტომ, რომ უკმარისობის არ მეშინოდა. თქვენ კი უკმარისობის შიშით სული გძვრებათ. ის კი გავიწყდებათ, რომ ცხოვრება აქ არ მთავრდება. თქვენ რომ არ გეშინგოდეთ უკმარისობის ასე, მაშინ ერთმანეთის ჯიჯგნას არ დაიწყებდით ნივთებისთვის. შენ რომ გჯეროდეს უკვდავებისა, მაშინ შენ ამდენს არ იფიქრებდი შენს სიმდიდრეზე, შენ აღარ იქნებოდი ასეთი მატერიალისტი, შენ დაინახავდი, რომ სიყვარულს ბევრად უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე სიძულვილს და უნდობლობას. შენ და შენი მეგობრები დღეს სხედხართ თქვენს სახლებში და განიკითხავთ სხვებს. განიკითხავთ კახპებს, გაჭირვებულებს, გამწარებულებს. შენს ღმერთს არ უთქვია შენთვის განიკითხეო. შენ კი ქვას ესვრის მარიამ მაგდალინელს.;

_ მაშ რა ვქნა, უფალო იესო?

_ შენ არ ხარ ღმერთი. ამიტომ ნუ განიკითხავ და ნუ განსჯი. ხომ გახსოვს მე რა გასწავლე. ვინც უცოდველია, იმან ესროლოს პირველი ქვა მარიამს. ხომ ხედავ რა დროს მოვედი მე შენთან. მაშინ, როდესაც შენ ფიქრობდი შენი მეგობრის დედასთან დაწოლაზე. და ფიქრი და ქმნა ერთიდაიგივეა.

_ შემიწყალე, იესო.

_ მე შეგიწყალებ, თუკი შენ არ განსჯი სხვებს. შეწყალებას მიიღებ მაშინ, როდესაც შენც შეგეძლება შეწყალება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოითმინო. როდესაც შენ ხედავ მკვლელობას შენს წინ, მაშინ შენ არ უნდა გაჩერდე. თვალის დახუჭვა სხვა ადამიანის დაღუპვისას დიდი დანაშაულია. შენ ყოველდღე ხედავ ათასობით ადამიანის გაუბედურებიას იმისათვის რომ შენმა კომპანიამ ბევრი ფული გააკეთოს. რამდენი მუშა დაეღუპა შენს კომპანიას სიღარიბისაგან ბოლო ათ წელიწადში?

_ ვიტამინების ნაკლებობისა და ცუდი სამუშაო პირობების გამო მარტო ერთ ქვეყანაში ხუთი ათასი კაცი.

_ და შენ ყველაფერ ამას უყურებდი წყნარად. შენ ყველაფერ ამას ეგუებოდი და თავს იმით იმართლებდი, რომ ადამიანი ბოროტი არსებაა. მაგრამ ის რატომღაც გავიწყდებოდა, რომ ღმერთმა ადამიანი თავისი ხატის მიხედვით შექმნა. რას შვრებოდი მაშინ, როდესაც წყნარად უყურებდი ამდენი ადამიანის გაუბედურებას? შენ იმდენი რამე გაქვს და შენს უფროსებს ხომ მეტი აქვთ. მარტო შენ ხომ შეგეძლო იმ ვიტამინების ყიდვა და გაგზავნა თუნდაც ერთი მუშისთვის. მაგრამ შენ არჩიე, რომ ამაზე არ გეფიქრა. შენ არჩიე, რომ შეგუებოდი უმსგავსობას.

_ უფალო იესო, ესე იგი რევოლუციონერები სწორი ყოფილან?

_ შენ უფალს არ უთქვამს შენთვის ძალადობა სწორიაო. არა, ძალადობა არ არის სწორი. ყველა რევოლუციას ძალადობა მოჰყვა და ჩაგვრა მოჰყვა. მაგრამ შენს უფალს არც ის უთქვამს შენს გვერდზე არსებულ ძალადობას შეეგუეო. განა ის ძალადობა არ არის, რასაც შენი კომპანია აკეთებს ღარიბ ქვეყნებში? განა ის ძალადობა არ არის ერთი ადამიანი მეორე ადამიანის ხარჯზე მდიდრდებოდეს? ნუთუ აუცილებელია, რომ შენ მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფერში? შენ ხომ უკმარისობის გეშინია და ამ შიშის გამო თანხმდები, რომ ხელი შეუწყო უმსგავსობებს, შენ ხომ გგონია, რომ ვიღაცამ უნდა დაჩაგროს სხვები, იმისთვის, რათა გადარჩეს და რომ სხვა გამოსავალი არ არის. როდის გითხრა შენმა უფალმა ეს? როდის გითხრა შენმა უფალმა, რომ ძალაუფლებას თაყვანი ეციო. ის. რომ შენ ძალაუფლებას სცემ თაყვანს, კერპთაყვანისმცემლობაა. ძალაუფლება არ არის ღმერთი. ღმერთი სიყვარულია. და შენ არ გწამს ღმერთის, თუ შენ არ გწამს სიყვარულის. შენ სიყვარული გამოზოგილი გაქვს ერთი ადამანისთვის და ის ერთი ადამიანი ჯერაც არ გიპოვნია და შეიძლება ვერც პიპოვნო მთელი სიცოცხლე. სხვა ადამიანებს კი არ ენდობი, ყველას ისე უყურებ, როგორც მოქიშპეს. მაშინ, როდესაც შენ და შენი მეგობრები გოლფს თამაშობთ, ათასობით ღატაკსა და ღარიბს შიმშილით სული სძვრება. გადატრიალება შენს თავში უნდა მოახდინო. ნუ შეგეშინდება უკმარისობის, ნუ იფიქრებ, რომ ჩაგვრა აუცილებელია, აი ეს იქნება ყველა რევოლუციაზე მეტი, და მერე სხვებსაც ასწავლე ასე ცხოვრება.

_ ჩემს კომპანიას რა ვუყო?

_ შენ შეგიძლია არ იმუშავო იქ. თუკი შენ არ დათანხმდები და არ შეეგუები უსამართლობას, ღმერთი მოგინახავს საქმეს. ამ ქვეყნად ბევრი რამის კეთება შეიძლება. თუკი გიყვარს ღმერთი, შიმშილი არასდროს შეგაწუხებს. იყავი ადამიანი და იამაყე იმით, რომ ადამიანი ხარ და იცოდე, რომ ღმერთმა შეგქმნა საკუთარი ხატის მიხედვით. და ნუ შეგრცხვება შენი თავისა. ნუ განსჯი მარიამ მაგდალინელს და ნუ გაამართლებ შენს უმოქმედობას.

_ უფალო იესო, ნუთუ შეიძლება რომ გადავრჩე?

_ მოუსმინე იესოს და გადარჩები.

ამ დროს ის ადგილი, სადაც იესო იდგა, განათდა. ჩემს თვალებს თითქოს მზე ეცა. ცოტა ხანში იესო იქ აღარ იდგა. მე კი გაოგნებული ვიდექი ჩანჩქერის ძირში და ვიყურებოდი ზემოთ. ასეთი რამ არასდროს არ მინახავს. ცას ვუმზერდი და თან ხმამაღლა ვამბობდი:

_ უფალო, გევედრები, მომეცი ძალა, რომ ვიყო ადამიანი და მიხაროდეს, რომ ადამიანი ვარ. უფალო, მომეცი ძალა სიყვარულისა.

ისევ უდაბნოსაკენ გავიხედე. ჯულშიანა ჩემსკენ^ ბრუნდებოდა. მისი კაბა ნახევრად გახსნილი იყო. ის მომღიმარი სახით მიახლოვდებოდა. როდესაც ჩემთან ახლოს მოვიდა, მდინარეში შემოსული სახეზე მომეფერა და წყნარი სახით მითხრა:

_ შეგიძლია კაბა შემიკრა, გეთაყვა? მე შენთვის სიწყნარე მოვიტანე.

ირაკლი კაკაბაძე, 1995 წელი

Leave a Reply