Latest posts by Aliq Media (see all)
„საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებისთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და მზად ვართ, ამ მიმართულებით, ჩვენს მეგობარ პარლამენტებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი კარგი შესაძლებლობაა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გასაძლიერებლად და ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაში წვლილის შესატანად.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების ხელმძღვანელების შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა იდეების გასაცვლელად, პარლამენტებს შორის კავშირების გასაძლიერებლად და ჩვენი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაში მეტი წვლილის შესატანად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობის 1 წლის განმავლობაში, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობების გასაძლიერებლად ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, რჩება გამოწვევები.
„ჩვენ ერთი წლით გადმოვიბარეთ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა და ამ ხნის განმავლობაში, ბევრი რამ გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მისი ღიაობის, გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად და ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმებიც გავატარეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობაზე და სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ნაყოფიერი დისკუსია უსურვა.