Latest posts by Aliq Media (see all)
ხელისუფლებას,პრეზიდენტს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის „დაპირისპირება“ ღრმავდება. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელმა საკონსტიტუციო სასამართლოში შიდაპოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. მმართველი პარტიამ „ქართული ოცნებამ“ პრეზიდენტის ამ ნაბიჯს აკრიტიკებს, ხოლო, ოპოზიციური ფრთა და სამოქალაქო საზოგადოება პრეზიდენტს უჭერს მხარს. უფრო მეტიც, მათ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით სარჩელიც შეიტანეს.
ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (EGI) ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგი გიორგი მელაშვილმა „ალიქ მედია ჯორჯია“-სთან საუბარში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ყველა, ბოლო დროინდელი ქმედება, რომელიც ფაქტობრივად არის საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟი, არის საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის პირდაპირი და აშკარა დარღვევა. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ძალის, თუ საჯარო მოხელის ვალდებულება არის დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და აღასრულოს ქართველი ხალხის ნება, რაც არის ინტეგრაცია ევროკავშირზე და ნატოში.
როგორც მელაშვილი ამბობს, საქართველოში სასამართლო ხელისუფლების პრობლემების შესახებ ყველა საუბრობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მისი თქმით, არანაირი ილუზია, იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან და არგუმენტირებულად გაამართულ გადაწყვეტილებას, არ არსებობს.
ის იმასაც ამბობს, რომ ამავდროულად, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ძალიან ნათლად დაინახოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველა შტოს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა „რუსული კანონის“ მიღებასთან და საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით.
“გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის სარჩელს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმის საბოლოო საჩვენებლად, თუ რამდენად ძლიერი არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური წნეხი სასამართლოზე, რამდენად დამოკიდებულია სასამართლო პოლიტიკურ ფაქტორებზე. ასევე, ეს კარგი საშუალებაა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მთლიანად საზოგადოებას, რომ, როგორც პრეზიდენტი, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე, იმისთვის რომ „რუსული კანონი“ გაუქმდეს და საბოლოო ჯამში ჩვენ დავხვდეთ ნორმალური, თანამედროვე და ევროპული სახელმწიფო“ – ამბობს მელაშვილი.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის 15 ივლისის სარჩელი, რომლითაც ის „აგენტების კანონის“ გაუქმებას ითხოვს.
სხვათა შორის, პრეზიდენტს ამ დრომდე არასდროს მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ეს საქმე პრეცედენტულია კიდევ ერთი მიზეზის გამო – აქამდე მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმაც შეიტანეს. სასამართლოს მიმართეს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელი უპერსპექტივო უწოდებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლში „აგენტების კანონის“ განხილვის პროცესში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაგეგმილი „Noble Partner“ სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ვაშინგტონის თქმით, მიზეზი საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვაა.
აშშ-ის ამ ნაბიჯის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გააყინა საქართველოსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდს (EPF) უნდა გადაერიცხა.