სომხეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ეროვნული კრების სპეციალურ სხდომაზე ფიცის დადებით სომხეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება მიიღო. სპეციალური სხდომის დარბაზში სომხეთის დროშა და კონსტიტუციის სპეციალური ეგზემპლარი შეიტანეს.
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტად დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი არმენ სარგსიანი, 90 ხმით 10-ის წინააღმდეგ 2 მარტს აირჩია.
2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, დღეიდან სომხეთი მმართველობის საპრეზიდენტო ფორმიდან გადადის საპარლამენტო ფორმაზე. სომხეთის ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ პარლამენტი ირჩევს. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის წევრთა ხმების 3/5-ზე მეტი.
არმენ სარგსიანი, ასევე სომხეთის ელჩი იყო ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. 1996-1997 წლებში კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.
სომხეთის უკვე ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების ვადა 9 აპრილს ამოეწურა.