Latest posts by Aliq Media (see all)
“ალიქ მედია” იწყებს ციკლს საბჭოთა იმპერიის დაშლის დასაწყისზე. იმ ეპოქაზე, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მიზნით საპროტესტო მოძრაობები დაიწყო და მასში მონაწილე ახალგაზრდებზე. იმ თაობის იმედებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას დიდი აღტაცებით ელოდა. როგორ ხედავდნენ დემოკრატიას მაშინ და რას ფიქრობდნენ თავისუფალ ბაზარზე? მწერალი და პუპლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 80-იანიების ბოლოს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო გაგვიზიარებს თავის შეხედულებებს და გამოცდილებას, მაშინდელ წინააღმდეგობრივ მოძრაობებსა და ეთნონაციონალიზმზე.
1987 წლის ბოლოდან საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო, ძირითადად, საბჭოთა დისიდენტებისგან შემდგარმა არაფორმალურმა ჯგუფმა “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ”. ამ ორგანიზაციაში მოიაზრებოდნენ თავიდანვე გულაგიდან ახლად განთავისუფლებული მერაბ კოსტავა, თამარ ჩხეიძე, ჯუმბერ კოპალიანი, გია ჭანტურია, ნანა კაკაბაძე და ბოლოს უკვე ზვიად გამსახურდიაც. ამ არაფორმალური ჯგუფის ერთიანობა რამდენად დიდხანს გაგრძელდა ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ძალიან არ მოეწონა ეს ფაქტი და სასწრაფოდ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაეპირისპირებინა ამ ორგანიზაციისთვის გარკვეული “ლიბერალური ალტერნატივა”, რომელიც ძირითადში მხარს დაუჭერდა “პერესტროიკის” მთავარ პუნქტებს, მაგრამ ექნებოდა რეფორმისტული ფრთის წარმომადგენლებიც, რომლებიც კომუნისტური პარტიის მიმართ კონსტრუქციულ კრიტიკასაც არ მოერიდებოდა.
ამ დროს საქართველოში კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ “ილიჩ” პატიაშვილი იყო. შევარდნაძე უკვე კარგა ხნის წასული იყო მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრად. პატიაშვილის ერთ-ერთი საკვანძო ბიუროს წევრი კი ნუგზარ ფოფხაძე იყო. პატიაშვილმა და ფოფხაძემ გადაწყვიტეს შეექმნათ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ალტერნატივა რუსთაველის საზოგადეობის სახით. 1988 წლის მარტში საგანგებოდ მოიწვიეს რუსთაველის საზოგადოების ყრილობა, სადაც საზოგადოების საინტერსო ნარევი იყო: შედარებით ლიბერალური ნომენკლატურის, კომკავშირის “რეფორმისტული” ფრთა და ამავე დროს, ისეთი თავისუფალი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ბატონები აკაკი ბაქრაძე, რევაზ ჯაფარიძე, ნოდარ წულეისკირი და სხვები. აქვე ახალგაზრდების ნაწილში მოიწვიეს ზურაბ ჟვანია, გიო მგელაძე, ლევან ვასაძე, გიორგი მარგველაშვილი, ელიზბარ მუჯირი, სტეფანე კალარჯიშვილი, დათო გამყრელიძე და სხვები. დათო ტურაშვილს, თედო ისაკაძეს, ფიქრია ჩიხრაძეს, ნიკო ნიკოლოზიშვილს და მათ მეგობრებს უკვე ჰქონდათ უნივერსიტეტში შექმნილი “პრეს-კლუბი” – და ამიტომაც ისინი არ მოვიდნენ დამფუძნებელ ყრილობაზე. საბოლოოდ, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს პოეტი აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, მის მოადგილეებად კი რეზო ამაშუკელი, სოსო ცისკარიშვილი და კიდევ ერთი ქალბატონი. გამგეობის წევრები იყვნენ კოტე გაბაშვილი, აკაკი ბაქრაძე, უჩა კვარაცხელია, ანდრია აფაქიძე და ბევრი ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი.
საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ენიგმა ძალიან საინტერესო მოვლენა იყო თვით სოციოლოგიური თვალსაზრისითაც. ერთი მხრივ, ეს იყო ძირითადად, ჰუმანიტარი და ამავე დროს გაწამებული მარგინალების ჯგუფი, რომლებიც ხანდახან კომიკურადაც გამოიყურებოდნენ. მაგრამ, ამავე დროს ტოტალიტარულ საზოგადოებაში, სიმართლე ისეთი დეფიციტი იყო, რომ უკვე ელემენტარული ტრუიზმის თქმაც ადამიანს უდიდეს ლეგიტიმურობას ანიჭებდა. და თუ ამას დაემატებოდა ცოტა ქარიზმაც, მაშინ უკვე საქმე სერიოზულ პოლიტიკურ ლიდერთან გვქონდა. მერაბ კოსტავას ყველა ეს თვისება ჰქონდა. და ის, შეიძლება ითქვას, რომ 1988 წელს იყო საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო გამაერთიანებელი და ლიდერი. მის ირგვლივ იყვნენ სხვადასხვა ნიჭიერი და ქარიზმატიული ლიდერები – პირველ რიგში ზვიად გამსახურდია, რომელსაც განათლების გარდა, ქართველებისთვის ტრადიციულად მისაღები “ოჯახიშვილობაც” და გარეგნობაც უწყობდა ხელს – და ამავე დროს თამარ ჩხეიძე, რომელსაც “ახალგაზრდა გმირის” სახელი ჰქონდა ჯერ კიდევ საკუთარი ბავშვობიდან, როდესაც ღია ოპოზიციაში ჩაუდგა მის საკუთარ მამასაც კი და მთელს მის გამზრდელ ელიტისტ “ინტელიგენციას”. ასევე, გამორჩეულ ფიგურებად ითვლებოდნენ გია ჭანტურია, უაღრესად ქარიზმატიული ახალგაზრდა დისიდენტი, რომელსაც ხშირად ზვიადის ახალგაზრდა ვარიანტად მოიაზრებდნენ, ირაკლი წერეთელი, რომელმაც პირველმა წამოაყენა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი სწორედაც, რომ 1988 წლის ნოემბრის აქციებზე, ირაკლი ბათიაშვილი, ახალგაზრდა დისიდენტი-ფილოსოფოსი, რომელიც ასევე ქარიზმით გამოირჩეოდა, თავისი ზომიერებით და სიბრძნით გამორჩეული ახალგაზრდა ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე, ცოცხალი პოლიტიკური ენციკლოპედია, ირაკლი შენგელაია და ბევრი სხვა ნიჭიერი ადამიანი. გარდა ამისა, ნოდარ ნათაძე, მერაბ მამარდაშვილი, ნაირა გელაშვილი, იზა ორჯონიკიძე, ლუიზა შაკიაშვილი და კიდევ ბევრი სხვა მაშინდელი დისიდენტური ინტელგენციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ. საბჭოთა და ქართული დისიდენტური მოძრაობის დამახასიათებელი თვისება იყო, რომ იქ ძირითადად ჰუმანიტარები და მეცნიერები დომინირებდნენ – ეს იყო ხალხი ვინც კარგად იცოდა ისტორია, პოეზია, ხელოვნება და ხშირად ფილოსოფიაც კი. ამიტომაც ამ ადამიანებთან დროის გატარება ხშირად სასიამოვნოც კი იყო და ასევე იყო ძალიან სასარგებლო ახალგაზრდების განათლების თვალსაზრისითაც. რა თქმა უნდა, ყველაფერს ორი მხარე აქვს – ჰუმანიტარები გამოირჩევიან ემოციურობითაც და სპონტანურობითაც, და ეს თვისებები შეიძლება საშიშიც კი იყოს პოლიტიკაში.
ტექნოკრატებისგან განსხვავებით ეს ადამიანები ექსტრა-ორდინარულ გადაწყვეტილებებს ხშირად იღებდა და მათ მოზღვავებული შემოქმედებითი ენერგია ჰქონდათ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. 1988 წლის გაზაფხულზე უკვე დაიწყო არაფორმალური შეხვედრები კონკრეტული ადამიანების ბინებზე. ამ შეხვედრებს განსაკუთრებული რევოლუციური რომანტიკის სურნელი ჰქონდა და ახაგაზრდებს განსაკუთრებით უხაროდა ამ შეხვედრებზე დასწრება. ცხადია, საბჭოთა უშიშროება ამ შეხვედრებს ყურადღების მიღმა არ ტოვებდა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ახალგაზრდობა მაინც დიდი ინტერესით მიდიოდა ამ შეხვედრებზე.
1988 წელს დღის წესრიგში რამდენიმე ძირითადი საკითხი იდგა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიტორიაზე საბჭოთა არმიის წვრთნები და აფეთქებები, ხუდონ ჰესის მშენებლობის საშიშროება და ზოგადად დემოკრატიის დონე ქვეყანაში. სექტემბერში სტუდენტები ქალაქს დაუბრუნდნენ და ოლიმპიადის ყურების მერე – უკვე დაიწყო ინტენსიური საპროტესტო მოძრაობა. უკვე აშკარა ხდებოდა, რომ იდენტობის პოლიტიკა საჭადრაკო დაფაზე ძირითად ადგილს იკავებდა.
1988 წელი იდენტობის პოლიტიკის საწყის პერიოდად შეიძლება მივიჩნიოთ და ეს პოლიტიკა უკვე 30 წელია წარმართავს დისკურსს დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში.
ავტორი: ირაკლი კაკაბაძე