Latest posts by Aliq Media (see all)
“ალიქ მედია” იწყებს ციკლს საბჭოთა იმპერიის დაშლის დასაწყისზე. იმ ეპოქაზე, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მიზნით საპროტესტო მოძრაობები დაიწყო და მასში მონაწილე ახალგაზრდებზე. იმ თაობის იმედებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას დიდი აღტაცებით ელოდა. როგორ ხედავდნენ დემოკრატიას მაშინ და რას ფიქრობდნენ თავისუფალ ბაზარზე? მწერალი და პუპლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 80-იანიების ბოლოს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო გაგვიზიარებს თავის შეხედულებებს და გამოცდილებას, მაშინდელ წინააღმდეგობრივ მოძრაობებსა და ეთნონაციონალიზმზე.
ზოგადად, მიჩნეულია რომ 1988 წელს დიდი პროცესები დაიწყო მთელს ყოფილ საბჭოთა იმპერიაში. ცხადია, ამაში არის სიმართლე. ეს იყო ერთი დიდი ყალბად კოსმოპოლიური გრანდ-ნარატივის შეცვლა და ეთნონაციონალიზმის ახალი ძალით აღმოჩენების დასაწყისი. მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ამ პროცესის ახალგაზრდა მონაწილე აღმოვჩნდი. როგორც ჰანა არენდტი ამბობს თავის წიგნში “ტოტალიტარიზმის სათავეებთან” – თანამედროვე, მოდერნული “ერი-სახელმწიფოს” სურვილი ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის გახდა იმის მიზეზი, რომ მოენდომებინა საკუთარი სახელმწიფოებრიობის დამყარება. თანაც ეს სახელწმიფოებრიობა ფრანგული რევოლუციის შემდეგ უკვე “ერის” პიმატზე იყო აგებული და არა ხელმწიფის ან რომელიმე სხვა სუვერენი პიროვნების – აქედან გამომდინარე ეთნიკური და რელიგიური ნიშანთვისებების გაფეტიშების პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს მთელი მეოცე საუკუნე. ჯერ ინდოეთსა და აფრიკაში დაწყებული განმათავისუფლებელი ბრძოლები ინგლისური და ზოგადად, ევროპული კოლონიალიმიზს წინააღმდეგ და შემდეგ უკვე რუსული იმპერიალიზმის საწინააღმდეგო გამოსვლები ყოფილ საბჭოთა იმპერიაში. 1988 წელს დაწყებულ ეროვნული მოძრაობის ახალ ეტაპს ერთი გამორჩეული თვისება ჰქონდა: კარგად გამოკვეთილი ეთნო-ცენტრისტული “ერი-სახელმწიფოს” ჩამოყალიბების სურვილი და ერთიანი წინააღმდეგობა რუსული იმპერიალიზმის დამაგრვეველი ძალის მიმართ.
“პერესტროიკის” ძირითადი აჯენდა იყო დაძაბულობის მოსპობა საბჭოთა და ამერიკულ ელიტებს შორის – ეს იყო გლობალიზმის გამარჯვება ელიტების დონეზე ნაციონალიზმის დროშის ქვეშ. თავისთავად, ძალიან საინტერესოა ეს პარადოქსული მოცემულობა, რომელიც 1980-იანმა წლებმა მოგვცეს. გორბაჩოვი და შევარდნაძე საბჭოთა იმპერიის გაყიდვით იყვნენ ისტერიკულად დაკავებულები – და ახალგაზრდა თაობა კი ცდილობდა საბჭოთა კავშირს გაქცეოდა 1980-იანი წლების ბოლოდან და 1990 წლებში, როდესაც ყველა ყოფილ რესპუბლიკაში დაისადგურა ღიად კრიმინალურმა წესრიგმა და საოცარმა სიღატაკემ. ლენინის და სტალინის მიერ აგებულმა სახემწიფომ ვერ გაუძლო მომხმარებლური ნაციონალიზმის მიერ მოცემულ გამოწვევას და ჯინსების, საღეჭი რეზინების და “მერსედეს ბენცების” წინ ჩამოინგრა, ისე რომ მისი შემცვლელი იდეოლოგიის დატოვებაც კი ვერ მოახერხა.
ამ დროს უკვე იწყებს გამოღვიძებას ეთნოცენტრისტული და ნაციონალისტური ნარატივები, და დიდი შოვინისტური დისკურსი, რომელსაც “ლიბერალური დემოკრატიის” პირობებში ძირითადი როლი ენიჭება. 1980-იან წლებში რელიგიური ფუნდამენტალიზმი ჯერ არ იყო დომინანტურ პოზიციაზე. პირველი ადგილი ეკავა “ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას”, რომლისაც ყოველ ჩვენგანს სწამდა პრაქტიკულადაც და მატერიალურადაც.
ზვიად გამსახურდიამ ერთხელ ფრანგ ჟურნალისტს ჩემი თანდასწრებით კარგად უთხრა: “ჩვენი ნაციონალიზმი არაფრით განსხვავდება საფრანგეთის რევოლუციის იდეალებისგანო”. რეალობაში, ის რასაც გამსახურდიას უკიჟინებდნენ 1980-იანი წლების დასასრულს, იყო ფრანგული Patria ნაციონალიზმის ერთ-ერთი რიგითი ვერსია – მასში არ იყო განსაკუთრებული ქართული ელემენტები. უფრო მეტიც, ყველა “ეროვნულ-განმათავისუფლებელი” მოძრაობა სწორედაც, რომ ფრანგულ მოდელზე მოიჭრა და ეს იყო ძალიან საინტეერსო ფენომენი. მოხდა “ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების” ექსპორტი დასავლეთიდან აღმოსავლეთში – და ის დღემდე გრძელდება. მოდელირება და სტრუქტურის ჩამოყალიბება მთლიანად ხდებოდა არსებული დასავლური მოდელების მხრიდან და ამაში ზვიად გამსახურდია სრულიად მართალი იყო – ეს არ იყო განსაკუთრებით ორიგინალური მოძრაობები. ხალხს აღარ უნდოდა ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში ცხოვრება და მას მისცეს დასავლური მოდელი.
სოლიდარულობის და ტრანს-ნაციონალური ცნობიერების ელემენტები 1980-იან წლებში ჯერ კიდევ იყო – თუმცა ის მალე ქრებოდა. მაგალითად, მე კარგად მახსოვს, რომ გია ჭანტურია და მისი კოლეგები ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან ამ დროს აწყობდნენ გამოსვლებს ცნობილი სომეხი დისიდენტის პარუირ აირიკიანის განთავისუფლების მოთხოვნით. აგრეთვე იყო “სახაროვის და ელენე ბოენრის” მხარდამჭერთა ჯგუფები. შეიქმნა შედარებით ტრანს-ნაციონალური მწვანეთა მოძრაობა, მაგრამ ეს მხოლოდ ფრაგმენტები იყო. საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ეთნოცენტრისტულმა ნარატივმა გადაყლაპა – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმპერიის ყველა კუთხე-კუნჭულში. იმპერიების დაშლის მანიშნებელი ეს მხარე ყოველთვის მტკივნეულად აისახება ისტორიაზე და ამ დროსაც ასე მოხდა. ჯერ 1988 წელს გამოჩნდა ნაციონალიზმი და ეთნოცენტრიზმის საშიში კონტურები – და რაც მთავარია არ ჩანდა ახალი ტიპის შოვინიზმის არანაირი ზოგადსაკაცობრიო ალტერნატივა.
ჩვენ ყველანი ბედნიერები ვიყავით იმით, რომ “თავისუფლებისთვის” ვიბრძოდით და ეს დრო მართლაც რომანტიკული იყო. ჩვენ გვინდოდა ციხიდან გასვლა, მაგრამ არ ვიცოდით სად მივდიოდით – და ბევრმა ჩემი თაობის წარმომადგენელმა, რომელიც ახლა 50 წელს უკაკუნებს – არც ახლა იცის, სად მიდიოდა და სად მიდის. ჩამოყალიბებული ეროვნული ფოლოსოფია ვერ იშვა. ილია ჭავჭავაძე ზოგადად იქცა მთავარ სიმბოლოდ საქართველოში, მაგრამ რომელი ილია? “ოთარაანთ ქვრივის” ილია, “მგზავრის წერილების” ილია, “გლახის ნაამბობის” ილია თუ “განდეგილის” ილია? ეროვნული მოძრაობის იდეოლოგიამ კარგად ვერ გაიაზრა ილიას ფენომენიც კი და როგორც ეს საერთოდ ხდებოდა ხოლმე ძალიან ზედაპირული იმიჯი აიღო ილიასი – მისი პორტრეტი – შიგთავსისგან გამოფიტული პორტრეტი, რომელიც თავისით არაფერს გვეუბნებოდა.
რისი მიცემა შეეძლო საქართველოს მსოფლიოსთვის? ამაზეც იმ დროს საკმაოდ ზედაპირული საუბარი მიდიოდა. პასხუები მერყეობდა “ბორჯომსა” და “მარგანეცს” შორის და რატომღაც არავინ ახსენებდა “სტუმარ-მასპინძელს”, “ვეფხისა და მოყმისა ლექსს” – პირიქით – ადოლფ ჰიტლერის ქება და იმის აღნიშვნა რომ “ის თავისი ერისთვის მაინც კარგს აკეთებდა” იქცა ჩვეულებრივ მოვლენად. და არასწორია, როდესაც ან პეწი ნაციონალისტური დისკურსის ავტორად ზვიად გამსახურდიას აცხადებენ -ეს არ არის მართალი. აი, ამ დახურდავებული და იაფფასიანი – ნახევრად ჰიტლერული ნაციონალიზმის იდეის ავტორი იყო საბჭოთა კავშირის ორდენოსანი “წითელი ინტელიგენცია” – სწორედ მის საუნივერსიტეტო კორიდორებში იჭედებოდა ეს ავადმყოფური იდეები და მერე მას ხალხი იმეორებდა და სწორედ, ამის შედეგი იყო მერე ის დიდი ტრაგედიები, რომლებიც საქართველოს დაატყდა თავს 1990-იანი წლების დასაწყისში. ეს იდეოლოგიური საფუძველი საბჭოთა პროფესორების მიერ იყო მომზადებული. პარადოქსულია, მაგრამ მარსიზმ-ლენინიზმში ნავარჯიშებმა “ინტელიგენციამ” მოამზადა ფაშისტური ტიპის ეთნოცენტრისტული რევოლუცია.
ავტორი: ირაკლი კაკაბაძე