სომხური სამარხო ტოლმა ვაზის ფოთოლში

ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა სომხური სამზარეულოს უძველესი კერძი და კულტურის ნაწილია. ეთნოგრაფები და ლინგვისტები მიიჩნევენ, რომ სიტყვა ტოლმა ურარტული სიტყვიდან „ტილიდან“ მოდის, რაც ყურძნის ფოთლებს ნიშნავს. არსებობს სხვადასხვა რეცეპტი და მეთოდი მისი მომზადების, თუმცა თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკური გემო აქვს, რაც ტოლმას სომხური სამზარეულოს უნიკალურ კერძად აქცევს.

ტოლმა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ უნიკალურია, რომლის მომზადება შესაძლებელია როგორც ხორცით ასევე ბოსტნეულით.

ბოსტნეულის ტოლმის ისტორია მარხვას უკავშირდება. “პასუც ტოლმა” ანუ სამარხო ტოლმა ყველაზე ხშირად სწორედ მარხვის პერიოდში მზადდება. ადრე მას იმ ბოსტნეულისგან ამზადებდნენ, რომელიც სახლში მოეპოვებოდათ, თუმცა დროთა განმავლობაში შეიცვალა, როგორც ინგრედიენტების შემადგენლობა ასევე მისი მომზადების წესი.

დღეს სამარხო ტოლმა ოსპისგან მზადდება, თუმცა ასევე იყენებენ ლობიოს და მსგავს მარცვლეულ კულტურებს.

სომხური ტრადიციული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძის მომზადება საკმაოდ მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ.

შემადგენლობა

  • ვაზის ფოთოლი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 სადილის კოვზი ტომატი
  • 200 გრ. ოსპი
  • 200 გრ. ბულგური
  • 5-6 ცალი შავი ქლიავის ან გაგრის ჩირი
  • რეჰანი ან ქონდარი
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესი

ტოლმის მომზადებამდე ოსპს 4-5 საათით ადრე დაასხით ცივი წყალი.

დაჭერით ხახვი და ზეთთან ერთად შუშეთ სანამ ვარდისფრად არ შეიფერება. დაუმატეთ ტომატი, ოსპი, ბულგური, შემდეგ მარილი, პილპილი, რეჰანი ან ქონდარი გემოვნებით. მიღებული მასა შუშეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთით. მომზადებულ ფარშს დაუმატეთ დაჭრილი ქლიავის ან გაგრის ჩირი.

გარეცხეთ ვაზის ფოთოლი, რომელიც მზა სახით შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში ან ბაზარში, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სახლშიც გააკეთოთ. ვაზის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და მალევე ამოიღეთ წყლიდან. მოაჭერით ყუნწები  და გუნდები შემდეგ გადაახვიეთ.

ტოლმა მჭიდროდ მოაწყვეთ, დაასხით ცივი წყალი და თავზე დაადეთ სიმძიმე, რომ ზევით არ წამოვიდეს. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. სომხური ტრადიციული ტოლმა შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცხელი ასევე ცივი.

Leave a Reply