საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომეხ კოლეგასთან კარენ კარაპეტიანთან ერთად შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

“სწორედ, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შევძელით ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაფუძნება და მოხარულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოირჩევა განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას.

“მინდა, მივესალმო იმ ფაქტს, რომ გვაქვს ძალიან მზარდი დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ასევე მინდა, ჩემს კოლეგას მივულოცო ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი სომხეთში. ეს წარმატება ჩვენც გვახარებს, როგორც სომხეთის მეზობელ და მეგობარ ქვეყანას,” აღნიშნა მან.

კვირიკაშვილის თქმით, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, კულტურული ურთიერთობები, ხელოვნება, განათლება და მოსწავლეების და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა.

“ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებს და ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს გასაკეთებელი,” აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

“ჩვენ მზად ვართ, რომ მრავალმხრივ პროექტებში, სომხეთთან ერთად საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ შეგვიძლია ორმხრივი სარგებლის ნახვა, გამომდინარე იმ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების ქსელიდან, რომელიც საქართველოს გააჩნია. სომხეთს, ასევე, თავის მხრივ აქვს ძალიან სასარგებლო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს მხრიდან შეიძლება იქნას გამოყენებული,” განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოველმხრივი და გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს.

პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა არმენ სარგსიანს.

“ვიცით, რომ ეს არჩევნები უკვე ჩატარდა პარლამენტში და მინდა, ვუსურვო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რომ წარმატებით დაასრულს ის რეფორმა, რომელიც დაწყებულია სომხეთში. მინდა, ასევე, გამოვთქვა კმაყოფილება გამართული მოლაპარაკებების შედეგთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს კიდევ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიმართულებებით – მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ძალიან საჭირო შეხვედრები,” დასძინა მან.

 

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

“დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენმა შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ თბილ და კონსტრუქციულ გარემოში. განვიხილეთ, როგორც ჩვენი ორმხრივი, ისე რეგიონალური საკითხები. ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე. ასევე, იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადავდგათ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ვისაუბრეთ ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროების შესახებ. შევთანხმდით იმ ქმედებებზე, რაც უნდა განვახორციელოთ საიმისოდ, რომ ორი ქვეყნის ახალგაზრდების ურთიერთობამ მიიღოს ინტენსიური ხასიათი,”-აღნიშნა კარაპეტიანმა.

სომხეთის პრემიერის განცხადებით, საუბარი შეეხო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხებსაც.

“ჩვენ რეალურად დავსახეთ მიზნები, თუ საით მივდივართ. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, ასევე, ეკონომიკური განვითარების გზაზე მიღწეული მაღალი მაჩვენებლისა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდი გვაქვს,” აღნიშნა კარაპეტიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დღეს დასრულდება.

Leave a Reply