Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისის ცენტრში მდებარე სომხურ თეატრს, იმავე ადგილზე ახალი შენობა ექნება, რომელიც კიდევ უფრო თანამედროვე და მრავალფუნქციური იქნება. ამის შესახებ, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბაქრაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობდა.
„ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა სომხური თეატრის რეაბილიტაციას. წლების განმავლობაში ეს საკითხი ძალიან მწვავედ იდგა ჩვენი სამინისტროს წინაშე და სახალხო დამცველის აპარატი ყოველთვის მიგვითითებდა ამაზე. მინდა გითხრათ, რომ სომხური თეატრის რეაბილიტაცია დაწყებულია. რეაბილიტაციის პროცესში გამოყოფილია უკვე რვა მილიონ ლარზე მეტი. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს სრულად მის რეაბილიტაციას. დასკვნის საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ და მათ მიერაა შედგენილი გაძლიერებისა და გამაგრების პროექტი, უკვე სამშენებლო პროცესის დროს აღმოჩნდა, რომ უფრო მეტადაა დაზიანებული ეს შენობა, ვიდრე პირველ ეტაპზე პროექტის შედგენის დროს ჩანდა და მიღებულია გადაწყვეტილება, შეჯერებულია პოზიცია, როგორც თეატრის ხელმძღვანელობასთან, ასევე საელჩოსთან, ვგულისხმობს ჩვენს კოლეგა სამინისტროს, სომხეთის მხარეს. ფონდ „ქართუს“ მიერ აღებულია ვალდებულება ამ ადგილზე ახალი შენობის აგებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება კიდევ უფრო თანამედროვე და მრავალფუნქციური დატვირთვით“, – განაცხადა ბაქრაძემ.
“ალიქ მედია” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, არმენ ბაიანდურიანს, რომლემაც მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და მასში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
“როდესაც შენობას ბეტონი მოაცალეს, აღმოჩნდა, რომ ყოველ მეტრში ბზარია, მათი გამაგრების შემდეგ შენობა 4 ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს, ეს სეისმური ცენტრის გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, შენობას 2-3 წლის შემდეგ, ბზარი ისევ გაუჩნდება. ამის შესახებ სამინისტრო, თეატრის ხელმძღვანელობა, თავად ივანიშვილიც, ამის შესახებ ინფორმირებულები ვიყავით, შემოთავაზებული იყო კედლები დაგვენგრია და უფრო სწრაფად და მოკლე ვადებში მყარი შენობა აგვეშენებინა. არ მესმის რა არის ამაში საგანგაშო”,-აღნიშნა ბაიანდურიანმა.
სომხური თეატრის აღდგენითი სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო, თეატრის მსახიობები დროებით თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში აგრძელებენ მუშაობას.