19 თებერვალი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეა (1869 – 1923). იგი სომხეთში, სოფელი დსეღიში, ლორეს მაზრაში (ახლანდელი თუმანიანის რაიონი) დაიბადა. დაამთავრა ჯალალოღლის (ახლანდელი სტეფანოვანი) ოთხკლასიანი სასწავლებელი და მოგვიანებით სწავლობდა თბილისის ნერსესის სემინარიაში.
ჰოვანეს თუმანიანის აქტიური მოღვაწეობა 1886 წლიდან იწყება. მისი შემოქმედება მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა – წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავებს, ბალადებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალური-ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწმყო. ფართოდაა ცნობილი თუმანიანის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტებზე შექმნილი მრავალი ბალადა და ზღაპარი.
მისი ცნობილი ნაწარმოებებია : „უიღბლო ვაჭრები“ (1886); „ანუში“ (1890, გამოქვეყნდა 1892), „მარო“ (1887, გამოქვეყნდა 1892), „თმოგვის ციხის აღება“ (1902, გამოქვეყნდა 1905), სომხების საგმირო თქმულებების საფუძველზე შექმნილი პოემა „დავით სასუნცი“ (1902). ფართოდაა ცნობილი თუმანიანის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტებზე შექმნილი მრავალი ბალადა და ზღაპარი („ერთი წვეთი თაფლი“ – გამოქვეყნდა 1909 წელს; „გულადი ნაზარა“ – გამოქვეყნდა 1912 წელს და სხვა) .
თუმანიანი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის დამცველი იყო და ამ თემაზე მრავალი ლექსი აქვს დაწერილი- „შერიგება“ (1893), „საქართველოს შესახებ“ (1916), „საქართველოს სული“ (1919), „საქართველოს პოეტებს“ (1919) და სხვა. თუმანიანის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. მისი არაერთი ნაწარმოები ქართულად იოსებ გრიშაშვილმა თარგმნა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი