ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ჰაკერულ თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახდებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, საქმე ეხება 2017 წლის ივნისში მომხდარ ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევას, რომელიც “დესტრუქციული და ძვირადღირებული თავდასხმა” იყო.
“თავდასხმა, რომელიც “NotPetya” გახლდათ, სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, რამაც მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია ევროპის, აზიისა და ამერიკის მასშტაბით. ეს იყო კრემლის ძალისხმევა უკრაინის დესტაბილიზაციისთვის და კიდევ უფრო ცხადად ცხადყოფს, რომ რუსეთი მიმდინარე კონფლიქტში მხარეა. ეს იყო უგუნური კიბერთავდასხმა, რომელსაც საერთაშორისო პასუხი გაეცემა,”- წერია განცხადებაში.
იანვარში, The Washington Post-მა დაწერა, რომ აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ (CIA) ვირუსი-გამომძალველი NotPetya-ს ავტორებად რუსი ჰაკერები დაასახელა.
2017 წლის ივნისში ინტერნეტში გავრცელდა ე.წ. გამომძალველი ვირუსი, რომელიც კომპიუტერში მოხვედრის შემდეგ მონაცემებს შიფრავდა და მომხმარებელს კომპიუტერზე წვდომის სანაცვლოდ 300 დოლარის გადარიცხვას სთხოვდა.
ვირუსი უკრაინიდან გავრცელდა და შემდეგ 64 ქვეყნის კომპიუტერები დააზიანა, მათ შორის, საქართველოშიც. ახალი ვირუსი ჰგავდა პროგრამა Petya-ს, რომელიც 2016 გაჩნდა და იმავე მოწყვლად ადგილებს იყენებდა, რასაც ვირუსი WannaCry, რომელმაც 2017 წლის მაისში ათასობით კომპიუტერი დააზიანა.
აღსანიშნავია, რომ 15 თებერვალს ნიუ-ჯერსის შტატის სასამართლომ, რუსეთის ორ მოქალაქეს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰაკერულ თავდასხმაში ბრალი წაუყენა.
37 წლის ვლადიმერ დრინკმანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მისი თანაშემწე დიმიტრი სმილიანეცს 4 წელი, თუმცა მან წინასწარ პატიმრობაში სასჯელი უკვე მოიხადა.
დინკმანი და სმილიანეცი ნიდერლანდებში 2012 წელს აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. ამერიკაში მათ 2005-2012 წლებში მსხვილ ფინანსურ კომპანიებზე, მათ შორის Nasdaq, 7-Eleven, Carrefour და JC Penney-ზე ჰაკერულ თავდასხმაში წაუყენეს ბრალი. რუსეთის მოქალაქეებმა 160 მილიონი საკრედიტო ბარათის მონაცემები მოიპარეს. ჰაკერების მიერ მიყენებული ზარალი 300 მილიონ დოლარად შეფასდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021