აშშ-მა სომხეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომხეთის მთავრობას აცნობა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან მნიშვნელოვანი მოცულობის კონტრაქტების დამყარების შემთხვევაში, შეიძლება მათ წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტროს პრესმდივანმა ტიგრან ბალაიანმა მხოლოდ ის თქვა, რომ სომხეთი “დიდად აფასებს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას”.

სომეხი ექსპერტები ხელისუფლებას აშშ-ის განცხადებაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ. “არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან პუტინი არსებობს, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს პოლიტოლოგი ლევონ შირინიანი.

“აშშ-ის მოწინააღმდეგეთა მიმართ სანქციების საშუალებით მოქმედების” შესახებ კანონის თანახმად, 29 იანვრიდან აშშ-ს შეუძლია სანქციები დააწესოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებთან მნიშვნელოვანი მასშტაბის გარიგებას დადებენ.

რუსეთი კი ახალი სანქციების მოლოდინშია. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სანქციები ე.წ. “კრემლის სიაში” შესულ პირებზე გავრცელდება. იანვარში გამოქვეყნებულ ე.წ. “კრემლის ანგრიშში” 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი შედის.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 26 იანვარს დააწესა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მანამდე იარსებებს, სანამ რუსეთი პროვოკაციულ და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს არ შეწყვეტს.

რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული გაფართოებული სანქციები 29 იანვარს ამოქმედდა.

imedinews.ge

Leave a Reply