13 თებერვალს, ერევნის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრებს შორის ინციდენტი მოხდა. დღის წესრიგის საკითხებიდან ერთ-ერთის განხილვისას ფრაქცია “ერკირ წირანის” წევრებმა მინის კონტეინერები განათავსეს თავიანთ სამუშაო მაგიდებზე, რომელშიც კანალიზაციის წყალი ესხა. წყალი მოტანილი იყო ერევნის ნუბარაშენის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან, სადაც საკანალიზაციო არხი დაზიანებულია.
ფრაქციის წევრები მინის კონტეინერებით მიუახლოვდნენ ერევნის მერს ტარონ მარგარიანს, რა დროსაც ფეკალური მასა ჭურჭლიდან ძირს დაიღვარა და დარბაზში სუნი დადგა. ფაქტმა გააღიზიანა მმართველი რესპუბლიკური პარტიის საკრებულოს წევრები და მათ ძალადობა განახორციელეს ქალ დეპუტატებზე.
ფრაქცია “გამოსავალის” წევრები შეეცადნენ დაემშვიდებინა დაპირისპირებული მხარეები, თუმცა საკრებულოს წევრმა გორ ვარდანიანმა და სხვებმა ქალები ძალით, სილების გაწნით გაიყვანეს დარბაზიდან.
შეხლა-შემოხლის შემდეგ ადგილზე პოლიცია მოვიდა. ფრაქცია “ერკირ წირანის” ლიდერმა ზარუჰი ფოსტანჯიანმა განაცხადა, რომ მათ მიმართ ძალადობა განხორციელდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტებს დაატოვებინეს დარბაზი, იმ მიზეზით, რომ შესვენება გამოცხადდა.
ერევნის საკრებულომ სხდომა ერთსაათიანი შესვენების შემდეგ განაახლა. მერმა ტარონ მარგარიანმა განაცხადა, რომ თუ ფრაქციის წევრები კიდევ ერთხელ შეეცდებიან სხდომის ჩაშლას ისინი დატოვებენ დარბაზს.