საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა, ქართული და უცხოური მედიისათვის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობისა მიუხედავად, ყოველთვის გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს საქართველო – სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი შესრულდა.
“ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. თანახმა ვართ, რომ ყველა რთული საკითხი გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის და მოლაპარაკებების ფარგლებში.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებმაც რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება და მეტი სტაბილურობა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ ჩართულობაზე, როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე სომხეთის აქტიურ თანამშრომლობაზე ევრაზიული კავშირის ფარგლებში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან, ხოლო სომხეთი ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრია, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით, წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდა, ასევე ტურიზმის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.
აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთი მცდელობა მთლიანად ავითვისოთ პოტენციალი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, პოტენციალი, რომელიც არსებობს ორმხრივ ურთიერთობებში და კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ მოძმე ერს შორის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სერჟ სარგსიანის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ეკონომიკური მიმართულების თემები.
“ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას უნდა ვიყოთ გაწონასწორებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლოა მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში.
ჩვენთვის კანონია და მე გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ყველა მოლაპარაკებების დროს, ყოველთვის, ძალისხმევას არ ვიშურებთ მივიღოთ ისეთი დოკუმენტები, ისეთი განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს.
მე ვფიქრობ, როგორც ქართული, ასევე სომხური მხრიდან, ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს. ერთხელ კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, აქ მყოფ ვიცეპრემიერებს, მინისტრებს შედეგიანი მოლაპარაკებებისთვის და ერთხელ კიდევ ვაცხადებ, რომ ჩვენ ღრმად დაინტერესებულნი ვართ ძმურ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით ამ შეხედულების მომხრენი”, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.