Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში მიაჩნიათ, რომ ამ პროცესის დასაწყებად მზად არიან, მხოლოდ ევროკავშირის ყველა წევრი- ქვეყნის თანხმობა უნდა მიიღონ
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელიც მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება, ევროპარლამენტმა ევროკავშირის ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგი დაიწყონ.
სომხეთში ასევე მიაჩნიათ, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივების ეტაპი წარმატებით დასრულდა და უკვე დროა, რომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ.
„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის დასაწყებად სომხეთმა გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს. სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი, მნიშვნელოვნების მიხედვით, მესამე ადგილას დგას – სომხეთსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერისა, და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ“, – განაცხადა საგარეო კავშირების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დეპუტატმა არმენ აშოტიანმა.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დასაწყებად საჭიროა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, რომლებმაც, აშოტიანის აზრით, პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინონ და სომხეთს ასეთი შესაძლებლობა მისცენ.
ეროვნული საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ტევან პოღოსიანის აზრით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ, რომელიც 24 ნოემბერს არის დაგეგმილი, შესაძლოა, დადებითი ფონი უზრუნველყოს საიმისოდ, რომ სომხეთთან დიალოგის დაწყებას ევროკავშირის ყველა ქვეყანამ მისცეს პოლიტიკური მანდატი.
„ორი წლის წინათ აღმოსავლეთი პარტნიორობის რიგის სამიტზე სომხეთი და ევროკავშირი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, და ევროკავშირმა პირობა დადო, რომ სომხეთთან სავიზო რეჟიმის თაობაზე თანამშრომლობას გააგრძელებდა. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი სომხეთში უნდა ჩავიდეს და შეაფასოს, თუ რამდენად სრულად შეასრულა სომხეთმა წინა ეტაპზე ნაკისრი ვალდებულებები.
სომხეთმა მაღალ დონეზე შეასრულა სავიზო ეჟიმის გამარტივებისთვის საჭირო ნაბიჯები, და ჩვენ არანაირი პრობლემა არ უნდა შეგვექმნას. მაგრამ კეთილსაიმედო პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას უნდა მოვაწეროთ ხელი“ , – თქვა ტევონ პოღოსიანმა.
სტატიის წყარო Jam-news.net