Latest posts by Aliq Media (see all)
„საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ – არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს აერთიანებს. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ორგანიზებული და ძლიერი სათვისტომოს ფორმირებაა, რომელსაც შეეძლება დაიცვას მოქალაქეების უფლებები, კეთილდღეობა მოუტანოს სახელმწიფოს, გახდეს საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების გარანტი.
„მოგეხსენბათ რომ, საქართველოში და კონკრეტულად თბილისში, ბევრი ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს. მართალია, მაშინ, როცა ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, უფრო მეტი ადამიანი იყო. დაახლოებით 50 ათასი ადამიანი, რომლებმაც აღწერის დროს, ეროვნების გრაფაში სომეხი მიუთითა. 90-იანი წლებიდან, მთელ საქართველოში რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ ადამიანების გაერთიანებას და ორგანიზებას“, – ამბობს საქართველოს სომხური სათვისტომოს, საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი სანდრო ოჰანიანი.
სათვისტომო 2004 წელს ჩამოყალიბდა და მისი მთავარი ამოცანებია: საქართველოს სომხობის თვითმყოფადობისა და განმტკიცების ხელშეწყობა; ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, მშვიდობის, მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოში მცხოვრები სომხების ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და საგანმანათლებლო უფლებების დაცვა; ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და განვითარების ხელშეწყობა; საქართველოს სომხობის სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნება და გაძლიერება; მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად და პროფესიული ჩვევების ასამაღლებლად სათანადო პირობების შექმნა საქართველოს სომხობისთვის; მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების ხელშეწყობა სომეხ და ქართველ ხალხს შორის.
„ჩვენი არსებობა, ახალგაზრდული მოძრაობით დაიწყო, ამიტომ უფრო ახალგაზრდული ორგანიზაციაა. ჩვენ დავიწყეთ და ვაგრძელებთ ლაპარაკს იმ თემებზე და პრობლემებზე, რომლებზეც სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვები არ ლაპარაკობენ. ეს არის უპირველეს ყოვლისა განათლებაში არსებული პრობლემები, რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობა, მნიშვნელოვანი მუშაობა მიმდინარეობს ახალგაზრდების კონსოლიდირებაზე, ადგილობრივი სომხების უფლებების დაცვაზე, ასევე, სომეხთა გენოციდზე“, – ამბობს სანდრო ოჰანიანი.
სათვისტომოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანა მზად არ არის, საკუთარი მოქალაქეები დაიბრუნოს.
ის, რომ ჯერ კიდევ, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. სანდრო ოჰანიანი ამბობს, რომ „დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბების პროცესშია და სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არის პირობები იმისათვის, რომ მოქალაქეებმა საკუთარი მომავალი დაინახონ. ამასთან, არსებობს თანასწორობის პრობლემა. ქვეყანა სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, როგორც თანაბარ დომინანტს ვერ აღიქვამს. ქვეყნის სათავეში მყოფი ადამიანები კი, სხვა რაღაცეებზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე იმაზე, რისთვისაც აირჩიეს. ყველაფერი საერთო პრობლემებიდან მოდის. ჩვენი პრობლემები კი, როგორც ეთნიკური ჯგუფის, უმცირესობის სპეციფიკურია, რასაც ვთქვათ, ქართველები ვერ გრძნობენ. თუმცა, პრობლემები არსებობს და თვალი უნდა გავუსწოროთ“.
სიტყვის, აღმსარებლობის თავისუფლება, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა, გარანტიები სახელმწიფოს მხრიდან, საკუთარი იდენტობის და თვითმყოფადობის შენარჩუნების შესახებ, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც საქართველოს სომეხთა სათვისტომო მუშაობს. მათ მიერ გატარებული ძირითადი ღონისძიებები კი სხვადსხვა სახის კონფერენციებით, მრგვალი მაგიდით, სომხური ენის წერა-კითხვის შემსწავლელი კურსებით, მასწავლებლების გადამზადებით, სამცხე-ჯავახეთში ვიზიტით და ბეჭდური ორგანოს გამოცემებით შემოიფარგლება.
„სხვადსხვა პერიოდში, სხვადასხვა სახის სირთულეებს ვაწყდებით. ყველაზე დიდი პრობლემები მაინც განათლების კუთხით არსებობს. საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, საკუთარი ისტორია და კულტურა არ იციან. რაც გამოწვეულია სახელმძღვანელოების არ არსებობის გამო. წლებია გვესმის, საქართველოს განათლების სამინისტროსგან რომ, სახელმძღვანელოებს თარგმნიან, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.
გვრჩება შთაბეჭდილება რომ, არსებობს მიზეზი, რომელზეც არ ან ვერ საუბრობს ქართული მხარე. ჩვენ საკუთარი ძალებით ვცდილობთ, შევავსოთ პრობლემები. თუმცა, სამწუხაროა რომ, საქართველოში მცხოვრები სომხების ნება, გათვალისწინებული არ არის. ჩვენ ხშირ შემთხვევაში, იძულებულნი ვართ, პატივი ვცეთ არსებულ რეალობას. არადა, ერთმანეთის პატივისცემა, მოთმინებას სულაც არ ნიშნავს“, – ამბობს სანდრო ოჰანიანი.
ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც საქართველოს სომეხთა სათვისტომო მუშაობს, სომეხთა გენოციდია. სანდრო ოჰანიანი მიიჩნევს, რომ „სომეხთა გენოციდი, სომეხი ერის ისტორიის და აწმყოს ნაწილია. ის გარკვეულწილად მომავალთანაც არის დაკავშირებული. გარკვეულ კვალს ტოვებს ჩვენი ერის განვითარებაზე და ყოფაზე, რადგან პრობლემა აღმოფხვრილი არ არის და დღემდე დაუსჯელ დანაშაულად რჩება. მე ვფიქრობ, რომ გენოციდების, როგორც დაუსჯელი დანაშაულების პრობლემა, მხოლოდ სომეხი ერის ტრაგედია არ არის. ამიტომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რომ მსგავსი დანაშაული არ განმეორდეს.
უთანასწორობა დიდია და მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. ვაგრძელებთ მუშაობს იმ იმედით, რომ საერთო მომავალს ვაშენებთ“.
მზევინარ ხუციშვილი