Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ადგილობრივ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პრობლემა, აღნიშნული ჯგუფის მცდელობამ გამოიწვია, წინასწარი შეთანხმების გარეშე ტაძრის ეზოში სომხური ტრადიციული ქვის ჯვარი – ხაჩკარი აღემართათ.
ეკლესიის ტერიტორიაზე, 2015 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებს. არქეოლოგიური გათხრების დროს სხვა არტეფაქტებთან ერთად ტაძრის ეზოში საფლავები და მიცვალებულთა ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც დროებით წინასწარ გამოყოფილ ადგილას გადაიტანეს, სადაც მოსახლეობას წინაპრების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, ჯვრის აღმართვის სურვილი გაუჩნდა.
გაუგებრობას ხელი შეუწყო ტაძრის წარმომავლობის შესახებ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არა აქვს და მას ქართულად მიიჩნევს.
წინაპრების საფლავებისთვის პატივის მიგება სადავო არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ტაძრის ეზოში ქართველების, სომხების და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების საფლავები ერთადაა და მათთვის პატივის მიგება ყველას შეუძლია.
5 ოქტომბერს, ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ შეხვედრა გამართა საქართველოს სახელმწიფო შესაბამისი უწყებების, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ დაგეგმილ სხდომებზე აღნიშნულ საკითხს განიხილავენ და ურთიერთშეთანხმებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც სამართლებრივი და რელიგიური დატვირთვის გარდა, მორალური მნიშვნელობაც ექნება და ვითარების მშვიდობიანად მოგვარების მაგალითი გახდება.
მხარეებმა შეხვედრის შემდეგ, საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელეს და პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრისკენ მოუწოდეს.
“ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და პროვოკაცია, – დაუშვებელი. დავიცვათ ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართულ-სომხური მეგობრობა, გამოვიჩინოთ წინდახედულობა და წამოჭრილი საკითხები კანონიერების და ქრისტიანული სიყვარულის გზით გადავწყვიტოთ.”
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატი