ინციდენტი კუმურდოში: ფაქტები და წინაისტორია

რატომ მოინდომეს სოფელ კუმურდოს მცხოვრებლებმა მე-10 საუკუნის ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა, რომელსაც ახლა პოლიცია იცავს და რესტავრაციის პროცესშია, და რა მოხდა 30 სექტემბერს?

როგორ დაიწყო 30 სექტემბერის მოვლენები კუმურდოში
სოფლის მოსახლეობა ეკლესიის ეზოსთან დილიდან შეიკრიბა, რათა ტაძრის ტერიტორიაზე გადასვენებულ სამარხებზე ხაჩქარი დაედგათ. დაახლოებით 30 ადამიანი პოლიციელებმა, ეკლესიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება და სამართალდამცავებთან მათი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე გამოიყვანეს სპეცრაზმი. დაპისპირების შედეგად დაზარალდა 4 პოლიციელი და სოფლის რამდენიმე მცხოვრები. საქართველოს შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აღძრა, რაც პოლიციელებზე თავდასხმას, სხვისი საკუთრების დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

რატომ სურდა ხალხს ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა

2015 წლის აგვისტოში, როდესაც კუმურდოს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო, პარალელურად დაიწყო არქეოლოგიური გათხრები იმ ადგილებზე სადაც ადგილობრივების სამარხები იყო. კუმურდოში ადრე ამ ადგილას წარჩინებულ ადამიანებს, ბავშვებს ან მოუნათლავებს კრძალავდნენ. სოფლის მცხოვრებლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ გათხრების გამო და ძვლები სხვა ადგილას გადაასაფლავეს.

თუმცა, უკვე აღდგენითი სამუშაოების დასაწყისში მოსახლეობას შეატყობინეს, რომ ეკლესია ისე აღდგებოდა, რომ საფლავებს განადგურების საფრთხე არ დაემუქრებოდა. ამ პირობით, რესტავრაცია 2016 წლის ივლისში დაიწყო და სოფლის მოსახლეობაც კმაყოფილი იყო.

თუმცა, რესტავრაციის დროს ტაძრის ტერიტორიიდან ისევ დაიწყეს სამარხების გაწმენდა, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, ისინი მოითხოვდნენ სამუშაოების შეჩერებას, რათა მათი წინაპრების ძვლები არ განადგურებულიყო.

სოფლის მოსახლეობის თქმით, 43 ტომარა ძვალი მოაგროვეს და სხვა ადგილას გადაასაფლავეს. 30 სექტემბერს, მათ უნდოდათ ამ საფლავზე ხაჩქარის დადგმა.

დეზინფორმაცია, რომელიც მედიაში გავრცელდა

30 სექტემბერს, საქართველოს შსს-მ კუმურდოში გავრცელებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა”, ნათქვამია განცხადებაში.

ეს განცხადება მედიაში გავრცელდა, თითქოსდა ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიის აღდგენის წინააღმდეგია და მათ ეზოში შესვლა რესტავრაციის სამუშაოებისთვის ხელის შეშლის მიზნით სურდათ, რაც არ შეესაბამება რეალობას.

პრობლემის გადაჭრის მცდელობები ადრე

პრობლემის მოგვარების მიზნით, მაისში სოფლის მოსახლეობამ შეხვედრა გამართა სომხურ და ქართულ სასულიერო პირებთან. მაშინაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველ რიგში ტაძრის ტერიტორიაზე გაბნეული სამარხების პრობლემას მოაგვარებდნენ და ამ მიზნით დროებითი სამარხს ააშენებდნენ, რომ ძვლები წვიმისა და მზისგან დაეცვათ. ასევე, შეთანხმდნენ, რომ წერილობით მიმართავდნენ სომხეთისა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქებსა და შესაბამის ორგანოებს, რომლებიც ეკლესიის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებდნენ.

აღნიშნული თემა მივიწყებული იყო მანამ, სანამ სოფლის მოსახლეობამ 29 სექტემბერს საფლავზე ხაჩქარის დადგმა გადაწყვიტა.

რატომ გადაწყვიტეს ადგილობრივებმა ზუსტად ამ დღეს ხაჩქარის დადგმა და რატომ იყო ხალხის გამოჩენამდე იქ პოლიციელების ჯგუფი მობილიზებული – ჯერჯერობით უცნობია.

jnews.ge

Leave a Reply