Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არა ბაბლოიანი მიიღო.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და მრჩევლები ესწრებოდნენ, საუბარი საქართველო – სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას შეეხო, რომელიც უკვე მრავალ საუკუნეს ითვლის.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციამ შეხვედრისას მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოსთან ახალი თანამშრომლობის ფორმატები განიხილოს.
საუბარი შეეხო ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობებს და მისი განვითარების აუცილებლობას, ასევე კულტურული კავშირებისა და ტურიზმის განვითარების დინამიკასაც. მათ შორის განიხილეს რეგიონული პროექტები, რომელიც უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას.
აღინიშნა, რომ მიუხედავად სომხეთის ევრაზიული კავშირის წევრობისა და საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისა, აღნიშნულმა საკითხმა ხელი არ უნდა შეუშალოს ორივე ქვეყანას, გაუხსნან ერთმანეთს მეტი შესაძლებლობები. მხარეების განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა უნდა გააქტიურდეს და გაღრმავდეს.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც.