Latest posts by Aliq Media (see all)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) შეისწავლა თბილისში სომხური ტაძრის – “შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ”-ის მახლობლად მიმდინარე მშენებლობის საკითხი. TDI მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონის უხეში უგულვებელყოფით. არსებული პრობლემა წარმოაჩენს სახელმწიფოს გულგრილ დამოკიდებულებას რელიგიური ღირებულების მქონე კულტურული მემკვიდრეობისადმი.
დღესდღეობით, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია[1] (შემდეგში სომეხთა სამოციქულო ეკლესია) სახელმწიფოსგან ითხოვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ექვსი ტაძრის საკუთრებაში დაბრუნებას. ეს ეკლესიები უფუნქციოდ არის დარჩენილი და „სადავო ტაძრებად“ მოიხსენიებიან, რამდენადაც მათზე საკუთრების პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ხუთი ტაძარი თბილისში მდებარეობს, ერთი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
„შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ – კარმინ ავეტარან“ (წითელი ხარება, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია) მე-18 საუკუნის ძეგლია, რომელიც თბილისში, ავლაბარში, ფერისცვალების 21 ნომერში მდებარეობს. 1989 წლის მიწისძვრის შედეგად ის ნაწილობრივ ჩამოინგრა და მნიშვნელოვნად დაზიანდა. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ცნობით, ეკლესიის შეკეთება/რესტავრაცია დღემდე არ განხორციელებულა, რის გამოც არსებობს ტაძრის სრულად ჩამონგრევის რეალური საფრთხე. ეკლესიას 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, ნაგებობა მდებარეობს თბილისის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრებში, რაც სამართლებრივი დაცვის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.[2]
ტაძრის კედლის გვერდით (დაახლოებით 4-5 მეტრში) წამოწყებულია მშენებლობა, რომელიც უხეშად უგულვებელყოფს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დადგენილ ნორმებს.
მიმდინარე მშენებლობა:
- საფრთხეს უქმნის სავალალო მდგომარეობაში მყოფ სომხურ ეკლესიას და მისი სრულად დანგრევის მაღალ რისკს შეიცავს;
- ხელს უშლის ეკლესიის ვიზუალურ აღქმას და ამცირებს მის მნიშვნელობას. უგულვებელყოფს ისტორიული გარემოს არქიტექტურულ მახასიათებლებს.
ეკლესიის გვერდით სამსართულიანი ინდივიდუალური სახლის მშენებლობა 2016 წლის 5 დეკემბერს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.[3] (იხ.TDI-ის მიერ გადაღებული ფოტო მასალა).სამშენებლო საქმიანობა წარმოებდა მძიმე ტექნიკის დახმარებით, შედეგად გამოწვეულმა ძვრებმა კი საფრთხე შეუქმნა ტაძრის სიმყარეს. ქვაბულის ამოღებისას მთლიანად განადგურდა კულტურული ფენები.
ეკლესიის სიახლოვეს გამოვლინდა აგურით ნაგები კედლების უკვე დაშლილი ფრაგმენტები, რიყის ქვით ნაგები კედლების ნაშთები და კერამიკის ფრაგმენტები, რაც მოწმობს წარსულში მიწის ქვეშ გარკვეული კონსტრუქციის არსებობას.თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანახმად, დაზიანების შემდეგ, მისი შეფასება/შესწავლა შეუძლებელი გახდა.[4]
TDI-ის პოზიციით, წარმოქმნილი საფრთხეების მიმართ პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოები ზედაპირულ და გულგრილ დამოკიდებულებებს იჩენენ.
TDI-სთვის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (სატელოფონო საუბრით) მიწოდებული ინფორმაცის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ არ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები კულტურული ძეგლისათვის მიყენებული ზიანის შესახებ. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, მერიის ზედამხედველობის სამსახურს მშენებლობის შეჩერება არ მოუთხოვია.
ნებართვის გაცემისას უგულვებელყოფილი არსებითი გარემოებები
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”[5] ითვალისწინებს დამცავი ზონების განსაზღვრას, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან.
ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით.
ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება მარტივად – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შამხორეცოცის ეკლესია დაზიანებამდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესია იყო, მისი დაცვის ზონა, რომელიც მას ავტომატურად ენიჭება, საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილი კრძალავს ფიზიკური დაცვის არეალში ყოველგვარ საქმიანობას, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას.
გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფიზიკური დაცვის ზონის გარდა, ვიზუალური დაცვის ზონითაც სარგებლობს. ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. შამხორეცოცის ეკლესიისათვის ვიზუალური დაცვის არეალი, კანონის შესაბამისად, 300 მეტრის რადიუსია. ასევე, კულტურული მეკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მშნებელობის ნებართვის გაცემისას დარღვეულიაკუტურული მეკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლი; უგულვებელყოფილია კულტურული ძეგლის როგორც ვიზუალური, ისე ფიზიკური დაცვის არეალები.
შამხორეცოცოს ეკლესია, ასევე ექცევა თბილისის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის[6] საზღვრებში, რაც კიდევ უფრო ამკაცრებს ზონის საზღვრებში მშენებლობის ნებართვის მოპოვების წესსა და პირობებს. კერძოდ, კულტრურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 37-ე მუხლი მხოლოდ გამონაკლისის სახით უშვებს აღნიშნულ ზონაში მშენებლობას: თუ სამშენებლო ობიექტი ენაცვლება მწვავე, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობას, ნაგებობას ან საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელს ან თუ აუმჯობესებს დეგრადირებულ ურბანულ ქსოვილს.
ისტორიული განაშენიანების ზონაში მიმდინარე აღნიშნული მშნებელობა არ აკმაყოფილებს კანონის ამ დანაწესს, არ ენაცვლება მწვავე ავარიულ მგომარეობაში მყოფ ისტორიულ ღირებულებას მოკლებულ შენობას და არც დეგრადირებული ურბანული ქსოვილის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პირიქით, მშენებარე ობიექტს, საკუთარი არქიტექტურული მახასიათებლებით და ძეგლთან სიახლოვით, დისონანსი შეაქვს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში.
ამასთან ერთად, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ისტორიულად ჩამოყალიბებულ ქუჩათა ქსელის შეცვლა, გაფართოება, ნიშნულების ამაღლება, დაწევა ან სხვა ცვლილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი გეგმარებითი და მეცნიერული დასაბუთების საფუძველზე, ისტორიულ იერსახესთან მაქსიმალური მიახლოვებით.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების მასალების შესწავლით დგინდება, რომ ისტორიული განაშენიანების ზონაში მიმდინარე მშენებლობას არ ახლავს კანონით დადგენილი დასაბუთება – მშენებლობის ნებართვის გაცემას წინ არ უძღოდა არქეოლოგიური ზედამხედველობა, რაც დაადასტურდა კიდეც გათხრების ეტაპზე აღმოჩენილმა კულტურულმა ფენებმა. მიუხედავად ამისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობი დაცვის საბჭოს ურბანული მემკვიდრეობის სექციამ ეკლესიის გვერდით მშენებლობის შესახებ დადებითი შეფასება გასცა 2014 წლის 2 თებერვალს.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქმედებები, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, უგულვებელყოფს როგორც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონს, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის მატერიალური კანონიერების სტანდარტებს:
ადმინისტრაციულს-სამართლებრივი აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს;
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღოს მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
ახალი მშენებლობისა ან არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ზემოქმედების გამოკვლევა და შეფასება. დამგეგმარებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება.[7]
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მიერ მშენებლობის ნებართვის გასაჩივრების ფაქტ ბრივი შეუძლებლობა
საქართველოს კანონმდებლობა აქტის გასაჩივრების საშუალებას მხოლოდ მას აძლევს ვისაც კანონიერი ინტერესი აქვს აღკვეთოს ან თავიდან აირიდოს ადმინისტრაციული აქტით (ამ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა) გამოწვეული ზიანი.
ვინაიდან “შამხორეცოც სუბ ასტვაწაწინ”-ის ეკლესია სახელმწიფოს ბალანსზეა, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას არ გააჩნია ბერკეტი სამართლებრივ დონეზე მოითხოვოს ეკლესიის დაცვა ან/და თავად უზრუნველყოს მისი მოვლა-პატრონობა. სომეხთა სამოციქულო ეკლესია მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს ეკლესიის გვერდით მიმდინარე მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობას.
მიუხედავად ამისა, სომეხთა სამოციქულო ეკლესია ცდილობს “შამხორეც სუბ ასტვაწაწინ”-ის გადარჩენას. მათ, საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს თბილისის მერიას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.
ამ უკანასკნელმა, TDI-ის წერილის[8] საფუძველზე, მიმართა[9] ქ.თბილისის მერიას, აღნიშნული საკითხის შესწავლის თხოვნით. ამასთან, მიიჩნია რომ მშენებლობის ფარგლებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები (არქეოლოგიური ობიექტის გამიზნულად თუ გაუფრთხილებლობით დაზიანება, განადგურება). უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტომ ქ. თბილისის ზედამხედველობის სამსახურს 2017 წლის 8 თებერვალსაც მიმართა წერილით[10], დაინტერესებულიყო ისნის ქუჩაზე #18 ში მიმდინარე სავარაუდო უკანონო მშნებლობით, თუმცა ამ ფაქტს რეაგირება არ მოყოლია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ მოუწოდებია TDI-ისთვის ინფორმაცია, საქმეზე დაწყებულია თუ არა გამოძიება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, TDI მოუწოდებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა საიმნისტროს, დროულად დაიწყოს ობიექტური და ეფექტური გამოძიება კულტურული მემკვიდრეობს ძეგლზე მიმდინარე უკანონო ზემოქმედების ფაქტზე.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მოუაროს და დაიცვას ავარიულ მდგომარეობაში არსებული ძეგლი; შეიმუშაოს მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები; დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს ინფორმაცია კულტურულ ძეგლზე განხორციელებული უარყოფითი ზემოქმედების თაობაზე;
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, შეაჩეროს მშენებარე ობიექტი, რომლის მშნებლობის ნებართვაც კანონის დარღვევით არის გაცემული;
ქალაქ თბილისის მერიას, არქიტექტურის სამსახურსა და კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს, საჯაროდ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია და სამართლებრივი დასაბუთება აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობს ძეგლის გვერდით მშნებლობის ნებართვის გაცემის კანონიერების თაობაზე;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და შენარჩუნება, მისი სისტემატიური შემოწმება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხელყოფის აღკვეთა.