Latest posts by Aliq Media (see all)
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დასრულებულ მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ ერანოსიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 8 წელია კრივის მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს მედალი არ ჰქონია. (2009 წელს ბრინჯაოს პრიზიორი კობა ფხაკაძე გახდა), იუწყება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ჰამბურგიდან დაბრუნების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ოთარ ერანოსიანს, კრივის ფედერაციის პრეზიდენტ დავით წიკლაურს, პირად მწვრთნელთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ერანოსიანმა პირველი დაპირისპირება ყაზახ ადილეტ კურმეტოვს მოუგო, შემდეგ კი ინდოეთის წარმომადგენელი შივა ტაპა ჩამოიცილა გზიდან. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, ერანოსიანმა უზბეკი ელნურ აბდურაიმოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, რადგან წესების მიხედვით ნახევარფინალში გასული მოკრივე წაგების შემთხვევაში მესამე ადგილზე გადის.
ერანოსიანმა ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან, კუბელ ლასარო ალვარესთან წააგო. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფავორიტად შერაცხულ ლასაროსთან ქართველმა კარგად იასპარეზა და მეტოქეს ტოლი არ დაუდო, თუმცა მსაჯებმა უპირატესობა მსოფლიოს ჩემპიონ კუბელს მიანიჭეს.