Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში, დილიჯანში სომხეთ-საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსების ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობას დაახლოებით 40 სომეხი და ქართველი შემსრულებელი იღებდა, მათ შორის, კომპოზიტორები და ერევნისა და თბილისის კონსერვატორიის და სხვა მუსიკალური სასწავლებლების სტუდენტები.
ფესტივალი დილიჯანში ოთხ დღეს გაგრძელდა. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე შეასრულეს ცალკეული კონცერტები და დადგეს ერთობლივი სპექტაკლები.
სომხეთის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ არამ სათიანმა განაცხადა, რომ მუსიკა ორივე ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს.
“მათ, ვინც მომავლის ხიდი უნდა ააშენონ ახალგაზრდები არიან. მათ უნდა შექმნან ახალი სომხურ-ქართული ურთიერთობები. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხელოვნების გზა ყველაზე სწორი გზაა ხალხის გულისა და სულისკენ”, – აღნიშნა სათიანმა.
ფესტივალის მიზნებსა და სომხურ და ქართულ კულტურათა დაახლოების შესახებ ისაუბრა სომხეთის კულტურის მინისტრმა არმენ ამირიანმა.
“ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა სომეხ-ქართველი კინემატოგრაფების ფორუმი, რომელიც გაიმართება გიუმრი-ახალქალაქი-თბილისი-ერევანში. კინო, მუსიკა თუ ხელოვნების სხვა სახეობები უნდა იყოს ორ ხალხს შორის კონტაქტების ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმები”, – აღნიშნა მინისტრმა.