Latest posts by Aliq Media (see all)
ერთი შეხედვით, ევროკავშირში უვიზო რეჟიმმა ახალქალაქის მოსახლეობას შორის დიდი ენთუზიაზმი ვერ გამოიწვია, თუმცა ქალაქში ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 10% არ ემხრობა ევროპაში შესვლას, დანარჩენი კი მომხრეა და აპირებს ევროპაში მოგზაურობას.
ახალქალაქში, ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებობს აზრი, რომ ეკონომიკურ-სოციალური კავშირებიდან გამომდინარე, მათთვის უვიზო რეჟიმი რუსეთთან უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ვიდრე ევროპის ქვეყნებთან.
Jnews-მა ახალქალაქში გამოკითხვა ჩაატარა, რომ გაერკვია მოსახლეობის რა რაოდენობა იყენებს ან აპირებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გამოყენებას. გამოკითხვაში შემთხვევით გამვლელებმა მიიღეს მონაწილეობა. გამოკითხული რესპონდენტებიდან 16 ევროპაში გეგმავს მოგზაურობას, 7 წავიდოდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მიდის, 3-ს წასვლა უნდა თუმცა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია რა საბუთები სჭირდება. გამოკითხულთა მხოლოდ 3-მა რესპონდენტმა უპასუხა, რომ კატეგორიულად არ ემხრობა ევროპასთან უვიზო მიმოსვლას.
უმრავლესობა სამოგზაუროდ იმ ადგილებს ირჩევს, სადაც მათი მეგობრები და ახლობლები ცხოვრობენ. ახალქალაქელების უმეტესობას, რუსეთში წასვლა ურჩევნია, რადგან იქ ნათესავები ჰყავთ და ენაც გასაგებია.
ახალქალაქელებისთვის ევროკავშირი ჯერ კიდე შორი პერსპექტივაა. მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია უვიზო მომოსვლისა და მისი სარგებლის შესახებ. ამ ეტაპზე, რეგიონში არსებული დაბალი სოციალური ფონისა და მაღალი უმუშევრობის გამო, ზოგადად, მოგზაურობის მოტივაციად სამუშაოს პოვნა რჩება, შესაბამისად, მათთვის რუსეთი ნაცნობი და ხელსაყრელი დანიშნულების ადგილია.