Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისი ყოველთვის კულტურათა გადაკვეთის ადგილი იყო და XIX საუკუნის მეორე ნახევარში, 1856 წელს, თბილისის კოლორიტულ უბანში, ავლაბარში, გევორქ ჩმშკიანის ინიციატივა – ჩამოეყალიბებინა სომხური თეატრი, არავის გაკვირვებია. მითუმეტეს რომ, თბილისში დაიბადა და მოღვაწეობდა, ცნობილი სომეხი მწერალი და დრამატურგი გაბრიელ სუნდუკიანი, რომლის პიესების პერსონაჟები, მაშინდელი თბილისის კოლორიტებს წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ, ალბათ არ არსებობს ქართული თეატრი, რომელსაც გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“არ დაუდგამს.
„თბილისის სომხური თეატრი, საქართველოს თეატრია სომხურ ენაზე, ეს არის საქართველოს კულტურის ერთ-ერთი ნაწილი და მე ამით ვამაყობ. გარდა იმისა, რომ თეატრი ქართულ-სომხურ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მეგობრობის ხიდია, ყველა დიდი სომეხი მსახიობი და რეჟისორი, სწორედ აქ აღიზარდა და შემდეგ წავიდა სომხეთში.
ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური თეატრი, ჩვენი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის მსახიობმა ისაკ ალიხანიანმა ჩამოაყალიბა. მან გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“ დადგა, სადაც პეპოს როლს თავად თამაშობდა. ასე დაიწყო, ერევანში სახელმწიფო თეატრმა არსებობა. მსახიობი ისაკ ალიხანიანი თბილისში დაბრუნდა, თეატრმა კი გააგრძელა არსებობა. ერევნის თეატრი 90, ჩვენი თეატრი კი 160 წლის არის“, – ამბობს თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი.
თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი, ერთადერთი პროფესიონალური თეატრია, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებს. თეატრს სახელმწიფო სტატუსი 1921 წელს მიენიჭა. ავლაბარში ქეთევან წამებულის 8 ნომერში კი, 1936 წელს დამკვიდრდა, სადაც სტაბილურად ხდებოდა სპექტაკლების წარმოდგენა. თეატრის სცენაზე გაცოცხლდა შექსპირის, ცნობილი ევროპელი და რუსი დრამატურგების პიესები. თეატრის განვითარებაში სომეხ მოღვაწეებთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. სომხური თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი მსახიობები, ეს თანამშრომლობა დღესაც გრძელდება.
„დღემდე თეატრში წარმოდგენილია, როგორც ქართველი და სომეხი რეჟისორების სპექტაკლები, აგრეთვე რუსი და ევროპელი კლასიკოსების ნაწარმოებები.
ამასთან, სომხური თეატრი, ყოველთვის ქართულ ხელოვნებას ემსახურებოდა. ჩვენ ვმეგობრობთ ქართველ რეჟისორებთან. ისინი, ხშირად ესწრებიან ჩვენს სპეკტაკლებს. გვყავს ქართველი მაყურებელიც“, -ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
არსებობის 160 წლის განმავლობაში თეატრმა რევოლუციებს, ომებს, ხელისუფლებათა ცვლას, ეკონომიკურ კრიზისებს, უშუქობას, უამრავ სხვა პრობლემას გაუძლო და თავისი მაყურებლისთვის არასდროს უღალატია. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნე-ნახევრის განმავლობაში თეატრმა ბევრი ცვლილება განიცადა: შეიცვალა სახელწოდება, დასში იცვლებოდნენ გვარები, იცვლებოდა რეპერტუარი, თამაშის სტილი, აღინიშნებოდა თეატრის საიუბილეო თარიღები, პრემიერები, უცვლელი მხოლოდ მაყურებლისა და დასის სიყვარული და ერთგულება რჩებოდა. მაგრამ შვიდი წლის წინ, შენობის ავარიულობის გამო, თეატრი შენობის გარეშე დარჩა.შენობის, რომლის კედლებსაც, ბევრი სიხარული და ტაში ახსოვს.
2010 წელს თეატრში შესულმა სეისმოლოგიურმა კომისიამ მოულოდნელი დასკვნა დადო. თეატრის შენობაში მისი ავარიულობის გამო, აიკრძალა სპექტაკლების გამართვა და მაყურებლის შესვლა. თეატრის ყველა თანამშრომელს მიეცა რეკომენდაცია, შეეწყვიტა მუშაობა, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. საძირკველში დაგროვილი წყალი, ძირს უთხრის შენობას. თითქმის ყველგან ჩამოინგრა ჭერი და შენობის დაბზარული კედლები ყოველ წუთს შეიძლება ჩამოიშალოს.
„შენობა ავარიულია და თეატრში მძიმე სიტუაციაა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია შენობის მარჯვენა მხარე. შენობის აშენების შემდეგ, მხოლოდ 90-იან წლებში გაკეთდა უმნიშვნელო რეკონსტრუქცია. ფუნდამენტური რემონტი არ ყოფილა. ამიტომ, საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებით, იმ თეატრებს შორის, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, სომხური თეატრიც შევიდა. უკვე შედგენილია ძალიან რთული პროექტი, რადგან ყველა კედელი უნდა აღდგეს და გამაგრდეს. რისთვისაც გვინდა დიდი მადლობა ვუთხრათ, საქართველოს კულტურის მინისტრს და „ქართუ ჯგუფს“, – ამბობს თეატრის დირექტორი ლუიზა ხაჩატუროვა.
თბილისის სომხური თეატრის შენობა, თითქმის შვიდი წელია დახურულია, თეატრი მაყურებლის გარეშე იყო დარჩენილი, თეატრის სცენაზე არ იმართებოდა პრემიერები, ამ კედლებში არ ისმოდა ტაშის ხმა, თეატრი მაინც აქტიურად მუშაობდა. თეატრის ყველა თანამშრომელი საკუთარი სიცოცხლის ფასად, მაინც მუშაობდა. თეატრის რეპერტუარი წელიწადში ექვსი პრემიერით იზრდებოდა.
„მუდმივი გასტროლები, როგორც საქართველოში ისე, მის ფარგლებს გარეთ, ნაქირავები თეატრების სცენა – ასეთი იყო თეატრის შვიდწლიანი ცხოვრება. მიუხედავად ამისა, არ შეგვიწყვეტია მუშაობა. აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას სხვადსხვა თეატრალურ ფესტივალებში და არაერთი ჯილდოც მოვიპოვეთ.
თუმცა, მსახიობებს, ჩვენ ყველას გვენატრება საკუთარი სახლი – ჩვენი თეატრი, მშობლიური სცენა. თქვენ სხვის სახლში ისე დაიძინებთ, როგორც საკუთარ სახლში?
მაგრამ ახლა, უკვე იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რემონტის შემდეგ, ჩვენ მაყურებელს აუცილებლად დავიბრუნებთ, ახალ მეგობრებსაც შევიძენთ და თეატრის შესასვლელთან, ისევ უამრავ ადამიანს ვნახავთ. გვიხარია რომ, ახალგაზრდებს, თეატრის მომავალ თაობას საკუთარი სახლი ექნება. იცით, საკმარისი არ არის, გქონდეს სომხური თეატრი, ის თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს“, – ამბობს არმენ ბაიანდურიანი.
მზევინარ ხუციშვილი