Latest posts by Aliq Media (see all)
ასპინძის რაიონის სომხური სოფელი დამალა სხვადასხვა ტრადიციული კერძების მომზადებით და თაობიდან თაობაზე მათი რეცეპტების გადაცემით არის ცნობილი.
ჯავახეთის ამ მრავალფეროვან სოფელში, სადაც მოსახლეობა 1828 წელს დასახლდა, დღემდე ისეთ კერძებს ამზადებენ, რომლებიც მოსახლეობას ერზრუმიდან ემიგრირებული წინაპრებისგან გადაეცა. დამალელები, ჯავახელებისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან.
დამალაში თითქმის ყველას სახლის ეზო ვაზით და სხვადასხვა ყვავილებით არის დამშვენებული. ვენერა ბებო შეეცადა ადგილობრივი სამზარეულოს კერძები გაეცნო ჩვენთვის. მის ეზოში, გაზქურაზე „კორკოტის“ სუპი იხარშება.
კერძი სახელწოდებით „სრმდუმ“ მხოლოდ სოფელ დამალაში მზადდება. მას წინასწარ თხელ ნაჭრებად დაჭრილი და გამხმარი გოგრით, ნივრით და მაწვნით მიირთმევენ.
„მე ამ კერძების მომზადება ბებიაჩემისგან ვისწავლე. ჩვენი წინაპრები ბევრ კერძებს ამზადებდნენ, რომლებზეც შეიძლება ითქვას, ერზრუმის კერძებია, რადგან ჩვენ ერზრუმიდან ჩამოსახლებულები ვართ. ტრადიციულ კერძებს დღემდე ვამზადებთ იგივე რეცეპტით და არაფერი არ შევცვალეთ, სახელებიც კი იგივეა…“ – jnews.ge-თან საუბარში აღნიშნა სოფელ დამალას მცხოვრებმა, 68 წლის ვენერა საჰაკიანმა.
კერძების სახელები საკმაოდ უჩველოა, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი განმარტებები. სხვადასხვა გემოს კომბინირებით სამზარეულოში დაგხვდებათ ტკბილისა და მჟავეს, ცხარესა და მარილიანის ლამაზი შეხამება.
დამალაში ტრადიციულ კერძებს მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტით ამზადებენ.
„ჩვენ კერძებში მხოლოდ სახლში დამზადებულ და სასარგებლო საკვებს ვიყენებთ: ხორბალს, სიმინდს, ლობიოს, კარტოფილს, ქლიავს, გოგრას და ხორცს. ჩვენ ვთესავთ, ვამუშავებთ და ბოლოს ტრადიციულ კერძებს ვამზადებთ“ – თქვა ვენერა ბებომ.
დიასახლისი, ვენერა ბებო უკვე 51 წელია რაც გათხოვილია და ქმართან ერთად სომხური ტრადიციული ოჯახის მაგალითს გვიჩვენებს არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ადამიანურ ურთიერთობებშიც.