Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქში უკევ ვეღარ მოისმენთ ისტორიებს, სადაც რძალს ლანძღავენ იმის გამო, რომ გოგო გააჩიანა და არა ბიჭი. თუმცა, სტრეოტიპი იმის შესახებ, რომ ვაჟის შეძენა სიამაყეა, ხოლო ქალიშვილის – უბრალოდ ოჯახის შევსება, ჯერაც არსებობს.
არაქსიას სამი გოგო ჰყავს. როდესაც ოჯახში მისი ორსულობის შესახებ შეიტყვეს, რა თქმა უნდა ყველას სურდა, რომ ბოლოს და ბოლოს ოჯახში ვაჟი გაჩენილიყო. თუმცა, როდესაც დედამ გაიგო, რომ ისევ გოგო ეყოლება, ოჯახის წევრებს დაუმალა, რათა ხელოვნური გზით ორსულობის შეწყვეტა არ მოეთხოვათ. ამ საიდუმლოს გამო არაქსიმ მთელი ორსულობა დაძაბულობაში და შიშში გაატარა. ისევ გოგონა დაიბადა და ოჯახის ბედნიერებად იქცა.
მსგავსი ისტორიები, შინაგანი ტრაგედიითა და შიშით, უამრავია. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ იძულებით გაკეთებული სელექტიური აბორტების რიცხვმა, შედარებით იკლო.
jnews.ge მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ახალქალაქში ლიბერალური დამოკიდებულება აქვთ ბავშვის სქესთან მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში ვინც კი გაბედა კამერის წინ საუბარი, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ბავშბვის სქესს, მაგრამ უმეტესობა კამერას გაურბოდა.
ჰასმიკ აივაზიანს 3 შვილი ჰყავს, მართალია ისინი უკვე ზრდასრული ადამიანები არიან, მაგრამ დედისთვის ისინი ყოველთვის ბავშვებად რჩებიან.
„ორი ქალიშვილის შემდეგ ვაჟი შეგვეძინა. რაც არ უნდა მომხდარიყო მე ვაჟი უნდა გამეჩინა, სულაც რომ მეათე ბავშვი ყოფილიყო. ჩვენი სომხური ტრადიციების თანახმად, ოჯახში ვაჟი აუცილებლად უნდა იყოს. ახლა ახალგაზრდები სხვაგვარად ფიქრობენ , მაგრამ ჩვენ დროს ყველა ამბობდა, რომ ბიჭი უნდა გამეჩინა. ჩემი აზრით ბავშვის გაჩენა ისედაც სასწაულია და ორივე სქესი მნიშვნელოვანია“ – ამბობს ჰასმიკ აივაზიანი.
სამველ სტამბოლციანი ახლად დაოჯახებულია. მას უკვე გოგო ჰყავს, თუმცა ის ფიქრობს რომ ვაჟის ყოლა აუცილებელია.
„ვაჟი, როგორც მამაკაცი, მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდით გიდგას. ბიჭები გვჭირდება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი არსებობა“ – ამბობს სამველ სტამბოლციანი.
კარინე გალსტიანისთვის, ის რომ გვარის გამგრძელებლი ვაჟია, ფაქტი სულაც არ არის.
„გათხოვების შემდეგ გოგოებს გვარის შენარჩუნება შეუძლიათ. მომავალში თუ სომეხს გაყვება ცოლად, გვარს გააგრძელებს. მე ორი ქალიშვილი მყავს და ძალიან კმაყოფილი ვარ“ – ამბობს კარინე გალსტიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელიწადში საშუალოდ 450-520 ბავშვი იბადება. მცირე უპირატესობით, მაგრამ ბიჭი უფრო ხშირად ჩნდება. მუნიციპალიტეტში 2010-2011 წლებთან შედარებით შობადობა 30-40% გაიზარდა.
ახალქალაქის ჰოსპიტალის მენეჯერის, ალექსან ტონოიანის თქმით, ბავშვის სქესთან დაკავშირებული დამოკიდებულება ბოლო 3-4 წლის განმავლობაში შეიცვალა, ახლა მთავარი ისაა, რომ ოჯახში ბავშვი იყოს, ხოლო სქესს მნიშვნელობა არა აქვს.
„პირველ რიგში ეს იმით აიხსნება, რომ ადრე ულტრაბგერითი აპარატები არ იყო, რომელიც ნაყოფის სქესის გაგების საშულებას მოგვცემდა, ხოლო ახლა ეს შესაძლებელია, და ისინი ამისთვის მზად არიან. ჩვენთან უკვე ამასთან შეგუებულები მოდიან. ჩვენ მძაფრ მომენტებს ვერ ვხედავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მამრობითი სქესის ბავშვის ყოლას სომხურ ოჯახში დიდი მნიშვნელობა ენიჭება“– ამბობს ახალქალაქის ჰოსპიტალის მენეჯერი.