Latest posts by Aliq Media (see all)
დამალა – ასპინძის რაიონის ყველაზე დიდი სომხური სოფელია. 81-წლის წინ აშენებული კულტურის სახლი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მცხოვრებლებისთვის, განადგურების ზღვარზეა.
დაახლოებით 300 ადამიანზე გათვლილი დარბაზი, სადაც ერთ დროს სხვადასხვა კონცერტები და ღონისძიებები იმართებოდა, ახლა საშიშ ზონად გადაიქცა, აქ რაიმეს კეთება, სარისკოა.
„სოფელში ვდგამთ საბავშვო წარმოდგენებს. რეპეტიციებს სკოლაში ვატარებთ და მხოლოდ ღონისძიების დღეს ადიან ბავშვები კულტურის სახლის სცენაზე. ჩვენ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, კულტურის სახლის გარემონტების თაობაზე, მაგრამ დღემდე არ მიგვიღია პასუხი“ – jnews.ge-ს ჟურნალისტთან საუბარში თქვა სოფელ დამალას კულტურის სახლის ხელმძღვანელმა, ვარსენიკ საჰაკიანმა.
კულტურის სახლის შენობის უკანა ნაწილი, რომელიც თავის დროზე კულისებს წარმოადგენდა, ახლა ნანგრევებად გადაიქცა, ხოლო სახურავი ნახვრეტებისგან, ბადეს დაემსგავსა. სოფლის მცხოვრებლები ხუმრობით ამბობენ, რომ მათი კულტურის სახლი ძალიან რომანტიკული ადგილია, განსაკუთრებით წვიმის დროს.
Jnews.ge-ს თქმით, მათი ვიზიტის დროს კულტურის სახლის სცენაზე საცეკვაო ჯგუფის რეპეტიციები მიმდინარეობდა და მათ საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ ინგრევა სცენის იატაკი ბავშვების მოძრაობების დროს. „შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ სცენა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამონგრეულიყო“ – ამბობს კორესპონდენტი.
სოფელ დამალას მცხოვრებლები ადგილობრივი მმართველობისგან პასუხის მიუღებლობით იმედდაკარგულები, კულტურის სახლის გასარემონტებელ სხვა გზებს ეძებენ. მათ უკვე მიმართეს საქველმოქმედო ფონდებს, თუმცა იქიდანაც ჯერ არანაირი პასუხი არ მიუღიათ.