Latest posts by Aliq Media (see all)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში” გამარჯვებული გიორგი ტუმასიანი გახდა.
21-მა კონკურსანტმა სამი შესარჩევი ეტაპი გაიარა. მესამე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა კომისიის წინაშე წარმოადგინეს საჯარო გამოსვლა თემაზე „Challenges facing youth on national and international level – similarities and differences”. გამარჯვებული ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროგრამას „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში” საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს.
შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება.
2012-2016 წლების საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაეროში არიან: გიორგი ჭეხანი, თორნიკე ზურაბიშვილი, ლაშა შაყულაშვილი, მარიამ სიხარულიძე, თათია დოლიძე.