Latest posts by Aliq Media (see all)
7 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ჯგუფური გამოფენა „ფერთა ბიბლიოთეკა“ გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი და სომეხი მხატვრების – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ერევნის სამხატვრო აკადემიის რექტორების, პროფესორების: გია გუგუშვილის და არამ ისაბეკიანის, ასევე, ახალგაზრდა თაობის მხატვრების – მარიამ გუგუშვილის და არტურ ოვანესიანის ნამუშევრები.
„ფერთაბიბლიოთეკა“ წარმოადგენს სახელოვნებო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის და მეგობრობის პროექტს. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, გამოფენა ერთის მხრივ გააღრმავებს საუკუნეთა სიღრმიდან მომავალი ქართველებისა დასომხების მეგობრობას; მეორესმხრივ კი, გამოკვეთს კიდევ ერთ, განსხვავებულ, თამამ ძიებას, განაახლებს იმ ტრადიციულ პროცესს, რომელსაც ქართულ–სომხური მხატვრული სკოლა ქმნიდა.
გამოფენაზე თითოეულმა მხატვრმა თემატურად განსხვავებული ტილოები წარმოადგინა.
გამოფენის გახსნის ცერემონიაზე არამ ისაბეკიანს თბილისის ახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. გია გუგუშვილმა კი ერევნის სამხატვრო აკადემიის რექტორისგან საჩუქრად არამ ისაბეკიანის მამის მიერ შესრულებული ნახატი (ტილო) მიიღო.
გია გუგუშვილი
1971 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახ. ხელოვნების კოლეჯი, კვალიფიკაცია მხატვარ–ფერმწერი–პედაგოგი. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახ. სამხატვრო აკადემია, კვალიფიკაცია მხატვარ–ფერმწერი. 1977-2004 წლებში მუშაობდა თბილისის მხატვართა სახლში, როგორც სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; საქართველოს მხატვართა კავშირში, როგორც მხატვართა კავშირის მდივანი; საქართველოს ფოსტაში, როგორც ‘ქართული მარკის‘ (საფოსტო მარკა) დირექტორი. 2004-2006 წლებში იყო თსს აკადემიის პრორექტორი. 2006-2009 – იყო თსს აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი. 2013 წლიდან იგი აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორია, ხოლო 2015 წლიდან დღემდე – თსს აკადემიის რექტორია. გია გუგუშვილი მონაწილეობს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო, ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენაში. იგი სახელმწიფო პრემიის ლაურეატია (1994), და ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო არტ–სიმპოზიუმების გამარჯვებული: დუბაი (2007), ოსაკა (1987), ბულგარეთი (1986), „საუკეთესო მხატვარი” მოსკოვი (1984). 2014 წელს, ორგანიზაციამ „ქართული სული” მას გადასცა პრემია ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის. გიორგი (გია) გუგუშვილის ნამუშევრების ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში (ბათუმი), აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), ფონდში Christoph Merian Foundation ბაზელი, კოლექციაში „Norton and Nancy Dodge Collection of Nonconformist Art” ფილადელფია, აშშ, და ასევე, გალერეებსა და კერძო კოლექციებში საქართველოსა და უცხოეთში.
მარიამ გუგუშვილი
მარიამ გუგუშვილი დაიბადა 1990 წელს, თბილისში, მხატვრების ოჯახში. 2013 წელს მან დაამთავრა თსს აკადემია. სწავლის პერიოდში მარიამი გახდა კონკურსის „ოქროს კენტავრი” (მიუნხენი, გერმანია) მესამე ადგილის მფლობელი. 2010-2015 წლებში იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატრო აკადემიის იოსებ ჰიპის სახელობის თეატრში, 2015-2016 წლებში – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 2011 წლიდან იყო ისეთი კომპანიების გრაფიკოს–დიზაინერი, როგორებიცაა – „აჭარაბეთი“, „ლიბერთი ბანკი“, „ჰიპი” და სხვა. 2008-2012 წლებში მონაწილეობას იღებდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოფენებში; 2009 წელს –ს სტუდენტური ნამუშევრების გამოფენაში გალერეაში ARC Gallery. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო გამოფენაში „მე ვხედავ თითებით” (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო).
არამ ისაბეკიანი
არამ ისაბეკიანი დაიბადა 1952 წლის 26 სექტემბერს, ქ. ერევანში. 1976 წელს დაამთავრა ერევნის სახვითი ხელოვნებისა და თეატრის ინსტიტუტის ფერწერის მიმართულება. 1979 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ერევნის სახვითი ხელოვნებისა და თეატრის ინსტიტუტში. 1990 წელს იგი გახდა ასოცირებული პროფესორი, ხოლო 1992 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1982 წლიდან იგი გახდა სომხეთის და UNESCO –ს საერთაშორისო მხატვართა კავშირის წევრი. 1994 წლიდან დღემდე, იგი ერევნის სახ. სამხატვრო აკადემიის რექტორია. 1999 წელს მას გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოქროს მედალი. 2001 წელს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 10 წლის იუბილეზე, მას გადაეცა მედალი“Movses Khorenatsi”. 2002 წელს იგი გახდა ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის წევრი, და ასევე, მიენიჭა სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1976 წლიდან დღემდე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 200-ზე მეტ სახელმწიფო და საკავშირო გამოფენებში. მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა ერევანში, პარიზში, ალეპოში, კაიროსა და ლონდონში. მისი ნამუშევრები კი ინახება სხვადასხვა მუზეუმებში და საგამოფენო სივრცეებში (სომხეთის ეროვნული მუზეუმი, გალერეა Galerie Vieceli –პარიზი, ა.შ.), და ასევე, კერძო კოლექციებში.
არტურ ჰოვანესიანი
არტურ ოვანესიანი დაიბადა 1984 წლის 8 ივლისს ქ. ერევანში. 2007 წლიდან სომხეთის მხატვართა კავშირის წევრია. 2010 წლიდან მუშაობს ერევნის სახ. სამხატვრო აკადემიაში. მონაწილეობდა გამოფენებში – ნიუ–იორკი, ბოსტონი, მოსკოვი, ერევანი, სინგაპური, ბეირუთი, ვენეცია, ა.შ. 2006 წელს იგი დაჯილდოვდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიით. 2001 წელს დაამთავრა Terlemezyan –ის სახვითი ხელოვნების სახ. კოლეჯი. 2007 წელს დაამთავრა ერევნის სახ. სამხატვრო აკადემია. 2010 წელს მიენიჭა ხელოვნების ისტორიის დოქტორის ხარისხი.
შთაბეჭდილებები გამოფენაზე
გია გუგუშვილი:
„ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობები შორეული წარსულოდან იღებს სათავეს, ეს ურთიერთობები არასდროს დაიკარგება და ეს ფაქტი ძალიან მახარებს; მეჩვენება, რომ გამოფენის სათაურიც კი სიმბოლურია – ნებისმიერი ერის კულტურაში ხომ ყველაზე ძვირფასი საგანძური – ბიბლიოთეკაა.
გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობისას, საერთო დისკუსიების დროს ბევრი იფიქრეს თუ ცოტა – ჩვენი ინგლისელი კურატორები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ „Library of Colors” ზუსტად ასახავდა გამოფენის შინაარსს, ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია, რადგან ძალიან მოგვეწონა იდეა და თან ქართულადაც კარგად ჟღერს – „ფერთა ბიბლიოთეკა“; მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები შავ-თეთრ ფერებშია წარმოდგენილი, ვფიქრობ სათქმელი უფრო კარგად ამ ორი ფერის უერთიერთშერწყმით გამოვთქვი.
რაც შეეხება გამოფენას – იდეა გამოფენის მოწყობის შესახებ სომხური მხარის ინიციატივაა. თუმცა მასზე მუშაობა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა – ის წლებია იხვეწება. პირადად მე ამ ექსპოზიციისთვის ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი.
თბილისის შემდეგ გამოფენა ერევანში გადაინაცვლებს, შეიძლება ოდნავი სახეცვლილებით, მაგრამ დამერწმუნეთ იდეა არ კვდება.
რამდენიმე სიტყვას აქ წარმოდგენილ მხატვრებზეც ვიტყვი: არამ ისაბეკიანი – თანამედროვე სომხური მხატვრობის სახედ და ქართულ-საომხური ურთიერთობის ეტალონად შეგვიძლია მივიჩნიოთ. არტურ ოვანესიანი ძალიან ნიჭიერი, დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა მხტვარია, რაც შეეხება მარიამს – აღმოვაჩინე, რომ მას დღემდე კარგად თითქმის არავინ იცნობდა; მისი მხრიდან ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება – ვთვლი, რომ გამბედაობა იყო; ეს არის სახელმწოფო მუზეუმი, აქ მოწყობილი ნებისმიერი გამოფენა – ეს არის რეიტინგი, ეს მუზეუმი მსოფლიო დონის მუზეუმია და აქ, ამ კედლებზე მარიამის ტილოების გამოფენა, მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო.
და საუბრის ბოლოს მინდა გითხრათ, რომ სათაურმა გაამართლა. დამეთანხმეთ, რომ გამოფენა ძალიან ფერადი გამოვიდა. (რა თქმა უნდა ჩემს შავ-თეთრ ტილოებს არ ვგუულისხმობ. (იცინის – ნ.ჯ.)
და რაც მთავარია კმაყოფილი ვარ, კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ბატონ არამს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა; დამერწმუნეთ ასეთი ჯილდოს და დამსახურების მიღწევა ადვილი არ არის -ამ ყველაფერს დიდი შრომა და ნიჭი სჭირდება. თუმცა მისი ნიჭიერება სულაც არ მიკვირს – ის ცნობილი მხატვრების შვილია და ალბათ ისიც სიმბოლურია, რომ მათ ერთმანეთი თბილისის სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს და სასწავლებელი აქვე დაამთავრეს. სწორედ ეს უსაზღვრო სიყვარული და კულტურა აერთიანებს ჩვენს ხალხებს.
ის საჩუქარი კი რაც მე მივიღე – არამ ისაბეკიანის მამის მიერ შექმნილი ტილო, დღესვე დაამშვენებს თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმს – ნიშნად ორი ხალხის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობისა“.
არამ ისაბეკიანი:
„პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ რაც მე და გიამ ჩავიფიქრეთ, ასე კარგად გამოვიდა.
ჩვენი აკადემიების მეგობრობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. მარტო ის რად ღირს, რომ ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი თბილისის სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს (იცინის – ნ.ჯ.)
სიმართლე გითხრათ თავიდან მარტო ჩემი და გიას გამოფენის მოწყობას ვგეგმავდით, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შევცვალეთ და ამ პროცესში ახალგაზრდა მხატვრებიც ჩავაბით (ჩავრთეთ) – ცხადია მარიამს და არტურს ვგულისხმობ. ეჭვი ისედაც არ მეპარებოდა, მაგრამ ამ მოცემულობით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ: ჩვენი ხალხების ურთიერთობისთვის ძალიან მნშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში, ეს მათ უკეთ გაცნობის, ერთამენთთან დაახლოების საშუალებას მისცემს. ასე უფრო განმტკიცდება (გაღრმავდება) ორ ხალხს შორის უკვე დიდი ხნის მეგობრობა, რაც საუკუნეების მანაძილზე გვაქვს; ასე უფრო კარგად გაიცნობენ ისინი ერთმანეთის კულტურას. მინდა ამ ახალგაზრდული სულისკვეთებით მათ წინ, ერთად ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგან“.
მარიამ გუგუშვილი გია გუგუშვილის ქალიშვილია. გამოფენა „ფერთა ბიბლიოთეკა“ მის ცხოვრებაში პირველი სერიოზული გამოფენაა. მანამდე მარიამი უამრავ პროექტში იღებდა მონაწილეობას, იყო ჯგუფური გამოფენები სტუდენტებთან ერთად და ასევე გამოფენა, რომელშიც დედასთან ერთად მონაწილეობდა.
მარიამ გუგუშვილი:
„სპეციალურად ამ გამოფენისთვის შევქმენი სერია „მოგზაურობა“ , რომელიც ორი თემის ქვეშ ერთიანდება. ამ მოგზაურობაში იგულისხმება არამარტო სამყაროს აღმოჩენა, არამედ ჩემი შინაგანი სამყაროსიც. ჩემი ნამუშევრები, არის ჩემი ინტერპრეტაცია „ფერთაბიბლიოთეკაში“.
არტურ ჰოვანესიანი თბილისში პირველად არ იმყოფება, თუმცა პირველად ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად და პირველად იღებს მონაწილეობას გამოფენაში ჩვენს დედაქალაქში. მას ძალიან უყვარს თბილისი და ამიტომ ჩვენი ხშირი სტუმარია.
არტურ ჰოვანესიანი:
„ეს ჩემი პირველი გამოფენაა თბილისში და ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ ახლა ამ საგამოფენო დარბაზში ვდგავარ ასეთი ამაყი და ბედნიერი; ბედნიერი ვარ, რომ ჩემს უფროს კოლეგებთან: გია გუგუშვილთან და არამ ისაბეკიანთან ერთად ვიღებ ამ გამოფენაში მონაწილეობას. ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა გამეცნო მარიამ გუგუშვილი – დამწყები, ნიჭიერი მხატვარი. ბედნიერი ვარ იმიტომაც, რომ ჩვენ ორი მეგობრული ერი ვართ, ღრმა კულტურული ურთიერთობებით. სიმბოლური მეჩვენება, რომ დღეს აქ – ეროვნულ გალერეაში თანამედროვე დროის თანამედროვე, თუმცა ეროვნებით განსხვავებული მხატვრების მიერ შესრულებული სხვადასხვა სტილისა და თემატიკის ნამუშევრებია წარმოდგენილი, ეს ყველაფერი რაღაცნაირად ერთ მთლიანობას ქმნის და ორ მეგობარ ერს შორის არსებულ სიყვარულზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
გამოფენაზე სხვადასხვა თემატიკისა და სხვადასხვა დროის ნამუშევრები წარმოვადგინე, ჩემი ტილოები განსხვავებულ მოტივებზეა შექმნილი; გარდა ამისა, ნახატები ერთმანეთისგან ზომითაც განსხვავდება, მაგრამ ჩემს „ფანებს“ (თაყვანისმცემლებს) მინდა ვუთხრა, რომ დიდი მასშტაბი (ისეთივე დიდი, როგორიც ჩვენი ხალხების ურთიერთობაა) კომფორტს მიქმნის.
ორიოდ სიტყვა მინდა ქართველ დამთვალიერებელზეც ვთქვა – გამოფენის მსვლელობისას, რამდენჯერმე დავიჭირე საკუთარი თავი იმაში, რომ ყურადღებით ვადევნებდი თვალს ქართველებს და იცით რა დავინახე? ძალიან დიდი ინტერესი ჩემი ნამუშევრების მიმართ – ეს ძალიან მახარებს, რადგან მხატვარი ვარ და პირველი მოთხოვნა, რასაც საკუთარ თავს ვუყენებ, ისაა, რომ მინდა ვიყო საინტერესო.
არ შემიძლია ორიოდ სიტყვა არ ვთქვა ბატონ გია გუგუშვილზე – ის სულ ახლახანს გავიცანი და მიმაჩნია, რომ ძალიან მყუდრო, თბილი და კომფორტული ადამიანია. ეს თვისებები მის ყველა ნამუშევარში ჰპოვებს ასახვას.
რაც შეეხება მარიამს – სიცოცხლით სავსე გოგონაა, მხატვრობაში გამორჩეული მიდგომით – მე ასე დავახასიათებდი მას.
მოკლედ: მიყვარს თბილისი – ყოველი ჩამოსვლის დროს აქ ყველაფერი მაოცებს – აქ რაღაცნაირად სხვანაირი სული ტრიალებს – ქართული სული, აქ ყველა „ფერი“ ქართულია და ეს ძალიან მომწონს“.
გამოფენა „ფერთა ბიბლიოთეკა“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2017 წლის 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ავტორი: ნათია ჯავახიშვილი