“ივერია“ – ქართული სათვისტომო სომხეთში

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენს. აღნიშნული მონაცემები დაზუსტებული არ არის, ვინაიდან მოქალაეების დიდი ნაწილი არალეგალურად იმყოფება ამა თუ იმ ქვეყანაში, შესაბამისად, ისინი არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე.

ფინეთის, ნორვეგიისა და დანიის შემდეგ ქართველების ერთ- ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი დიასპორა სომხეთში არსებობს. იმ დროს როდესაც საქართველოში სომხური საუბრის მოსმენა არავის ეუცხოება, სომხეთის შესახებ იგივეს ვერ ვიტყვით.

სხვადასხვა კვლევების თანახმად 1990 წელს სომხეთში 1646 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა. 2015 წლის მონაცმებით, მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 40 897 შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, მათი უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია.

ალიქ მედია ეწვია „ივერიას“ – 1997 წელს ერევნში დაარსებულ ქართულ სათვისტომოს, სადაც მიუხედავად ორ ქვეყანას შორის სულ რაღაც 300 – კილომეტრიანი მანძილისა, ქართულ ენას, ცეკვასა და სიმღერას მონატრებული ახალგაზრდები და პედაგოგები ყოველ კვირას იკრიბებიან.

სათვისტომოში ძირითადად ახალგაზრდები დადაიან. ლუსინე ზაკალაშვილი, ერთ-ერთი გამორჩეული მათგანია. ის „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომაგდენელია, რომელიც კენჭს იყრიდა სომხეთის 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ალიქ მედიას შეკითხვას, თუ როგორია ქართული გვარის ტარება ისეთ მონოეთნიკურ ქვეყანაში როგორიც სომხეთია, ლუსინე ასე პასუხობს:

ლუსინე ზაკალაშვილი

„მე შემინიშნავს, რომ ხალხს უხარია და უკვირს კიდევაც ქართული გვარის გაგება და არ გადავჭარბებ თუ ვიტყვი, რომ საარჩევნო აგიტაციის დროს 30-მდე ადამიანი ქართულად გამესაუბრა“.

ლუსინე ამბობს, რომ გარდა იქ მცხოვრები ახლობლებისა, საქართველოსთან კავშირს ინარჩუნებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.

სათვისტომოს დაფუძნების ინიცატორი და პირველი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი, ფიზიკოსი – თინა ასათიანი, რომელიც 2005 წელს სვეტლანა ნამჩევაძემ ჩაანაცვლა. ქალბატონი სვეტლანა იმ ალმანახის ავტორი და რედაქტორია, რომელშიც ყველა სათვისტომოს პოეზია და პროზა 7 ენაზეა შესული. მისი თქმით, სათვისტომო აქტიური იყო იმ უსინათლო და ცივ წლებშიც. მაშინაც კი, ენთუზიაზმით ბევრი რამ გაკეთდა. სატვისტომოს ხელმძღვანელი მძიმე და ცივ წლებზე საუბრისას იხსენებს:

„სპიტაკის მიწისძვრის დროს წითელ ჯვარში ჩამოსულები იყვნენ ქართველები. ყოველ შაბათ – კვირას ჩვენ მივდიოდით, რაც საჭირო იყო ყველაფერი მიგვქონდა“.

„როდესაც სათვისტომოს საკვირაო სკოლისთვის ადგილი არ გვქონდა, ჩვენმა ყოფილმა ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რომელიც ძალიან კეთილი ადამიანია, საშუალება მოგვცა ყოველ კვირას საელჩოში ჩაგვეტარებინა გაკვეთილები. მან ჩვენთვის პიანინოც კი იყიდა. სამწუხაროდ ელჩის შეცვლის შემდეგ ასეთი საშუალება აღარ მოგვეცა. ხოლო ის წიგნები, რომლითაც ახლა სწავლობენ სათვისტომოში, თავის დროზე საქართველოს დიასპორის სამინისტრომ გადმოგვცა. მათ ასევე საცეკვაო კოსტუმები შეგვიკერეს“.

ფართის ძიებაში, ქართულმა სათვისტომომ თითქმის მთელი ერევანი მოიარა.“ბოლოს ,როდესაც ყველა სათვისტომოსთვის ცენტრი გაიხსნა, ჩვენც აქ გადმოვედით“ – ამბობს ქალბატონი სვეტლანა.

„ჩვენთან არაერთმა თაობამ ისწავლა ქართული წერა-კითხვა. სომხეთის მთავრობაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვეხმარება. საარსებო თანხას გვაძლევს “-ამბობს სვეტლანა ნამჩევაძე და ამატებს, რომ 2004 წლიდან სათვისტომო გაზეთსაც გამოსცემს. გაზეთი , 4 წელი თავიანთი რესურსებით , ახლა კი სომხეთის კულურის სამინისტროს დაფინანსებით იბეჭდება.                                                                                                                                                                                                 „გარდა არსებობისთვის გაცემული თანხისა გვაქვს ასევე 10 მილიონი დრამი, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. სხვათა შორის, ქართული სათვისტომო, მსგავსს ღონისძიებებზე თავისი ცეკვითა და სიმღერით ყოველთვის გამორჩეულია “– გვითხრა სათვისტომოს ხელმძღვანელმა.

“სათვისტომოს წევრები ძირითადად სომხეთში გათხოვილი ქალები არიან და ისინი, ვინც საქართველოდან არის ჩამოსული და ჩვენთან მეგობრობის სურვილი აქვს”. ხელმძღვანელის თქმით, სათვისტომოს წევრების რაოდენობა დაახლოებით 180 -ია მაგრამ მათგან ყველა არ არის აქტიური.

ალიქ მედიასთან საუბარში სვეტლანა ნამჩევაძემ აღნნიშნა რომ „ახალგაზრდებს ძალიან აინტერესებთ ქართული ენა და კულტურა, ისინი სათვისტომოს საქმიანობაში ხალისით არიან ჩართულნი. ვფიქრობ, ჩვენი პროპაგანდა ძლიერი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ – სომხეთი და საქართველო – მეზობელი ქვეყნები ვართ და მჭიდრო კავშირში უნდა ვიყოთ. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდა თაობა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობით გაიზარდოს“.

ალიქ მედიას შეკითხვაზე, ხედავს თუ არა პრობლემას ორ საზოგადოებას შორის, ქალაბტონი სვეტლანა ამბობს: „რა თქმა უნდა, პრობლემა არის, ზოგჯერ პროვოკატორებიც არიან, რომლებიც ცდილობენ გააფუჭონ ჩვენი ურთიერთობები. მაგრამ მგონია, რომ ეს ახალი არ არის, ეს ყოველთვის ასე იყო“.

Leave a Reply