Latest posts by Aliq Media (see all)
“ქართული ენა – მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ფარგლებში ქეთი ეფაძე, ერთი წლის განმავლობაში, სამცხე ჯავახეთში ქართულს ასწავლიდა.
ალიქ მედიასთან საუბარში მან გაიხსენა 2012 წელს სოფელ ბავრაში გატარებული დღეები, მასპინძელი ოჯახი, სადაც სომხური სიტყვები ისწავლა და კარტოფილის მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა.
ქეთი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჯავახეთში გატარებული ერთი წელი ისევ ამ რეგიონში მოიყვანდა.
„მაგისტრატურის დაფინანსების მიღება შესაძლებელი იყო ადგლიობრივი სკოლებიდან ერთ-ერთში ქართული ენის სწავლების გზით. “ქართული ენა – მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამით ჯავახეთში გატარებული ერთი წლის შემდეგ, ეს კარგ იდეად მომეჩვენა. თავიდან თავს ცოტათი იზოლირებულად ვგრძნობდი, სკოლის მოსწავლეებმა და განსაკუთრებით უფროსებმა, უცხოსავით მიმიღეს. თუმცა, სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა“.
ქეთი დღემდე თბილად ყვება საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლში მდებარე, სოფელი ბავრას მოსწავლეების შესახებ. ამბობს: „ხელებით ვცდილობდი ამეხსნა , რომელი სიტყვა რას ნიშნავს. ასე გაკვეთილი თამაშად იქცა, რაც ყველას სიამოვნებას გვანიჭებდა“.
„მახსოვს პატარა ბიჭი აშოტი, რომელსაც ვასწავლიდი. გაკვეთილის შემდეგ ეს ბავშვი ყოველთვის მიღიმოდა, ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ქართულად აზრს ვერ გამოთქვამდა. რაღაც პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ მან სპეციალურად ისწავლა, სტუმრად როგორ უნდა დავეპატიჟებინე. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და თბილ გარემოში ვესაუბრე მის მშობლებს…“
ქეთის აზრით, სახელმწიფო ენის პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას დიდ ბარიერებს უქმნის.
„მე ვასწავლიდი 1-6 კლასებში. 1-4 კლასის ჩათლით ბავშვები ენას ადვილად ითვესებდნენ, მე-4-ზე მაღალი კლასის მოსწავლეები, ნაკლებად მოტივირებულნი იყვნენ, ისინი ხშირად მეკითხებოდნენ: „რატომ უნდა ვისწავლოთ ქართული?“. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, ურთიერთობა გვქონდა რუსულ ენაზე, მათ არ იცოდნენ ქართული, მე კი სომხური“.
ქეთიმ შენიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად რუსულ ტელეარხებს ადევნებს თვალს. როდესაც მან იკითხა, ქართულ არხებს რატომ არ უყურებენ, მას აუხსნეს, რომ ქართული არხების საყურებლად 50 ლარი უნდა გადაიხადონ, ამის სააშუალება კი არ აქვთ.
ქართული ენის პედაგოგმა სცადა მოსწავლეებში სახელმწიფო ენის მიმართ ინტერესი გამოეწვია, კლასში შესვლისას სომხურად მიესალმა, რაზეც ბავშვებმა ქართულად უპასუხეს.
„ბარევ ძეზ, ბარი ლუის, შნორჰაკალუთიუნ…“,-ქეთის მიერ ნასწავლი სომხური სიტყვებია, ის ასევე აღნიშნავს, რომ ერთი წლის თავზე უკვე ბევრი რამ ესმოდა.
მასპინძელ ოჯახზე საუბრისას ქეთი ამბობს, რომ მას ნამდვილად გაუმართლა: „ძალიან განათლებულ ოჯახში ვცხოვრობდი. ოჯახის თავკაცი წლის დიდ ნაწილს, ფულის შოვნის მიზნით, რუსეთში ატარებდა. იძულებული იყო ოჯახი დაეტოვებინა. მე მათთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. ოჯახში იცოდნენ ყველა იმ სტერეოტიპის შესახებ, რომელიც სომხებსა და ქართველებს შორის არსებობდა. მოხარული ვარ, რომ სტერეოტიპების სანაცვლოდ, მხოლოდ პოზიტიური რამ ხდებოდა“.
ჯავახეთის ტრადიციებს ქეთი ამსგავსებს ქართულ ტრადიციებს და აღნიშნავს, რომ სამზარეულოშიცაა მსაგვსება:„მახსოვს ჯერ როცა ადგილთან შეგუებას ვცდილობდი, ოჯახის წევრებმა შემწვარი კარტოფილი მოამზადეს. კარტოფილი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, მთელი ჯავახეთის სამზარეულოშია გავრცელებული. იქ კარტოფილი ძალიან გემრიელია. გასაკვირი ისაა, რომ მე, თავიანთი მომზადებული ტყემალი შემომთავაზეს“.