Latest posts by Aliq Media (see all)
24 აპრილს, თბილისის სომხურ მართლმადიდებლურ ეკლესიებში სომეხთა გენოციდის, წმინდანებად შერაცხულ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტურგია ჩატარდა. ლიტურგიას ესწრებოდა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,სომხეთის დიპლომატიური მისიის სხვა წარმომადგენლები, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები.
ალიქ მედიასთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიბებეზე ისაუბრა.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქციის ჩატარების გეოგრაფიული მდებარეობა კი არა, პრინციპულია ის, თუ რამდენადაა ეს ეფქტური ნაბიჯი. მიზანი რას ემსახურება? თურქეთის საელჩოს წინ აქციის გამართვა – გასაგებია, საქართველოს პარლამენტის წინ გენოციდის აღიარების მოთხოვნით აქციაც, გასაგებია. მაგრამ, თავიანთი არსით ეს ორი განსხვავებული ღონისძიებაა. აქციის ჩატარების ადგილი დამოკიდებულია იმაზე თუ რას მოითხოვ.
ერთადერთი რაც მაკვირვებს, არის ხალხის რაოდენობა ეკლესიაში. წინა წლებთან შედარებით ის გაცილებით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა შემცირდა, ის საკმარისია რომ ეკლესიის ეზო შეავსოს.
მე მსმენია საუბრები იმის შესახებ, სად ჩატარებულიყო აქცია, თუმცა არაფერი მსმენია იმაზე, რომ საერთოდ არ ჩატარებულიყო.
ვფიქრობ, ღონისძიების სხვა ფორმატში ჩატარების შემოთავაზება, განპირობებულია სხვა მსხვილი სათვისტომოს აქტივობით, ესაა აზერბაიჯანული სათვისტომო, რომელიც კონტრ-აქციების ჩატარებას ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის კონფრონტაციის რისკებს ქმნის, რაც ხელსაყრელი არ არის არც აზერბაიჯანელების, არც სომხებისა და არც ქართველებისთვის“.
ალიქ მედიასთან საუბარში არნოლდ სტეფანიანმა აღნიშნა, რომ საკითხის სწორი აღქმისთვის, მასზე მუშობა მთელი წლის განმავლობაში უნდა მიმდინარეონდეს. მან ასევე აღნიშნა რომ: „საჭიროა აზერბაიჯანულ სათვისტომოსთან საუბარი და იმის ახსნა, რომ ეს არანაირად არ უკავშირდება აზერბაიჯანს და მითუმეტეს საქართველოს აზერბაიჯანულ სათვისტომოს“.