Latest posts by Aliq Media (see all)
„თბილისის მერიის გაფრთხილების მიუხედავად, სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მანიფესტაციები თბილისში აუცილებლად გაიმართება. 23 აპრილს, თურქეთის საელჩოს წინ , უკვე ტრადიციად ქცეული, ჩირაღდნებით მსვლელობა , ხოლო 24 აპრილს, საპროტესტო მანიფესტაცია მოეწყობა“– ალიქ მედიასთან საუბარში განაცხადა ღონისძიებების ინიციატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ თავმჯდომარემ, სამველ მკრტჩიანმა.
„მერია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს 24 აპრილს ქალაქის ცენტრალურ ადგილბში აქციის გამართვას, სატრანსპორტო შეფერხებების გამო“– აღნიშნა სამველ მკრტჩიანმა და დაამატა, რომ უკვე ტრადიციად ქცეულ მანიფესტაციებს პრობლემები არასდროს შეუქმნია.
„საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ მიმართვის საპასუხოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა განაცხადა:
„მშვიობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის მოსაწყობად შერჩეული ტერიტორიის მიმდებარედ არსებული გზის მონაკვეთი (ილია ჭავჭავაძის გამზირი) წარმოადგენს ერთ-ერთ ცენტრალურ საკვანძო სატრანსპორტო გზას, რომლის პერიმეტრზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს დედაქალაქში მცხოვრები უამრავი მოქალაქე. შესაბამისად, მსგავსი მშვიდობიანი აქციების ჩატარება ასეთ ცენტრალურ ადგილებში არ არის სასურველი. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შემთხვევაში, სატრანსპორტო მომსახურება შეიზღუდება ვაკის პარკის და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. შესაბამისად, მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩის, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და საბურთალოს მიმართულებით. ამის გამო, საგრძნობლად გაუარსედება მგზავრების მომსახურების კომფორტი. ყოველივეს დაემატება ისიც, რომ დარჩენილ მონაკვეთში მგზავრებს მოუწევთ საკმაოდ დიდი მანძილის ფეხით გავლა, როგორც დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, ასევე უკან წამოსასვლელად, რაც გამოიწვევს მათ სამართლიან უკმაყოფილებას“.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტყვისა და შეკრების თავისუფლება – საქართველოს
თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს და ამიტომაც,სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მანიფესტაციები, თბილისში თურქეთის საელჩოს წინ, 23 და 24 აპრილს აუცილებლად გაიმართება.
„ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან, უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც დახურულ სივრცეში, ასევე ღია ცის ქვეშ“, – საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 25.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ 10 წელზე მეტია თურქეთის საელჩოსთან ატარებს საპროტესტო აქციებს. თუმცა, 2016 წელს ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აქციის, ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარების შესახებ.
2016 წლის ამავე პერიოდში გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში და რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას გულისხმობდა.