Latest posts by Aliq Media (see all)
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“, თავისი კონსტიტუციური უფლებიდან გამომდინარე, თურქეთის საელჩოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.
„შარშანდელმა ფაქტმა, რომელმაც შეკითხვები გაუჩინა საზოგადოებას, გვაიძულა წარვდგეთ განცხადებით. მოქალაქეებმა თავისი უფლებები უნდა იცოდნენ. „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ უარს არ იტყვის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვაზე, რომლის უფლებაც მას კონსტიტუციით ენიჭება“-ალიქ მედიასთან საუბარში განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ საინფორმაციო განყოფილებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ალექსანდრე ოჰანიანმა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტყვისა და შეკრების თავისუფლება – საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს და ამიტომაც,
სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მანიფესტაციები, თბილისში თურქეთის საელჩოს წინ 23 და 24 აპრილს აუცილებლად გაიმართება.
„ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან, უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც დახურულ სივრცეში, ასევე ღია ცის ქვეშ“, – საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 25.
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად „საქართველოს სომეხთა სათვისტომომ“ თბილისის მერიას წინასწარ აცნობა სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ადგილის, დროისა და ფორმატის შესახებ.
|“ჩვენ, საქართველოში სომეხი ეროვნების მოქალაქეების წარმომადგენელი ორგანიზაცია – „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ – გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველო – ჩვენი სამშობლო და ამვე დროს სახელმწიფო, რომელიც სომხეთთან და სომეხ ხალხთან
კეთილმეზობლობისა და ძმობის მრავალათასწლეული ტრადიციით არის დაკავშირებული, არ გახდება მსოფლიოში ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სომხებს, გენოციდის წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ღონისძიებების გამართვა აეკრძალებათ”-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აღნშნული ორგანიზაცია 10 წელზე მეტია თურქეთის საელჩოსთან ატარებს საპროტესტო აქციებს. თუმცა 2016 წელს მიიღო გადაწყვეტილება აქციის ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარების შესახებ.
2016 წლის ამავე პერიოდში გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში და რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას გულისხმობდა.