Latest posts by Aliq Media (see all)
სამცხე-ჯავახეთის სომხურენოვან მოსახლეობას ევროინტეგრაცია არ აინტერესებს და რუსეთზეა ორიენტირებული, მიზეზი – ინფორმაციული ვაკუუმია, – აცხადებს ნინოწმინდის სათემო რადიო “ნორის” დირექტორი, არარატ თთთიანი. რა პრობლემებს აწყდებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, როგორ იმართება საინფორმაციო ნაკადები საზღვრისპირა რეგიონში, სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეთნიკური უმცირესობა წარმოადგენს, რამდენად უწყობს ფეხს გამოწვევებს სახელმწიფო უწყებები, – ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტს eugeorgia.info ესაუბრა.
არარატ თთთიანი: ძირითადი პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ევროკავშირთან დაახლოებით მიღებულ და მოსალოდნელ სარგებელზე. არსებობენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემაზე ტრენინგებს ატარებენ, ჩვენი რადიოს ეთერში საკითხს გადაცემების მთელი სერია მივუძღვენით, თუმცა, მოსახლეობას დიდად არ აინტერესებს.
ადგილობრივები, ძირითადად, სოფლის მეურნეობას მისდევენ, მოჰყავთ კარტოფილი, ან მეცხოველეობით არიან დაკავებული, თუმცა, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში არსებობისა და რეინვესტირებისთვის არ ჰყოფნით. ჩადებენ მიწაში ფულს, უცებ გაიხსნება თურქეთის ბაზარი, იაფფასიანი კარტოფილი შემოვა და ჩვენს პროდუქციაზეც ფასი ეცემა. მოსახლეობა სამ-ოთხ თვეს საკუთარი მეურნეობითაა დაკავებული, დანარჩენ პერიოდში კი – უმუშევარია. რეგიონში სამუშაო არ არის, სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი კომპანიები იშვიათად იმარჯვებენ, სხვა კომპანიები კი ადგილობრივებს არ ასაქმებენ.
ჯავახეთში უმეტესობას რუსეთში ნათესავები ჰყავს, მათი დახმარებით იქ საშოვარზე მიდიან.
ზოგადად, იდეის დონეზე, შესაძლოა, ხალხს კიდეც მოსწონს ევროინტეგრაცია, მაგრამ კონკრეტული სარგებელის მიღება სურს, მისი საქმიანობის ხელშემწყობ პროგრამებში მონაწილეობა, ასეთი პროგრამების არსებობის შესახებ კი არაფერი იცის.
ვიზალიბერალიზაციაზე აცხადებენ, რომ ევროპაში მაინც ვერ მოხვდებიან, ვერც იქ საკუთარ პროდუქციას გაყიდიან. ამიტომ რეგიონში მოსახლეობის ეთნიკური უმცირესობა, ორიენტირებულია რუსეთზე.
– მაგრამ ადგილობრივებს, უშუალოდ, პროდუქცია რუსეთში ექსპორტზე არ გააქვთ, ხომ?
არა, ელოდებიან, როდის ჩამოვლენ თბილისიდან შუამავლები და შეისყიდიან მათ პროდუქციას.
– არსებობს პროდუქტები, რომლებზეც ევროპაში დიდი მოთხოვნაა და, მათი მოყვანის შემთხვევაში, გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებენ, ვიდრე, თუნდაც, კარტოფილისგან, რომელიც არაკონკურენტუნარიანია იმპორტთან შედარებით, მაგალითად, კენკროვანი კულტურები და ა.შ.
ამ ყველაფრის თაობაზე მათ ინფორმირება ესაჭიროებათ, ამავე დროს, ფული, თუმცა, არც ერთი აქვთ და არც-მეორე.
– ევროინტეგრაციის სამინისტრო, ან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები თუ ჩამოდიან რეგიონებში, ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობების შესახებ?
იშვიათად, პრაქტიკულად, არა. კონკრეტულად, ევროინტეგრაციის სამინისტროდან, ბოლოს, როგორც მახსოვს, ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთი წლის წინ ჩამოვიდნენ. ამ შეხვედრებშიც, ძირითადად, ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს – როგორც წესი, შეხვედრები გამგეობაში ტარდება, რომლებსაც გამგეობის წევრები ესწრებიან, აგრეთვე იწვევენ რამდენიმე ფერმერს. რამდენიმეჯერ მუნიციპალიტეტიდან ევროპაშიც გაემგზავრნენ, გაეცვნენ სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებასა და თანამედროვე ტენდენციებს. თუმცა, დელეგაციებში კვლავ გამგეობის წარმომადგენლები იყვნენ. ჩვეულებრივი ფერმერი, რომელსაც მოჰყავს კარტოფილი, ან აწარმოებს ყველს, ინფორმაციულ ვაკუუმშია. მე, მაგალითად, რამდენიმე გლეხი დამიკავშირდა, რომელსაც აინტერესებდა თაფლის ევროპაში ექსპორტირების შესაძლებლობა, მაგრამ მე როგორ უნდა მიმეწოდებინა მსგავსი ინფორმაცია?! მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ მასთან ვინმე მივიდეს და სიახლეები გააცნოს.
არსებობს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი – ენობრივი ბარიერი, ჩვენ რუსული ენა ვიცით, ვეროპაში არავინ გვყავს, ვისთან წავალთ?
– მაგრამ ევროპაში უდიდესი სომხური დიასპორაა, რომელიც საკმაოდ ძლიერია და გავლენიანი..
მათთან, სამწუხაროდ, ჯავახეთის მოსახლეობას კონტაქტი არ აქვს.
– NDI და მსგავსი ორგანიზაციების კვლევების თანახმად, რეგიონის ეთნიკური უმცირესობის დიდი ნაწილი არათუ არ ინტერესდება, არამედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მაგალითად, ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგია, რამდენად ასახავს ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას კვლევები…
ხალხს ეშინია, რომ თურქეთის არმია შემოვა სამცხე-ჯავახეთში -ეს ისტორიული მეხსიერების ამბავია. სინამდვილეში, არ აქვთ ინფორმაცია, რომ ნატო აგრესიული ბლოკი კი არ არის, არამედ სამშვიდობო საქმიანობით შემოიფარგლება.
– რამდენად დიდია რუსეთის გავლენა სამცრე-ჯავახეთში?
საკმაოდ ძლიერია და, ძირითადად, ინფორმაციული ნაკადების ხარჯზე. მოსახლეობა რუსულ სატელევიზიო არხებს უყურებს, სადაც ცალმხრივად შუქდება ყველაფერი, ასევე სომხურ არხებს…
– ქართულ ტელევიზიას?
ქართული არხები არის, მაგრამ ინფორმაციების შინაარსი ენის უცოდინრობის გამო მოსახლეობისთვის მიუწვდომელია. ერთადერთი ქართული არხია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც გადაცემებს თარგმნის, მაგრამ კარგი ხარისხის თარგმანი არ არის და ხალხი მათი მოსმენით იღლება.
– არსებობენ თუ არა ჯავახეთში აქტივისტები, ჩრდილოვანი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რუსული პოლიტიკის გატარებას ხელს უწყობენ?
არა, მსგავსი ჯგუფები არ არის.
– მაგრამ არსებობს საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსეთის ჯავახური დიასპორა, რომელიც მსგავსი ტიპის აქტივობებში არის შემჩნეული…
სოციალურ ქსელებში ხანდახან დებენ გარკვეული ტიპის ინფორმაციას, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა დიდად არ კითხულობს.
– რაც შეეხება ენობრივ ბარიერს, ბოლო პერიოდში სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლას ემსახურება, რამდენად ეფექტურია ეს პროგრამები?
მოსახლეობა, ძირითიდად, სომხურენოვან სკოლებში დადის, თუმცა, ბოლო პერიოდში ამ სკოლებში ქართული ენის შესწავლას დიდი დრო ეთმობა, ამ მხრივ, დადებითი ტენდენცია ნამდვილად შეიმჩნევა. ახალი თაობა აქტიურად სწავლობს სახელმწიფო ენას და,. ვფიქრობ, ეს პრობლემა ნელ-ნელა, 5-6 წელიწადში გადაიჭრება, თაობების ცვალებადობაა საჭირო. 45-50 წლის გლეხებს, რომლებიც მინდორში მუშაობენ, ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა არ აქვთ და, ალბათ, არც არასდროს ისწავლიან. სამაგიეროდ, ახალგაზრდები ორიენტირებულნი არიან საზოგადოებაში ინტეგრაციაზე – უმაღლეს განათლებასაც, ძირითადად, უკვე საქართველოში იღებენ, რადგან სომხეთში სწავლა ბევრად უფრო ძვირია.
სტატია: eugeorgia.info.