Latest posts by Aliq Media (see all)
20 მარტს არცახში (მთიანი ყარაბაღი) დაიწყო ბლოგერების საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობს 30 ბლოგერი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (მათ შორის: რუსეთი, ლატვია, საფრანგეთი, ისრაელი, ბელორუსი, უკრაინა, იტალია, ჩეხეთი).
ფორუმის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „არცახკერტუმ“ და არცახის ჟურნალისტთა კავშირი. სააგენტო civilnet.am-ის ცნობით, ფორუმის მთავარი თემა არის კონფლიქტების ასახვა სოციალურ მედიაში და ბლოგერებისა და ჟურნალისტების თავისუფლების უზრუნვეყოფა.
არცახში ვიზიტის შესახებ თავის ბლოგში ცნობილმა რუსმა ბლოგერმა ანტონ ნოსიკმა დაწერა: „არსებობს მოსაზრება, რომ ვინც მთიან ყარაბაღში ჩადის, არღვევს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. მე ეს არ მანერვიულებს, რადგან აზერბაიჯანის, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნის არსებობას, ისტორიის უსიამოვნო შეცდომად ვთვლი. მსოფლიო რუკა, როგორც 1918 წლამდე არსებობდა ამ ქვეყნის გარეშე, ისევე შემდგომშიც შეეძლო დარჩენილიყო“.
ფორუმს ეხმაურება აზერბაიჯანული მედიაც, რომელიც შეგვახსენებს, რომ „აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი ბლოგერის, რუსეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქის ალექსანდრ ლაპშინის შემთხვევა ყველასთვის გაკვეთილი არ აღმოჩნდა, შესაძლოა აზერბაიჯანის იზოლატორში მყოფ მოწყენილ ლაპშინს მალევე მეწყვილე გამოუჩნდეს“.
სააგენტო civilnet.am-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანში ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ევროპარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მთიან ყარაბღში რეფერენდუმს აკვირდებოდნენ, ისინი თავს არიდებენ იმ ქვეყნებში ჩასვლას, რომლებთანაც აზერბაიჯანს დამნაშავეთა ექსტრადირების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ ალექსანრდ ლაპშინი წლების წინ ორჯერ იმყოფებოდა მთიან ყარაბაღში, თვეების წინ კი გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, რის შემდეგაც ოფიციალურმა ბაქომ ბლოგერის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მასზე საერთაშორიო ძებნა გამოაცხადა.
7 თებერვალს ბელორუსმა თავის ტერიტორიაზე დაკავებული ლაპშინის (რომელიც რუსეთის, უკრაინისა და ისრაელის მოქალაქეა), აზერბაიჯანში ექსტრადირება მოახდინა.