Latest posts by Aliq Media (see all)
ყოველ წელს სომხური სამოციქულო მართმადიდებლური ეკლესია 5 იანვრის საღამოს საშობაო ჭრაგალუიცისა და საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, ლიტურგიის შემდეგ, ბეთლემის ვარსკვლავისა და იესო ქრისტეს შობის გამოხატვის სიმბოლოდ მრევლმა ეკლესიებიდან ანთებული სანთლები წაიღო. 6 იანვარს კი სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
მსგავსად ყველა სომხური ეკლესიისა თბილისის წმინდა გევორგისა და წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიებში 6 იანვარს დილით ჩატარდა სადღესასწაულო ლიტურგია. ლიტურგიას მოჰყვა წყლის კურთხევა რომლის დროსაც წყალში ურევენ წმინდა მირონს. მსახურების შემდეგ ხალხს ნაკურთხი წყალი მიაქვს სახლებში.
თბილისში მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიძღვნილ ლიტურგიას ესწრებოდა მრავალი თანამდებობის პირი, რომლებმაც სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური წმინდა ეკლესიის მრევლს მიულოცეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებულ ხაზს უსვამს სომეხი ერის ღვაწლს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, „ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას, კეთილდღეობას თქვენს ოჯახებსა და ასევე ჩვენ ვეყანას. ჩვენი სახელმწიფო გააგრძელებს ენთუზიაზმით მუშაობას, რათა ქვეყნის ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა თავი იგრძნოს თანასწორი და დაცული“.
წმინდა გევორგის ეკლესიაში მყოფმა მინისტრმა აღნიშნა რომ, ადგილი სადაც ისინი იმყოფებოდენ მსოფლიოში არსებული გნსაკუთრებული ადგილებიდანაა სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს ამდენი რელიგიური და კულტურული ძეგლი.
სომეხ თანამოქალაქეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ვულოცავ ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.
საამაყოა, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ძმობა და მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. მჯერა, რომ ქართველები და სომხები სიყვარულითა და პატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას.
ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს“.
პრემიერმა თანამოქალაქეებს სომხურ ენაზეც მიულოცა თავისი ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით.
სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღება ასევე საქართველოს პრეზიდენტი ულოცავს. მოლოცვის ტექსტში ნათქვამია.
„გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.
სომეხთა და ქართველთა ძმობა იმავე ხნისაა, რამდენისაც ჩვენი ქვეყნების ისტორია. ფასდაუდებელია თქვენი გარჯა საქართველოს აღმშენებლობისა და განვითარებისათვის. აქ დაბადებული უამრავი სომეხი ხელოვანით, მეცნიერითა თუ საზოგადო მოღვაწით ჩვენ ისევე ვამაყობთ, როგორც თქვენი ისტორიული სამშობლო სომხეთი.
ვუერთდები თქვენ სიხარულს და გისურვებთ, რომ 2017 წელი ჯანმრთელობის, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“.