Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქში ტანსაცმლის ბაზრობაზე, ტანსაცმლით მოვაჭრეებისათვის პირობები არ გაუმჯობესებულა. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ სავაჭრო პირობების გაუმჯობესებას. ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნულის შესახებ, უარს აცხადებს, რადგან ადგილი, სადაც განლაგებულია ტანსაცმლის ბაზრობა, რეალურად არის საზოგადოებრივი თავშეყრის სკვერი.
დღეს, 12:00 საათზე, ბაზრობის 20 მოვაჭრე მივიდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რათა გამოეხატა პროტესტი ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. მათ უარი თქვეს პირობების გაუმჯობესებაზე. რამდენიმე დღის წინ ბაზრობის მოვაჭრეებმა დაწერეს განცხადება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თხოვნით, რომ 2017 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა მოვაჭრეების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სავაჭრო ადგილების კეთილმოწყობისთვის.
ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი განცხადებაზე მოვაჭრეებს არ მიუღიათ, მაგრამ, როგორც ბაზრობის მოიჯარე, ადამ აივაზიანი ამბობს, მათ სიტყვიერი უარი მიიღეს.
„უკვე რამდენი წელია გადასახადს ვიხდით. ნუთუ, მათ არ შეუძლიათ ჩვენთვის შექმნან ნორმალური პირობები ვაჭრობისთვის და ბაზრობა ყველა მხრიდან დახურონ? ამ ყინვაში ვდგავართ და ვვაჭრობთ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში თოვდა და ჩვენ მთელი დღე ვასუფთავებდით“, – ჩივის ირა მელკონიანი.
თავიდან მოვაჭრეები იდგნენ რაიონულ განყოფილებასთან, შემდეგ კი ორი მათგანი შევიდა ეკონომიკის განყოფილებაში, სადაც ყველა მათ კითხვას უპასუხა სამმართველოს სპეციალისტმა, ვაჰან ბატოიანმა.
„ჩვენ ვიცით, რომ თქვენ რთულ პირობებში გიწევთ მუშაობა. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ თქვენი სამუშაო პირობები და, რა თქმა უნდა, გადავიტანოთ ბაზრობა. ეს ადგილი უნდა იყოს პარკი, სანამ თქვენთვის სხვა ადგილს არ მოვძებნით. ხოლო პარკს ვერ კეთილმოვაწყობთ, რადგან გადასახადები, რომელსაც თქვენ იხდიდით, ბოლო წლების განმავლობაში შედის ბიუჯეტში, მანამდე ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა“, – თქვა ვაჰან ბატოიანმა.
საქმე ის გახლავთ, რომ მოვაჭრეებს არ უნდათ ადგილის შეცვლა.
„მე არ ვარ თანახმა სხვაგან გადასვლაზე. აქ ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელია. ამ ადგილას ვაჭრობისთვის კარგი პირობებია. მაღაზიებში საქონელი ძალიან ძვირია, ჩვენ ეს გვაწყობს“, – ამბობს გაიანე პალოიანი.
ხალხი, რომელიც 14 გრადუსიან სიცივეში დგას, ფულთან ერთად „შოულობს“ ავადმყოფობებსაც. არადა, ახალქალაქის პირობებში ეს იმ ადგილთაგანია, სადაც მოსახლეობის უმეტესობაა დასაქმებული.